19 წლის მართა სამხარაძე 11 წლის იყო როდესაც ემიგრანტი გახდა. იტალიაში იგი ძმასთან ერთად 2016 წელს ჩამოვიდა. მისი მშობლები უკვე წლებია აქ ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა იხსნებს, რომ მისთვის ყველაზე რთული დედასთან და მამასთან დამშვიდობება და მათ გარეშე გატარებული წლები იყო. მაშინ ის მხოლოდ 6 წლის იყო. ,,ყველა ვტიროდით, შემდეგ კი თავი ძალიან მარტოდ ვიგრძენი მაგრამ ვიცოდი რომ მათთვის ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ჩემი მშობლები ჩემი უკეთესი მომავლისთვის წავიდნენ უცხო ქვეყანაში.”
როდესაც ემიგრაციაში მოდიოდა, მართამ თავიდან ვერ გაიზრა, რომ მას სამშობლოსთან, სკოლასთან და მეგობრებთან დამშვიდობება მოუწევდა. ,,მეგონა რომ უცებ გავიღვიძებდი და ჩემს თბილ სახლში დავბრუნდებოდი. რამდენიმე თვის შემდეგ სრულიად გავაანალიზე რა ხდებოდა და ის რომ მართლა ემიგრანტი ვიყავი გამხდარი და ამასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. დღესაც მიჭირს 9 წლის შემდეგ.”
მართას პირველი დღე სკოლაში ძალიან ემოციური , ცრემლიანი იყო და ცოტა შიშისმომგვრელიც და მას დღემდე ახსოვს, როგორ მოენატრა ძველი, ქართული სასწავლებელი და კლასელები. ,,ზარის დარეკვამდე უცებ ემოციები მომაწვა, ძალიან შემეშინდა, მივხვდი რომ ახალ ბავშვებს ვერ გავიცნობდი რადგან ლაპარაკი არ ვიცოდი და ტირილი დავიწყე. ცრემლები შევიკავე თავს გაღიმება დავაძალე და სკოლაში შევედი. იმ დღეს ხმა არ ამომიღია და არავინ გავიცანი. თავს ლეკვივით ვგრძნობდი, არ მინდოდა ლაპარაკი მეცადა და შემდეგ შემშლოდა და ჩემზე დაეცინათ. მასწავლებლებს ჩემი გაცნობა უნდოდათ და აინტერესებდად ჩემი აზრები მაგრამ მე ვერაფერს ვამბობდი და შემრცხვა.”
ახალგაზრდა ემიგრანტისთვის ახალი მეგობრების პოვნა რთული აღმოჩნდა. მისი თქმით, ბევრი მეგობარი არც ახლა ჰყავს, რადგან ქართული და იტალიური ფასეულობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ის ურთიერთობას უფრო ქართველებთან ამჯობინებს. ,,ბულინგის მსხვერპლი ბევრჯერ ვყოფილვარ რადგან სკოლაში ჩუმი ბავშვი ვიყავი და ყველას თავს ვარიდებდი. გახსნა და სხვებთან თავისუფლად კომუნიკაცია უფროს კლასებში დავიწყე, უმეტესად სკოლის გარეთ რადგან ბევრ პროგრამებში ვიღებდი მონაწილეობას. ეხლაც ბევრი იტალიელი მეგობარი არ მყავს რადგან რატომღაც ვერ ვეწყობი სრულად;”

მართასთვის ახალი გამოწვევა ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ ორკში, ვიზიტი და პროგრამა ,,CHANGE THE WORLD”-ში მონაწილეობა იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბარიდან 300 მოსწავლე გაემგზავრა აშშ-ში და მისი განხორციელების მიზანი იყო , რომ სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები გამხდარიყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და ემსჯელათ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, გლობალური დათბობა, მსოფლიო მშვიდობა, დევნილთა და ემიგრანტებთა შეფარება, ჯანდაცვის საერთაშორისოდ განხილვა, ეკონომიკა და ბევრი სხვა.,,ამ ყველაფრის გარდა რა თქმა უნდა ულამაზესი ნიუ იორკი დავათვალიერეთ, მუზეუმები და ქუჩები მოვიარეთ და ბევრი სწრაფი კვების ობიექტი დავაგემოვნეთ. ერთ ერთი საუკეთესო მოგზაურობა იყო ჩემი ცხოვრებიდან და ძალიან დასამახსოვრებელი. ყველას ვურჩევდი ვისაც კი შეუძლია.”
