BREAKING

საზოგადოება

მსგავსება ფაროსანასა და ფარულ მტერს შორის – ფსევდომშვიდობიანი თანაარსებობის მეტაფორული განმარტება

ავტორი: ნადია ქარდავა

შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს მაგრამ… ადამიანური ურთიერთობები და სოციალური გარემო ხშირად აჩვენებს ისეთ მოვლენებს, რომლებიც მრავალი თვალსაზრისით ბუნებრივი სამყაროს მეტაფორულ ანალოგს წარმოადგენს. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, საინტერესოა შევადაროთ ადამიანი, რომელიც ფარული მტრის როლს იკავებს, და ფაროსანა – მწერი, რომელიც მცენარეულ სამყაროს უხილავად აზიანებს. მიუხედავად ერთი მათგანის ბიოლოგიური და მეორის ფსიქოლოგიურ-სოციალური ბუნებისა, მათ შორის ბევრი პარალელი იკვეთება.

მაშ ასე, შევადაროთ და საერთო მახასიათებლებიდან გამოვყოთ სამი მნიშვნელოვანი ასპექტი:

1) ფასადური სიმშვიდე

2) ფარული განზრახვა და

3) კოლექტიური მოქმედება

პირველად, განვიხილოთ ფასადური სიმშვიდე 👇 ფაროსანა გარეგნულად ჩვეულებრივი მწერია – არ იკბინება, არ ყვირის, არ ჩანს აგრესიული, ჩვენს გარშემო სადმე პატარა კუთხეში შეუმჩნევლად შეიძლება თანაარსებობდეს.

ფარული მტერიც ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავს, რომელიც  სანაცნობო წრეში ყველას შეიძლება გვყავდეს. გარეგნულად წყნარი ჩანს – არ ყვირის, არ ჩხუბობს, „თავისთვისაა“, კეთილშობილოს როლს თამაშობს.

შემდეგი საერთო მახასიათებლებია – ფარული განზრახვა 👇

ფაროსანა როცა საფრთხეს გრძნობს, და ხვდება მას რამე უახლოვდება, ღიზიანდება და  მძაფრ, უსიამოვნო სუნს გამოჰყოფს. მისი მთავარი მიზანი კი ჯანსაღი მცენარეების მოსპობაა.

ფარული მტერი როცა გხედავს შენ წინ მიიწევ, ვითარდები, რაღაცები მეტად გამოგდის და წარმატებას აღწევ ამას ვერ იტანს და  დაგროვილ ბოღმას ანთხევს – სარკაზმით, წყენით, ან მოულოდნელი აგრესიით. მისი სამიზნე ნებისმიერი მასზე წარმატებული ადამიანია.

მესამე ასპექტი – კოლექტიური მოქმედება👇

ფაროსანას ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა მისი კოლექტიური ყოფნა სივრცეებში. ხშირად ისინი არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ ჯგუფურად სახლდებიან ხეებზე, შენობებში – იმალებიან და ერთობლივად ქმნიან საფრთხეს.

ფარული მტერიც ზუსტად ასეთივე მექანიზმით მოქმედებს ადამიანურ ურთიერთობებში: იგი იკრებს შენს ოპონენტებს, ქმნის შიდა წრეს, სადაც სათითაოდ თითქოს უვნებელი წევრები საბოლოოდ ერთიან სტრატეგიულ ძალად გადაიქცევიან.

აქედან დასკვნა: 🤓

ორივე ეს შემთხვევა გვასწავლის სიფრთხილეს, დაკვირვებას და დროულ რეაგირებას. ფაროსანას კონტროლი მცენარეთა დროულ ინსპექციას, ბიოლოგიურ და ქიმიურ ზომებს მოითხოვს. ფარული მტრისგან თავის დასაცავად კი აუცილებელია ურთიერთობებში სიღრმისეული ანალიზი, ემოციური ინტელექტი და თვითშეფასების უნარი – ვიფიქროთ, ხომ არ ვემსგავსებით ჩვენც ხანდახან ფარულ მტერს?

დასასრულს კი, ამ ორ სრულიად განსხვავებულ რეალობას – ბუნებრივსა და ადამიანურს – ერთნაირი მექანიზმი აერთიანებს: ფარული, მაგრამ ძლიერ მავნე ზემოქმედება. სწორედ ამიტომ, ფაროსანას მსგავსად, ფარული მტერი მუდამ საჭიროებს ყურადღებას და დროულ რეაგირებას, თორემ, შედეგი შესაძლოა ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

მორალი: იყავი ადამიანი! ნუ იქნები ფაროსანა! 👌

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts