იტალიაში ემიგრაციის გზაზე წარმატება ხშირად არ მოდის მარტივად, ის დროს, შრომას, სწავლის სურვილს და შინაგან გამძლეობას მოითხოვს. ლელა სირბილაძის ისტორია სწორედ ასეთი გზის მაგალითია: ახალგაზრდა ასაკში იტალიაში ჩასული ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ენის ბარიერის, პროფესიული გამოწვევებისა და ცხოვრების რთული ეტაპების მიუხედავად შეძლო საკუთარი თავის რეალიზება სრულიად ახალ სფეროში. დღეს ის არის იტალიური ენის მასწავლებელი, საერთაშორისო სერტიფიკატების გამომცდელი და ინტეგრაციის პროცესში ჩართული აქტიური პროფესიონალი.
მისი გამოცდილება მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს ყველა ემიგრანტისთვის, როგორ გადაიქცეს სირთულეები შესაძლებლობად და როგორ იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი უცხო ქვეყანაში.
ინტერვიუს ავტორები: ხათუნა შარაძე, თეონა ჭანტურია
ქალბატონო ლელა, თქვენ 2005 წელს ჩამოხვედით იტალიაში ძალიან ახალგაზრდა ასაკში, რა იყო ყველაზე რთული პირველ წლებში და როგორ მოახერხეთ ამ გამოწვევებთან გამკლავება?
პირველი და ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის ენის ბარიერი იყო, იტალიურის არ ცოდნა. როდესაც იტალიაში ჩამოვედი ერთადერთი სიტყვა, რომელიც ვიცოდი, იყო „ჩაო“.
მეორე სირთულეს ჩემი ახალგაზრდა ასაკი წარმოადგენდა. როდესაც დამსაქმებლებს გავეცნობოდი, არ ეგონათ, რომ მე შემეძლო მომვლელად მემუშავა, მთელი დღე-ღამე მოხუც ქალბატონთან ვყოფილიყავი. თუმცა, ჩემი პირველი სამსახური შვიდი წელი გაგრძელდა და დღეს მოხუცის შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ხშირად ოჯახებით, თავისუფალ დროს სიამოვნებით ვატარებთ ერთად. ენის ბარიერის გამკლავებაში ჩემმა დიდმა მონდომებამ და ენის შესწავლის სურვილმა დამეხმარა. დასვენების დროს, ვკითხულობდი იტალიურ ჟურნალებს, წიგნებს, ვუყურებდი იტალიურ გადაცემებს და ვუსმენდი ჩემი საყვარელი მომღერლის ეროს რამაძოტის სიმღერებს, ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა ენის შესწავლაში. მახსოვს, როცა სიტყვა არ ვიცოდი მაშინვე ლექსიკონში ვეძებდი მნიშვნელობას. ეს წლები არ იყო ადვილი, მაგრამ დღეს არ ვნანობ არაფერს.

ლელა სირბილაძე მეუღლესთან Angelo Cirone-სთან და ქალიშვილთან სოფიასთან ერთად
თქვენ მოახერხეთ საქართველოს სამედიცინო დიპლომის აღიარება იტალიაში, თუმცა საბოლოოდ სხვა პროფესიული გზა აირჩიეთ , რა იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი და რას ურჩევდით იმ ემიგრანტებს, ვინც დღეს დიპლომის აღიარების პროცესშია?
დიახ, ამ ყველაფრისთვის სამი წელი დამჭირდა, როგორც ქართულ ასევე იტალიურ ბიუროკრატიასთან ბრძოლა, ყველა საჭირო საბუთი რაც ალდო მოროს სახელობის უნივერსიტეტში მომთხოვეს, ნათარგმნი უნდა ყოფილიყო ქართულიდან იტალიურად და აუცილებლად თბილისში იტალიის საელჩოს მიერ ლეგალიზებული. დიდი დროის შემდეგ მე ეს მაინც შევძელი. შემდეგი გამოწვევა ის იყო, რომ ამ ჩემი დიპლომის აღიარების შემდეგ რამდენიმე წლიანი პრაქტიკის გაკეთება იყო საჭირო, ეს შეუძლებელი გახდა, რადგან დიპლომის აღიარებიდან მცირე დროის შემდეგ ოჯახი შევქმენი. ამ დროის მანძილზე ჩემი სურვილი იტალიური ენის კარგად შესწავლის არ განელებულა, პირიქით, ძალიან მინდოდა იტალიურის დახვეწა, ამის გამო დავიწყე იტალიური ენის კურსებზე სიარული. იმავე სკოლაში, სადაც ეს კურსები გავიარე, გამოცდების ჩაბარების შემდეგ შემომთავაზეს დავრჩენილიყავი და მესწავლებინა იტალიური ენა უცხოელებისათვის. რა თქმა უნდა დავთანხმდი, აქ ალბათ გენეტიკურმა ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა, დედა უძლიერესი ფილოლოგი იყო, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ბაღდათის N° მე2 საშუალო სკოლაში.
