თეა ჭვრიტიძე რეჯო ემილიაში საკუთარი ესთეტიკური ცენტრის, ,,tea estetica avanzata”მფლობელია. იგი იტალიაში 2007 წელს ჩამოვიდა და როგორც ყველა ემიგრანტმა, რთული გზა გაიარა. თეა ასევე ორი შვილის დედაა. თეა საკუთარი პროფესიით მუშაობას საქართველოში გეგმავს, რადგან მისი თქმით, სამშობლო ძალიან ენატრება. თეა საკუთარ ისტორიას ,,აპრიორი ტივის” უყვება.
,,მიუხედავად იმისა რომ უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი თბილისში ფიზკულტურის მასწავლებლად და ვავარჯიშებდი ტაეკვონდოში კერძო ჯგუფს. ასევე გავიარე მასაჟის კურსები და ვმუშაობდი სქოლიოზის მქონე ბავშვებთან, ჩემი შემოსავალი მხოლოდ საარსებოდ მყოფნიდა. 6 წლიანი მუშაობის შემდეგ თუნდაც რომ ძალიან გული მწყდებოდა მიმეტოვებინა ჩემი საყვარელი მოსწავლეები და საქმიანობა მომიწია იტალიაში ჩამოსვლა. აქ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს რომ ჩემი აქტიური ცხოვრებიდან და თავისუფალებიდან გადავედი 24 საათიან, ოჯახში ჩაკეტილ ცხოვრებაზე. ამ ყველაფერს გავუძელი იმ იმედით რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ვიცოდი ენას როგორც კი შევისწავლიდი და საბუთს მივიღებდი შევცვლიდი ჩემი ცხოვრების სტილს. ავიღებდი მართვის მოწმობას, გავივლიდი კურსებს და ვიმუშავებდი გარე სამსახურში.
ორი წლის შემდეგ ჩემი დასვენების დღეს შევხვდი ჩემს მეგობარს რომელიც ესთეტიკის ცენტრში მიდიოდა საცდელ პროცედურაზე და მთხოვა გავყოლოდი. იქ მისულს პროცედურა მეც შემომთავაზეს და ასე გავიცანი ცენტრის მეპატრონე, ჩემი შვილების მომავალი მამა. რამოდენიმე თვეში საბუთი მივიღე, მალე სამამამთილოც გავიცანი რომლის დაჟინებითაც როცა გაიგო ჩემი პროფესია მასაჟისტის სპეციალობით დავიწყე მუშაობა.
სამწუხაროდ ჩემს მეუღლესთან ურთიერთობა ექვსი წლის შემდეგ დამთავრდა და დავრჩი ორი შვილით მარტო. ერთ წლიანი წვალების და სწავლის შემდეგ გავხსენი ჩემი ესთეტიკის პატარა ცენტრი. მაქვს სამი კაბინეტი, ორი გაქირავებული. მე პირადად სახის და სხეულის სხვა და სხვა პროცედურებს ვატარებ და ვაკეთებ თავის კანის დაფერვას გადაპარსულის ეფექტით ან შევსება ვისაც პრობლემა აქვს თხელი თმის. მიუხედავად იმის რომ ამ ტექნიკას უკვე ათი წელია რაც ვიყენებ გეტყვით რომ ჯერ ამ სფეროში ზრდა არ დამიმთავრებია, ახლო მომავალში ამერიკაში მივემგზავრები რომ კურსი გავიარო და მათი მეთოდიც შევისწავლო.იქ ძალიან ძლიერები არიან და სულ სხვა მეთოდით მუშაობენ.
მომავალის გეგმებზე კი გამოგიტყდებით და გვეტყვით რომ ჩემი მიზანია ეს ტექნიკა საქართველოში და კიდევ სხვა რამოდენიმე ქვეყანაში გავიტანო და შემსწავლელი კურსები ჩავატარო.
