ეროვნული ბანკი – აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 0.3 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 784.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.3%-ით, ანუ 0.9 მლნ აშშ დოლარით მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 50.77 მილიონი აშშ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია 49.29 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 42.55 მილიონი აშშ დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 25.37 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 22.35 მილიონი აშშ დოლარით.
წყარო: 1tv.ge