BREAKING

ინტერვიუ

ქეთი გურგენიძე – ბრძოლის გზა ემიგრაციაში: პროფესიული წარმატება და ცხოვრებისეული გაკვეთილები

ქეთი გურგენიძე – ბრძოლის გზა ემიგრაციაში: პროფესიული წარმატება და ცხოვრებისეული გაკვეთილები

ქეთი გურგენიძისთვის ემიგრაცია არ ყოფილა უბრალოდ ახალი ქვეყნის ათვისება – ეს იყო გზა, რომელიც სირთულეებითა და ბრძოლით დაიწყო, მაგრამ დაუღალავი შრომის წყალობით პროფესიულ წარმატებამდე მიიყვანა. საქართველოს დატოვება ოჯახური ვითარების გამო მოუწია, თუმცა მან იტალიაში არა მხოლოდ ფეხი მოიკიდა, არამედ დოცენტის სტატუსიც მოიპოვა და ინკლუზიური განათლების მასწავლებლადაც დამკვიდრდა. როგორ შეძლო მან სხვა ქვეყანაში საკუთარი პროფესიული გზის თავიდან დაწყება? რა გამოწვევები და დაბრკოლებები გადალახა? ინტერვიუში ქეთი გვიზიარებს საკუთარ ისტორიას, რომელიც ემიგრანტებისთვის შთაგონებისა და მოტივაციის წყაროდ შეიძლება იქცეს.

სანამ ემიგრაციაში წახვიდოდით, როგორ ისახავდით თქვენს პროფესიულ მომავალს საქართველოში?

– ჩემი პროფესიული მომავლის მიზნებზე საქართველოში ბევრის თქმა არ შემიძლია. მიზანი მქონდა, მაგრამ მის რეალურად ქცევა სხვა ქვეყანაში გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემს ქვეყანაში.

რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ?

– მთავარი მიზეზი იყო ჩემი მეუღლის სამსახურის დაკარგვა. ის მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც. კონტრაქტის დასრულების შემდეგ მას აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება. ჩემი სამაგისტრო გამოცდა უკვე ჩაბარებული მქონდა, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე სწავლა. სკოლაში სამუშაო ადგილი ჩემთვის არ არსებობდა. ასე რომ, ემიგრაციაში წასვლა ჩვენი ოჯახის ერთადერთი გზა იყო.

როგორი იყო ემიგრაციაში თქვენი პირველი ნაბიჯები? რამდენად რთული აღმოჩნდა ახალ გარემოსთან შეგუება?

– ადაპტაციის ეტაპი არ მქონია. ოჯახის დატოვების შემდეგ არც სირთულე მაშინებდა და არც შეგუება. უბრალოდ, ეს ორი გრძნობა ჩემში გაქრა. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა, და სიშორე გაცილებით მტკივნეული იყო.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ემიგრაციაში ჩამოსვლის შემდეგ შეხვდით?

– გაუსაძლისი სამსახური, რომელიც ძალას მმატებდა. ემიგრანტისთვის ია-ვარდით მოფენილი გზა არ არსებობს. ყველაფერი ბრძოლით უნდა მოიპოვო, ბევრი შრომით და წვალებით.

იტალიაში როგორ მოახერხეთ თქვენი პროფესიით დასაქმება?

– ექვსი წელი დამჭირდა იმის გასაგებად, რა მჭირდებოდა ამისთვის. მაღალი ქულები იყო საჭირო. როცა პირველად განათლების სისტემაში რეგისტრაციისას ეროვნების მითითება დამჭირდა, აღმოვაჩინე, რომ საქართველო სიაში არ იყო. მივწერე და ორი დღის შემდეგ დაამატეს. ამ გზის გავლის შემდეგ გავხდი დოცენტი და პედაგოგი.

როგორია თქვენი სამუშაო სკოლაში და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას?

– კლასში ყველა იმ საგანს ვასწავლი, რაც დაწყებით სკოლაში ისწავლება. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობაც მიწევს. ამ ბავშვებს ასისტენტებიც ჰყავთ, მაგრამ მათ განათლება არ აქვთ – კოოპერატივი აგზავნის.

რა გზა გაიარეთ სკოლის ტექნიკური და ადმინისტრაციული სფეროდან პედაგოგობამდე?

– ტექნიკურ და ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის პარალელურად ვიბრძოდი, რომ დოცენტის სტატუსი მიმეღო.

რატომ გადაწყვიტეთ სანიტრის კურსის გავლა?

– OSS კურსი წლების წინ გავიარე, რადგან ალტერნატიული პროფესია მჭირდებოდა. ეს გზა დამეხმარებოდა, თუ სკოლისკენ მიმავალი კარიერა მიუვალი აღმოჩნდებოდა.

რამდენად დიდი როლი ითამაშა თქვენს პროფესიულ განვითარებაში თქვენი მეუღლის მხარდაჭერამ?

– ძალიან დიდი. მას არასდროს შეპარვია ეჭვი, რომ შევძლებდი. 2008 წლის ომის ვეტერანის სიტყვები – “ეს ომია, რომელიც უნდა მოიგო” – როგორ გიბიძგებდათ წინსვლისკენ? – ეს სიტყვები წარმატების სურვილს მიმატებდა და მარცხის შიშს აქრობდა.

დღეს როგორ აფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით?

– არასდროს მინანია. მე შევძელი ის, რასაც ჩემს ქვეყანაში ვერ შევძლებდი. იტალია გაძლევს განვითარების საშუალებას, თუ ეს სურვილი შენშია.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ცდილობენ პროფესიულად განვითარდნენ უცხო ქვეყანაში?

– სწავლა ყველაზე ძვირფასი ინვესტიციაა. ემიგრანტობა შეიძლება იყოს იმედის გზა, მთავარია, როგორ გამოიყენებ მას. ყველა ემიგრანტი ქალი ჩემთვის გმირია.

ფიქრობთ თუ არა მომავალში საქართველოში დაბრუნებას და თქვენი გამოცდილების გამოყენებას სამშობლოში?

– საბოლოოდ დაბრუნებაზე ფიქრი შეუძლებელია. მე სახელმწიფო საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომელი ვარ და ამ სტატუსის დაკარგვა არ მინდა. მაგრამ, სადაც არ უნდა ვიყო, მე ქართველი ვარ და საქართველოსთან კავშირს არასდროს დავკარგავ.

AprioriTV-ს მიზანია, იტალიაში მყოფ ქართულ დიასპორაში შექმნას სურვილი პროფესიული და კულტურული განვითარებისკენ, გააძლიეროს ემიგრანტებს შორის კომუნიკაცია და ერთიანობა, მიაწოდოს მათ სანდო ინფორმაცია და შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ წინსვლას. პლატფორმა ცდილობს, ემიგრანტებს მისცეს ხმა, გააშუქოს მათი წარმატებები და გამოწვევები, რათა შექმნას ინსპირაცია ახალი თაობისთვის და ხელი შეუწყოს ქართული იდენტობის შენარჩუნებას უცხოეთში.

ინტერვიუ მოამზადა ხათუნა შარაძემ

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts