AprioriTV
ავტორი: მანანა გაბრიჭიძე
ბრაზილიელი ფსიქოლოგი ჟულიო ფაკინი საქართველოს მას შემდეგ ესტუმრა, რაც ინტერნეტში მოულოდნელად ქართული ფოლკლორული მრავალხმიანობა მოისმინა. უნიკალური პოლიფონიის ცოცხლად მოსმენის სურვილმა, თბილისში მყოფ მეგობრებთან ერთად, აქ ჩამოიყვანა — იმ ადამიანებთან, რომლებიც ოთხი წლის წინ, ავსტრიაში სტაჟირების დროს გაიცნო.
ჟულიო ფაკინის შესახებ ჩვენ ერთი ინტერნეტ-ვიდეოდან შევიტყვეთ: იგი სოლოლაკში, ხელოვან მზია მანჯავიძის ლამაზ თბილისურ ოჯახში იმყოფება და გულით მღერის ქართულ სიმღერებს. როგორც თავადაც გვიამბო, სწორედ მეგობრების დახმარებით მოხვდა იმ გარემოში, სადაც ოცნებობდა მოხვედრაზე — იქ, სადაც მუსიკა გულით სრულდება.
გაირკვა, რომ ჩვენი სტუმარი თავის ქვეყანაში კარგად ცნობილია პროფესიული წრეებისთვის. ის არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მუშაობს ფსიქოსოციალური ზრუნვის ცენტრში (CAPS), რომელიც ბრაზილიის ერთიანი ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში მოქმედებს. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი და საჯარო სივრცე, რომელიც ემყარება ფსიქიატრიული რეფორმის თანამედროვე პრინციპებს.
„საქართველოში ჩემი კვლევის ფარგლებში ჩამოვედი,“ — გვიყვება ჟულიო.
„ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც ფსიქოანალიზისა და ფილოსოფიის გადაკვეთის წერტილებს იკვლევს — კერძოდ, რელიგიური და კულტურული ფენომენების გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე.“
მისი ინტერესის საგანი გახდა ქართული ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა.
„ქართული ინსტრუმენტები თავისი ენერგიული ჟღერადობით, მოცეკვავეების ელეგანტურობითა და დინამიკით, საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. პოლიფონიური სიმღერები კი უნიკალური ჰარმონიით აკავშირებს მუსიკასა და ქართულ ენას, რომელიც თვითონაც სპეციფიკური ხმოვანი ელემენტებით გამოირჩევა.“
ფაკინის აზრით, საქართველო პატარაა გეოგრაფიულად, თუმცა სიღრმისეული კულტურული და კლიმატური მრავალფეროვნებით დიდ ქვეყნებს არ ჩამოუვარდება:
„სულ რაღაც ორსაათიანი მოგზაურობა სრულიად განსხვავებულ გარემოში მოგახვედრებს — სხვა კლიმატი, სხვა პეიზაჟი, სხვა ტრადიციები, და ხშირად — სხვა ენაც კი.“

საქართველოში ყოფნისას მან მოინახულა კახეთი, ყაზბეგი და შიდა ქართლი. ამბობს, რომ ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეობამ და ქართულმა სუფრამ მოხიბლა:
„ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები, ღვინო, ეროვნული კერძები — ეს ყველაფერი ჩემთვის იყო კულტურული აღმოჩენა. მადლობელი ვარ ჩემი ქართველი მეგობრების, რომლებმაც ეს გზა გამიმარტივეს.“
რაც შეეხება ბრაზილიაში საქართველოს შესახებ ცნობადობას, ფაკინი გულწრფელად აღნიშნავს:
„სამწუხაროდ, ბრაზილიელებისთვის საქართველო ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ქვეყანაა. ზოგადი წარმოდგენები ძირითადად საბჭოთა წარსულითა და ქართველ სპორტსმენებთანაა დაკავშირებული. იმედი მაქვს, მომავალში ჩვენი ხალხები უფრო ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს. ეს იქნება საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნოც.“
საქართველოს შემდეგ, ჟულიო კვლევას გააგრძელებს სლოვაკეთში, სადაც განიხილავს კანტიანურ ტელეოლოგიას ფროიდის სიკვდილისკენ სწრაფვის თეორიის ჭრილში. იქიდან კი ისრაელში გადაინაცვლებს, სადაც იმუშავებს კულტურულ ანთროპოლოგიაზე, კერძოდ, კიბუცების რელიგიურ, პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებზე.
მზია მანჯავიძე:
„ჯულიოს ვემშვიდობებით სითბოთი და მადლიერებით. ვუსურვებთ წარმატებას მის მნიშვნელოვან კვლევით საქმიანობაში და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ დაუბრუნდება საქართველოს და მის ქართველ მეგობრებს — ამ სირთულეებით სავსე, მაგრამ სითბოთი მდიდარ სამყაროში, სადაც მეგობრობა ადამიანურობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.“
მომავალ შეხვედრამდე, ჟულიო!