ქართველი ემიგრანტები იტალიაში: შრომითი რეალობა და ეკონომიკური გავლენა
იტალიაში ქართველების ემიგრაცია მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ პროცესს წარმოადგენს. მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია საოჯახო შრომის სექტორში, განსაკუთრებით მომვლელებად (Badante) და დამხმარე პერსონალად (Colf). Domina-ს 2024 წლის ანგარიში ასახავს ქართველ ემიგრანტთა დემოგრაფიულ მონაცემებს, დასაქმების სტატისტიკას და ფინანსურ გავლენას როგორც იტალიაში, ისე საქართველოში.
სტატისტიკის მიხედვით, იტალიაში 29,222 ქართველი რეზიდენტია, რომელთა უმეტესობა (85%) ქალია და საშუალო ასაკი 40-59 წლამდე მერყეობს. ქართველთა 86% საოჯახო შრომის სფეროშია დასაქმებული, რაც მიგვანიშნებს მათი ემიგრაციის ძირითად მოტივზე – სტაბილური შემოსავლის მიღებასა და ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერაზე. უფრო მეტიც, იტალიიდან საქართველოში გადარიცხვები 458 მილიონ ევროს შეადგენს, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 15.6%-ს უტოლდება.
ქვემოთ მოცემული სტატისტიკური მონაცემები ნათლად ასახავს ქართველი ემიგრანტების როლს როგორც იტალიის საოჯახო შრომის სექტორში, ისე საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობაში, სადაც მათი მიერ გაგზავნილი თანხები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ადგილობრივ ოჯახებსა და ქვეყნის ეკონომიკას.
ISTAT, 1 იანვარი 2023 მონაცემებით იტალიაში 29,222 ქართველი რეზიდენტია
ასაკობრივი განაწილება:
- 9% – 0-20 წელი
- 21% – 20-39 წელი
- 51% – 40-59 წელი
- 19% – 60+ წელი
სქესი:
- 85% – ქალი
- 15% – კაცი
შრომითი სტატუსი (INPS 2023)
25,255 – საოჯახო სფეროში დასაქმებული
- 15% – დამხმარე პერსონალი (Colf)
- 85% – მომვლელები (Badanti)
- 86% – იტალიაში მცხოვრები ქართველების საერთო რაოდენობიდან დასაქმებულია საოჯახო სამუშაოს სფეროში
ფინანსური მონაცემები
- 458 მილიონი ევრო – თანხა, რომელიც იტალიიდან საქართველოში გადაიგზავნა (Banca d’Italia 2023)
- 1,305 ევრო – ერთ მოსახლეზე საშუალოდ გადარიცხული თანხა თვეში
მთავარი იტალიური პროვინციები, საიდანაც ხდება თანხის გადარიცხვა:
- 13.9% – ნაპოლი
- 9.4% – ბარი
- 8.5% – ფლორენცია
- 15.6% – საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) წილი, რომელიც ემიგრანტების გადმორიცხვებით მოდის (Banca Mondiale 2022)
Domina – ორგანიზაციის აღწერა
Domina (Osservatorio DOMINA sul Lavoro Domestico) არის იტალიური კვლევითი ცენტრი, რომელიც სპეციალიზებულია საოჯახო სფეროში დასაქმებული მუშაკების და დამსაქმებლების მდგომარეობის შესწავლაზე. ის აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს, რომლებიც ეხება იტალიაში საოჯახო შრომის სექტორს, მათ შორის მიგრანტების როლს ამ სფეროში.
Domina-ს მთავარი მიზნებია:
- საოჯახო სექტორში დასაქმებულთა შრომითი უფლებების და პირობების მონიტორინგი
- შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში დახმარება
- ეკონომიკური და დემოგრაფიული ანალიზის ჩატარება
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საოჯახო შრომის მნიშვნელობაზე
Domina-ს კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იტალიაში მიგრანტი მუშაკების, მათ შორის ქართველების, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში.
Aprioritv-ს მკითხველს შევახსენებთ, რომ Domina-ს ბარის ფილიალი ქართულ-იტაალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House-ს პარტნიორია.