საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს მოუთხრო საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ და ევროკავშირს მოუწოდა, გააქტიურონ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერა.
სტრასბურგში ევროპარლამენტის 18 დეკემბრის სხდომა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. დასაწყისში მას მიესალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელმაც ზურაბიშვილის უკანასკნელი ვიზიტი გაიხსენა:
“როცა თქვენ აქაურობას უკანასკნელად ეწვიეთ, განვიხილეთ თქვენი ქვეყნის პროგრესი ჩვენს ევროპულ ოჯახში შემოსვლის კუთხით. დღეს ეს გზა საფრთხეშია. ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიას ოპოზიციის მიმართ და დემონსტრანტების დაპატიმრებას”, – თქვა მეცოლამ.
“ორი საქართველო არ არსებობს”
სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა შექმნილი ვითარების აღწერით დაიწყო.
“ქართველები მასობრივად მხოლოდ მაშინ გადიან ქუჩაში, როცა გრძნობენ, რომ ეგზისტენციალური შეკითხვაა სასწორზე და დღეს სწორედ ასეა.
ეს ძალიან მშვიდობიანი მოძრაობაა, ფართო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რომელიც ორ რამეს ითხოვს:
დამიბრუნეთ ხმა – მოპარული არჩევნების გამო; დამიბრუნეთ ევროპული მომავალი – ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თანახმად, ქართველები იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები:
“იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან”.
მან ასევე სიცრუე უწოდა მოსაზრებას, რომ საქართველო ორ ნაწილადაა გახლეჩილი და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი მაღალია. მისი თქმით, “ერთ მხარესაა ქართველი ხალხი და მეორე მხარეს ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი”.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ზურაბიშვილმა “რუსულ არჩევნებად” მოიხსენია. პრეზიდენტის თანახმად, ეს იყო “სისტემურად გაყალბებული” არჩევნები, “ძალიან დახვეწილი, ჩვეულებრივზე ბევრად შორს წასული გაყალბება”.
“ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი გაყალბება, რასაც შეიძლება ელოდე. საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი”, – თქვა ზურაბიშვილმა.
წყარო: www.radiotavisupleba.ge