ახალგაზრდა ემიგრანტმა სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, სამედიცინოს ფაკულტეტეზე ჩააბარა. მისი თქმით, ამ პროფესიის არჩევის მიზანი ადამიანების დახმარების სურვილია. ,,პატარაობიდან მინდა ექიმი გავხდე და სხვა ადამიანებს დავეხმარო. ვგეგმავ ქირურგი გავხდე მაგრამ რომელი განხრით ჯერ ზუსტად არ ვიცი, ვინც არ იცით სრული სწავლის დამთავრებას 10 წელი სჭირდება და ყველა მეკითხება რატომ ავირჩიე ესეთი გრძელი გზა, მე კი ვპასუხობ რომ ეს გზა ავირჩიე რადგან მინდა პატარა მე ვაამაყო და მისი ოცნება ავახდინო, რაც მთავარია ჩემი მშობლების სასახელო შვილი გავხდე და მათი რთული და გრძელი შრომა დავაფასო და მათზე ვიზრუნო, ხალხს დავეხმარო და ყველა იმ ადამიანს დავუმტკიცო ვისაც ჩემი არ სჯეროდა რომ თუ მიზანი დავისახე მას ავახდენ.”
მართას თქმით, სამშობლო ძალიან ენატრება,მაგრამ არც იმ შესაძლებლობების დაკარგვა უნდა, რასაც იტალია აძლევს. ამ თემაზე ფიქრისას, იგი ორად იხლიჩება. ,,სიმართლე გითხრათ რადგან ხან და ხან არ იცი რომელი აირჩიო, შენი სახლი თუ შენი მომავალი. იმედია ერთ დროს საქართველოშიც შემეძლება ისეთი შანსების ქონა რაც დღეს აქ მაქვს. კიდევ რთული ის არის რომ რამდენიმე ხნის მერე იდენტური კრიზისი იწყება, ორივე ადგილას ერთ დროულად გინდება, იტალიაში ქართველი ხარ და საქართველოში იტალიელი. ამის გადახარშვა როგორც იტყვიან ფსიქოლოგიურად რთულია და ბევრ დროს საჭიროებს.”
სამშობლოს ნოსტალგია , ახალგაზრდა ემიგრანტს ხშირად აქვს და მას თავისი ბავშვობა ძალიან ენატრება. ,,ის დრო მენატრება როცა პრობლემები არ მქონდა და არ ვიცოდი რას ნიშნავდა ნოსტალგია და მონატრება. თბილისში ცხოვრება მენატრება, ჩემი დეიდაშვილები მეზობლად რომ მყავდნენ და სკოლაში ერთად დავდიოდით. სენაკში ზაფხულები მენატრება ბებიასთან რომ მთაში მივდიოდი და ღელეში როცა ვწუწალობდი სხვა ბავშვებთან და ძაღლებთან ჩემზე ბედნიერი არავინ არსებობდა. ყოველ კვირას ეკლესიაში სიარული და სახლის ეზოში რომ ეკლესიის ზარები ისმოდა ის მენატრება. ღამის თევები და ერთად დიდი აღნიშვნები. კიდევ ის რომ ხიდზე გადასვლა თუ დაგვეზარებოდა ბავშვებს მატარებლების ქვემოთ ვძვრებოდით და სიცილ კისკისით დავხტოდით. მოკლედ ყველაფერი მენატრება, ყველა დეტალი და მოგონება. რა თქმა უნდა იქაური საჭმელიც მენატრება, ყველაზე მეტად ხინკალი და მეგრული სულგუნი.”
,,მართა, რას ურჩევდი შენს თანატოლებს?”- ჩვენ მას ამ კითხვითაც მივმართეთ:. ,,გამოიყენეთ ყველა შანსები რაც კი მოგეცემათ და უკან არ დაიხიოთ. ჩვენ ყველა, ემიგრანტები ერთი მიზეზით გავხით და ეს არის უკეთესი ცხოვრების აგება, ამიტომ აქ შიშის ადგილი არ არსებობს. ასევე თქვენი სამშობლო, კულტურა და რწმენა არ დაივიწყოთ რაც არ უნდა მოხდეს. სადაც არ უნდა წავიდეთ საქართველო მაინც გვეძახის და გველოდება. თვენი ემოციები არ ჩამარხოთ და მასობრიობას არ აყვეთ. ყველამ მისი ორიგინალობა შეინარჩუნეთ რადგან ეს ხდის ადამიანს განსაკუთრებულს და ჩემი აზრით განსაკუთრებული ადამიანები არიან ისინი ვისაც ის დიდი შანსები ეძლევა ცხოვრებაში.” -გვიპასუხა ახალგაზრდა ემიგრანტმა
,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.
სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი