როდესაც იტალიის დედაქალაქში ქართველი ღონისძიებების ორგანიზატორი გახდა საჭირო, AprioriTV-მ მოულოდნელად აღმოაჩინა ორი გამორჩეული ქართველი ქალი – შორენა ხუნწარია და ანასტასია ჯენეტტი. ერთს უცხო ენების სპეციალისტის განათლება აქვს, მეორე – მოდის დიზაინერი და ხელოვნებათმცოდნეა. თუმცა მათ საერთო საქმისადმი სიყვარული აერთიანებთ და საფუძველი ჩაუყარეს “S.A. Wedding & Events“-ს – საქორწინო და ივენთ-სერვისების სააგენტოს, რომელიც წარმატებით მოქმედებს რომში.
მათი საქმიანობა მოიცავს ქორწილების, ღონისძიებებისა და წვეულებების პროფესიონალურ ორგანიზებას, სადაც თითოეული დეტალი ზუსტად დამკვეთის სურვილებსა და გემოვნებასაა მორგებული. ინტერვიუში გოგონები გვიზიარებენ, როგორ გაჩნდა მათი იდეა, რა გამოწვევებს აწყდებიან ქორწილების დაგეგმვისას იტალიაში და რატომ სჯობს საქორწილო დღე პროფესიონალებს ანდო.
– როგორ გაჩნდა S.A. Wedding & Events-ის იდეა და რა იყო მისი შექმნის მთავარი ინსპირაცია?
რამდენიმე უცხოელ მეგობარს დახმარება გავუწიეთ რომში სხვადასხვა დღესასწაულის დაგეგმვა-დაორგანიზებაში, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა,რომ შეგვექმნა ჩვენი გუნდი და ამ საქმეს პროფესიონალურად მივდგომოდით.
ამისთვის გავიარეთ “Wedding Planner Pro” პროფესიონალური კურსი, რომელიც ამ სფეროში ყველაზე პრესტიჟულია ევროპის მასშტაბით და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. მათთან განვლილმა კურსებმა დიდი გამოცდილება შეგვძინა და ახალი შესაძლებლობები გაგვიჩინა.
– რა გამოწვევებია ქორწილის ორგანიზებაში წყვილებისთვის იტალიაში და როგორ ეხმარებით მათ ამ პროცესში?
ტრადიციების შეუსაბამობა,ძირითადად კვების კუთხით ვაწყდებით ხოლმე გარკვეულ შეუთავსებლობას,მაგრამ წყვილებთან კომუნიკაციით და ჩვენი რჩევების გათვალისწინებით ეს შეუთავსებლობაც მარტივად გვარდება .



– იტალიაში რომელი ადგილები ითვლება ყველაზე მოთხოვნად ლოკაციებად ქორწილებისთვის და როგორ ეხმარებით წყვილებს ამ არჩევანში?
მარადიული ქალაქი-რომი, განსაკუთრებით ქართველებისთვის, რადგან ქართულ ტაძარში ჯვრისწერის შესაძლებლობა აქვთ და ეს კიდევ უფრო იზიდავს ქართველ წყვილებს.
ყველა წყვილს ინდივიდუალური გემოვნება აქვს და ასე გამორჩევით ვერ ვიტყვით რომ რაიმე ადგილი უფრო მოთხოვნადია.
თუ წყვილი ქართველია და ჯვრისწერა იტალიაში სურთ, ყოველთვის ვურჩევთ ქორწილი გააკეთონ ისეთ ქალაქში ან ქალაქთან ახლოს, სადაც ქართული ტაძარი მდებარეობს. საკმაოდ მოთხოვნადია ასევე ადგილები ტბებისა და ზღვის ხედებით.
– თქვენი მომსახურების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა – როგორ ახერხებთ, რომ ყოველი დეტალი იყოს მოწესრიგებული და ერთმნიშვნელოვნად დაუვიწყარი?
თითოეულ დამკვეთთან პირველ გასაუბრებაზე ვცდილობთ გავიგოთ მისი გემოვნება, რა სურს, რას ანიჭებს უპირატესობას,რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ მისთვის მუშაობას. თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ყოველ ნაბიჯს ვუთანხმებთ დამკვეთს.
ამგვარად ვახერხებთ რომ ისინიც კმაყოფილები იყვნენ და ჩვენც. ჩვენც არანაკლებ გვაბედნიერებს მათი ბედნიერი სახეების დანახვა.
მცირედ სიურპრიზებსაც ვუკეთებთ ხოლმე სამახსოვროდ ჩვენი გუნდისგან და ვცდილობთ რომ მათთვის ჩვენთან თანამშრომლობა მართლაც სასიამოვნოდ დაუვიწყარი დარჩეს.
ზოგიერთ ჩვენს ყოფილ კლიენტთან მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა და ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს.



– გახსოვთ თუ არა განსაკუთრებით ემოციური ან გამორჩეული ქორწილი, რომელიც ორგანიზებული გაქვთ და რატომ იყო ის თქვენთვი განსაკუთრებული?
უკვე ორი წელია ამ სფეროში ვართ და ჩვენთვის გამორჩეული და დამსახურებული იყო როცა შეკვეთა მივიღეთ პირველი ქართველი წყვილისგან.
ჩვენს თანამემამულეებთან მუშაობა და მათთვის უბედნიერესი დღის-ქორწილის ორგანზიება რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. საოცარი, უსაყვარლესი წყვილი გვყავდა და მთელს გუნდს გამორჩეულად დაამახსოვრეს თავი.
– როგორ ხდება ადგილობრივი მომწოდებლებთან და პარტნიორებთან მუშაობა? რამდენად რთულია ამ კოორდინაციის მართვა?
პირველ რიგში თავად მომწოდებლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროფესიონალიზმს და იმას,ხარ თუ არა ლეგალურად ლიცენზირებული “Wedding Planer“-ი, ამ შემთხვევაში შენთვის სხვა კარი იხსნება.
დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კომუნიკაციას და შენი შესაძლებლობების წარმოჩენას.
არ არის მარტივი იპოვო შენთვის სასურველი მომწოდებელი, რომელიც ყველა დეტალზე წამოგყვება, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და უკვე შეიძლება ითქვას ბევრი პარტნიორი მომწოდებელი გვყავს მთელი იტალიის მასშტაბით ვისთანაც ვთანამშრომლობთ.

– რა რჩევას მისცემდით წყვილებს, რომლებიც ქორწილის ორგანიზების პროცესში იშვიათად ენდობიან პროფესიონალებს და ცდილობენ ყველაფერი თავად გააკეთონ?
პირველ რიგში ზუსტად უნდა იცოდნენ რა ტიპის ქორწილი სურთ და როგორ გარემოში. შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიუჯეტს, ვიტყოდით რომ უმნიშვნელოვანესი დეტალია. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი განსაზღვრავს ქორწილის ხარისხს და შესაძლებლობებს, პროფესიონალების შემთხვევაში, ყოველთვის შესაძლებელია ოპტიმალური გამოსავლის პოვნა, ამასთანავე მნიშვნელოვანია, წყვილებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა სურთ, წინააღდეგ შემთხვევაში არასდროს გამოუვათ ის, რისი მოლოდინიც აქვთ.
ეს ინტერვიუ არა მხოლოდ ორ წარმატებულ ქართველ ქალს ასახავს, არამედ ნათლად აჩვენებს, რომ ემიგრაციაშიც კი შესაძლებელია საკუთარი საქმის დაწყება, პროფესიონალურად განვითარება და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა უცხო მიწაზე.
AprioriTV მომავალშიც დააკვირდება მსგავს ისტორიებს და სიამოვნებით გააგრძელებს იმ ადამიანების აღმოჩენასა და წარმოჩენას, რომლებიც საქართველოდან შორს შთამბეჭდავ ამბებს ქმნიან.
ინტერვიუ მოამზადა ხათუნა შარაძემ