რატომ საქართველოში? პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა ჩვიდმეტი წელია დავტოვე და რაც წლები მემატება მით უფრო მაკლია ჩემი სამშობლო. ეს კი საშუალებას მაძლევს ხშირად ვეწვიო. მეორე მიზეზი უკვე წლებია სტატიკური ცხოვრებით ვცხოვრობ რაც ჩემს ხასიათში არ ჯდება, მაგრამ პატარა ბავშვების დედას ამის დათმობა მომიწია და ახლა ჩემი შვილები ისეთ ასაკში არიან და იმდენად დამოუკიდებელი ამის პრობლემა აღარ მაქვს. მესამე მიზეზი კი ის გახლავთ რომ იტალიასთან შედარებით ბიუროკრატიული თვალსაზრისით საქართველოში უფრო მეტი თავისუფლება და პერსპექტივაა, მეტი შესაძლებლობები გაქვს. აქაური სისტემა დამიჯერეთ საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით რომ ძალიან დამღლელია. “
,,რას ურჩევ ემიგრანტებს?” – ჩვენ თეას ამ კითხვითაც მივმართეთ. მისი თქმით, ემიგრანტები არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ ოჯახში მუშაობით, შეისწავლონ რომელიმე პროფესია და საკუთარი მიზნისკენ იარონ.
,,სიტყვაზე თუ შენი მიზანია რომ ბინა შეიძინო და იმიტომ ხარ აქ და დიდხანს არ აპირებ დარჩენას, შენი შემოსავალი სრულიად გადადე ბინისთვის და მხოლოდ ბინისთვის. თუ არ გინდათ რომ თქვენი ძვირფასი დრო არ დაკარგოთ ფული არც ოჯახის წევრებს არ გაუგზავნოთ თუ მაინცდამაინც წამლისთვის არ ჭირდებათ არ გაუგზავნოთ! თავს მაინც გაიტანენ. თქვენთვის ძვირად ღირებული ტანისამოსისგან თავი შეიკავეთ, მაგას ჯობია სანამ აქ ცხოვრობთ იმოგზაუროთ და დაათვალიეროთ იტალია, ვფიქრობ ასეთ ზღაპრულ ქვეყანას ბევრს ვერ ნახავთ.
ის ახალგაზრდები კი ვინც აქ დიდხანს აპირებთ ცხოვრებას ნელა ნელა შეცვალეთ თქვენი ცხოვრება ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ოჯახში მუშაობით, რაც კი თავისუფალი დრო გექნებათ თქვენს განათლებას დაუთმეთ. გაიარეთ სხვადასხვა კურსები. დაიწყეთ მცირედიდან ერთ დღიანი ან ორ დღიანი კურსიდან, მოიშორეთ მენტალური ბარიერები. ხშირად მიმიღია პასუხი “აბა როგორ შევძლებ ვმუშაობ,” შეუძლებელი არაფერია მთავარია სურვილი, ნამდვილი სურვილი. არ გეგონოთ მე ვინმე დამეხმარა, პირიქით ხშირად შენს საკუთარ მამაკაცს სურვილი არ ააქვს რომ შენ გაიზარდო როგორც პიროვნება და როგორც შენი საქმის პროფესიონალი, ამაშიც კი ბრძოლა მომიწია. მე თუ შევძელი თქვენც შეძლებთ.
იმათ კი ვისაც ზრდასრული შვილები გყავთ ნუ გაუგზავნით ფულს სისტემატიურად, ნუ უხშობთ ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობებს. გაუგზავნეთ ერთხელ და უთხარით რომ ეს პირველი და უკანასკნელია, საწყისისთვის დაგეხმარები შენ იდეა და რესურსები მოიძიე და შენი საქმე დაიწყე.
სტუდენტები კი თუ იმ დონეზე არ სწავლობენ რომ უფასოდ ისწავლონ მაშინ მათ იმდენი დრო რჩებათ რომ შეუძლიათ იმუშაონ, ასე სწავლასაც უფრო დააფასებენ. დღეს მათ თქვენ დალხენილ ცხოვრებას თუ შეუქმნით შემდეგ მათ თქვენს გარეშე მთელი ცხოვრება ძალიან გაუჭირდებათ”
მასალა მოამზადა ნინო ბოლაშვილმა