ჩემს თანამემამულეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვურჩევდი,რომ განაგრძონ წინსვლა, მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არ არის, არ დანებდნენ, ყოველთვის უნდა სჯეროდეთ იმის რისი გაკეთებაც სურთ, რაც მიზნათ აქვთ დასახული და დამიჯერეთ, აუცილებლად გამოგივათ.
თქვენ დღეს თავად ასწავლით იტალიურ ენას და ხართ საერთაშორისო სერტიფიკატების გამომცდელი — თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ემიგრანტები ენის სწავლის პროცესში უშვებენ?
ენის სწავლას სისტემატური სახე უნდა მივცეთ, მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, იტალიურის სწავლას უნდა დაუთმოთ ყოველდღე 20 წუთი, არ აიღოთ წიგნი ხელში კვირაში ერთხელ და შედეგი აუცილებლად გექნებათ. კარგად მესმის, ეს არ არის ადვილი ბევრისთვის, სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ნათქვამია სურვილი შესაძლებლობაა.
ერთი რაც მინდა დავამატო აქ ის არის, რომ იტალიაში ჩამოსვლიდან, შეძლებისდაგვარად მალევე გაიარეთ იტალიური ენის შემსწავლელი კურსი და თავიდანვე სწორად ისწავლეთ ენა, ეს უფრო გაგიადვილებთ აქ ინტეგრირებას, არ გაიყვანოთ დიდი დრო, თორემ შეცდომებით ნასწავლი იტალიურის თავიდან ამოღება შემდეგ ძალიან ძნელია.

თქვენ მუშაობდით ტერიტორიულ კომისიაში თარჯიმნად, სადაც განიხილება თავშესაფრის მოთხოვნები, რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად ქართველები და რას ურჩევდით მათ, ვინც ამ პროცესშია?
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, როდესაც ისინი საკუთარ ისტორიებს ყვებიან, ხშირად მინახავს ჩემი თანამემამულეების აცრემლებული თვალები და ძალიან უმოქმედია ჩემზე ამ ყველაფერს, პირველ რიგში როგორც ადამიანისთვის და შემდეგ როგორც ქართველისთვის. დღეს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა უფრო გართულდა და ძალიან მნიშვნელოვანია იტალიაში ინტეგრაციის პროცესის დემონსტრირება და იტალიური ენის ცოდნა.
თქვენი ისტორია აერთიანებს პროფესიულ განვითარებას, ოჯახურ მხარდაჭერას და პირად შრომას, რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება დღეს და რა როლი ითამაშა თქვენს გზაზე ოჯახმა, განსაკუთრებით მეუღლემ?
ჩემი პროფესიული გზა ჩემი წარმატებაა და მე ყოველთვის მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი. თუმცა, აქამდე მოსვლა არ იყო ადვილი და რთულია დღემდე, რადგან პროფესიისთვის მხოლოდ სწავლა საკმარისი არ არის; მუდმივად უნდა იყო ინფორმირებული.
ოჯახის მხარდაჭერა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო და დღემდე ასეა, რადგან ჩემი ქმარი ყოველთვის მამხნევებდა წინსვლისკენ, ხშირად ჩემი ნების საწინააღმდეგოდაც, ამიტომ ბევრჯერ გვიკამათნია, მაგრამ რომ ვუფიქრდები მას ყოველთვის უფრო მეტად სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების, ვიდრე მე საკუთარი თავის. ამის გამო ბევრჯერ მადლობა მითქვამს მისთვის და დღემდე ვეუბნები, რადგან ეს ჩემი წარმატება ჩვენი ორივეს დამსახურებაა.










