ინტერვიუს ავტორი: თეონა ჭანტურია
AprioriTV
15 წლის ბარბარე მანჯგალაძე მშობლებთან — ილო მანჯგალაძესა და ქეთევან ზამთარაძესთან — ერთად საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ლილში ცხოვრობს. ოჯახმა საქართველო მაშინ დატოვა, როდესაც ბარბარე 12 წლის იყო. საფრანგეთში ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოავლინა, რასაც ხანგრძლივი მკურნალობა და არაერთი ოპერაცია მოჰყვა. რთული გზა ოჯახისთვის საცხოვრებელთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების, საბუთების არქონისა და მუდმივი გაურკვევლობის ფონზე მიმდინარეობდა. დღეს ბარბარე საფრანგეთს სიცოცხლის გადარჩენას, უსაფრთხოებასა და განათლების შესაძლებლობას უკავშირებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ენა, ფესვები და ემოციები ყოველთვის ქართული დარჩება.
— დღეს რას ნიშნავს შენთვის საფრანგეთი?
— საფრანგეთი ჩემთვის, პირველ რიგში, სიცოცხლის გადარჩენის ადგილია. როდესაც აქ ჩამოვედით, თავშესაფარი მოვითხოვეთ და სამედიცინო დაზღვევა ავიღეთ. ექიმებთან რეგულარული ვიზიტების დროს აღმოჩნდა, რამდენად სერიოზული პრობლემები მქონდა ჯანმრთელობის მხრივ. რომ არა საფრანგეთი, ჩემი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. აქაურმა ძლიერმა სამედიცინო სისტემამ სიცოცხლე მაჩუქა.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ყოფნა ოჯახის ნაწილთან განშორების ფასად დაგვიჯდა, ამ ქვეყანამ უსაფრთხოება და მომავლის იმედი მომცა. თუმცა აქ დამკვიდრება იოლი არ ყოფილა. ტირილში გატარებული დღეები, უძილო ღამეები და პოლიციის შიში დიდ სტრესთან და ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული.
დაგეგმილი ოპერაციების პარალელურად საცხოვრებელთან დაკავშირებული სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობდა. თუმცა საბუთებისა და საცხოვრებლის არქონას ექიმების დამოკიდებულება არ შეუცვლია. პირიქით, მათი თანადგომითა და დაწერილი არაერთი სამედიცინო ცნობის დახმარებით ჩვენ სასამართლო პროცესიც მოვიგეთ. ეს მათი უანგარო და ფასდაუდებელი შრომის შედეგია — ისევე, როგორც ჩემი თითოეული წარმატებული ოპერაცია.
— სახლში რომელ ენაზე საუბრობთ?
— რა თქმა უნდა, ქართულად.
— ქართული ტრადიციებიდან რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი?
— ყველაზე მეტად საოჯახო დღესასწაულების ტრადიცია მიყვარს — ახალი წელი და აღდგომა, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით.
— რამდენად გრძნობ თავს ქართველად?
— თავს სრულფასოვან ქართველად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ვცხოვრობ და ამ ქვეყნის კულტურას დიდ პატივს ვცემ, ჩემი ფესვები, მენტალიტეტი, ენა და ემოციები ყოველთვის ქართულია. ეს არის ის, რაც არასდროს იცვლება.
— რა მოგწონს ყველაზე მეტად საფრანგეთში?
— ყველაზე მეტად ადამიანების სითბო, სიკეთე და სოლიდარობა მომწონს. აქ ძალიან ბევრი თბილი და კეთილი ადამიანი გავიცანით, რომლებმაც ჩვენს ოჯახს რთულ პერიოდში უანგაროდ გაუწოდეს დახმარების ხელი. რამდენიმე მათგანს თითქმის ოჯახის წევრად მივიჩნევ. ეს მხარდაჭერა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დაუვიწყარია. ამაზე მეტი რა უნდა იყოს, როდესაც უცხო ქვეყანაში ამდენ სიკეთეს გიკეთებენ?
ასევე ძალიან ვაფასებ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს ქვეყანა ახალგაზრდებს აძლევს, განსაკუთრებით — განათლების სისტემას.

— როდესაც საქართველოში ჩადიხარ, რას გრძნობ?
— სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოში გამგზავრებას ვერ ვახერხებ. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული და სევდიანი რეალობაა, რადგან მონატრების განცდა ყოველთვის ძალიან დიდია.
— როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე საფრანგეთში?
— ამ ეტაპზე ჩემი დღის ძირითადი ნაწილი კოლეჯს, ექიმებთან ვიზიტებსა და ოჯახს ეთმობა.
— რა პროფესიაზე ოცნებობ?
— წელს კოლეჯს ვამთავრებ. სექტემბრიდან სწავლას პროფესიულ სასწავლებელში, ლიცეუმში, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით გავაგრძელებ.
— მკურნალობის გზამ რა გასწავლა ცხოვრებაზე?
— მკურნალობის რთულმა გზამ მასწავლა, რომ ადამიანი იმაზე ძლიერია, ვიდრე თავად წარმოუდგენია. ძალიან რთული იყო იმ პროცესის გავლა, როდესაც ერთი სპეციალისტი მეორესთან გგზავნის, მეორე — მესამესთან და ეს წრე თითქოს აღარ სრულდება.
მიუხედავად ასეთი რთული დღეებისა, უდიდეს სითბოსა და მზრუნველობას ვგრძნობდი. თვალწინ მიდგას, როგორ მამხნევებდა სამედიცინო პერსონალი ყოველი ოპერაციის შემდეგ და ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი შეემსუბუქებინა. ხანდახან თავი სიზმარში მეგონა.
ამ ყველაფერმა სიცოცხლის, ადამიანობისა და თითოეული დღის დაფასება მასწავლა.
— მშობლების მხარდაჭერა შენთვის რას ნიშნავს?
— მშობლების მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფერია. ისინი ჩემი მთავარი საყრდენი, ძალა და მოტივაცია არიან. მათ გარეშე ამ გზის გავლა და ყველა იმ სირთულის დაძლევა, რაც უცხო ქვეყანაში გამოვიარე, შეუძლებელი იქნებოდა. ვიტყოდი, რომ მყავს მშობლები, რომლებსაც გმირობის ტიტულს მივანიჭებდი.
— რას ეტყოდი იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა მძიმე მკურნალობას გადიან?
— ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ და ყოველთვის ჰქონდეთ იმედი და რწმენა. მკურნალობა ძალიან რთულია, მაგრამ ეს დროებითი ეტაპია. უნდა სჯეროდეთ, რომ ძალიან ძლიერები არიან და ამ სირთულის გადალახვას აუცილებლად შეძლებენ.
— როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი — საფრანგეთში, საქართველოში თუ ორივე ქვეყანასთან დაკავშირებული?
— ჩემი მომავალი ორივე ქვეყანასთან კავშირში წარმომიდგენია. საქართველო ჩემი სამშობლოა — ქვეყანა, სადაც დავიბადე, გავიზარდე და სადაც ჩემი ოჯახის ნაწილი ცხოვრობს.
საფრანგეთი კი ის ადგილია, სადაც 12 წლიდან ვცხოვრობ, სრულიად უცხო ადამიანების საოცარი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი, გადავრჩი, განათლებას ვიღებ და პიროვნებად ჩამოვყალიბდი. ამიტომ ორივე ქვეყანას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
— თუ საქართველოს ყველა ბავშვისთვის ერთი სურვილის ან გზავნილის თქმა შეგეძლოს, რას ეტყოდი?
— ვეტყოდი, რომ დააფასონ ის, რაც აქვთ, იოცნებონ თამამად და იცოდნენ, რომ არცერთი სირთულე არ არის მუდმივი. მთავარი სიყვარული და ერთმანეთის გვერდით დგომაა.
#AprioriTV #ქართული_დიასპორა #ქართველები_საფრანგეთში #ბარბარე_მანჯგალაძე #წერილი_საფრანგეთიდან









