BREAKING

ინტერვიუ

ფრანჩესკო ტრეჩი: ,,ქართველ ემიგრანტებს ვეუბნები – მე მათ გვერდით ვარ”

ფრანჩესკო ტრეჩი იტალიელი ისტორიკოსი და მწერალია. მას რამოდენიმე წიგნი აქვს დაწერილი საქართველოზე და იგი ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებულია. საემიგრაციო მედიაპლატფორმა ,,აპრიორი ტივი” გთავაზობთ ფრანჩესკოსთან ინტერვიუს.

როდის და რატომ დაინტერესდით საქართველოთი?

– საქართველო ერთ იტალიურ ჟურნალში სტატიის წაკითხვით აღმოვაჩინე. შევიტყვე, რომ ქართველები 2000 წელზე მეტი ხნია ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობდნენ და ეს მათი უძველესი ენა იყო. შევიტყვე რომ ქართველები ოდითგანვე ძალიან სტუმართმოყვარე ერია, რომელსაც უკან დიდი ისტორია აქვს. ეს 2000 წლის ოქტომბერში მოხდა. მას შემდეგ შეყვარებული ვარ საქართველოზე. საქართველოს ისტორიას ფლორენციის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. 2003 წელს უნივესიტეტი დავამთავრე და პირველად წავედი სამოგზაუროდ საქართველოში. ჩემი სიყვარული საქართველოსადმი წმინდაა: მე მიყვარს საქართველო მისი ენის, კულტურისა და ისტორიის გამო.

რაც შეეხება თქვენს წიგნებს, რას გადმოსცემს და რას მიუძღვენით?

– ჩემი წიგნები ეძღვნება იტალიის (იტალიაში მყოფ ქართველებს) ქართველებს, რადგან ეს წიგნები მათთვის დავწერე! იტალიაში არ იციან ქართული ისტორია და კულტურა. ჩემი წიგნები არის საქართველოს პრეზენტაცია იტალიური საზოგადოების წინაშე და იტალიაში ყველა ქართველს ჩემი წიგნებით შეუძლია იტალიელებს უთხრას: აი, ესაა საქართველო – ისტორია, კულტურა და ათასწლოვანი ენა.

თქვენი აზრით, რითია საქართველო გამორჩეული?

– საქართველოს თავისებურება მისი ენაა: უნიკალური და ძალიან უძველესი; მისი სამი ანბანი(სამი სახის ქართული დამწერლობა) მისი ისტორია, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის წერტილი.

რას იტყვით ქართველ ხალხზე?

– ქართველები ძალიან, ძალიან ჰგვანან იტალიელებს: თბილები, სტუმართმოყვარეები, დიდსულოვნები, ამაყები არიან თავიანთი კულტურით. ისინი ლათინელი ხალხია კავკასიაში. უყვართ ღვინო, კარგი საჭმელი, უყვართ თეატრი, ლიტერატურა და ცხოვრება.

არის თუ არა, თქვენი აზრით, მსგავსებები ქართველ და იტალიელ ხალხს შორის?

– ბევრი მსგავსება: მეგობრობის გრძნობა, კარგი კვება, ფეხბურთის სიყვარული და სხვებთან ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარების სურვილი!

რას იტყვით ქართველ ემიგრანტებზე, რა გამოწვევების წინაშე დგანან თქვენი აზრით?

– ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ძალიან მძიმეა, აღფრთოვანებული ვარ მათი სერიოზულობით, ღირსებით, იტალიელებისადმი პატივისცემით და მშობლიური მიწისადმი სიყვარულით. მე მათ ვეუბნები: მე თქვენ გვერდით ვარ!

ვიცით, რომ პროფესიით პოლიტიკის მეცნიერი და ისტორიკოსი ხართ, შესაბამისად ალბათ თვალს ადევნებთ ქართულ პოლიტიკას და ქართველი ხალხის მკაფიო სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თქვენი აზრით მოხდება ეს თუ არა და როდის?

– ისტორიკოსი ვარ, მაგრამ პოლიტიკასთან არ და არც არასდროს მქონია საქმე. საქართველოს ისტორია სიყვარულისა და ევროპასთან ურთიერთობის ძიების ისტორიაა. საქართველო ევროპის ნაწილია. როგორც ზურაბ ზვანიამ თქვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი.

უწევთ თუ არა რეკომენდაციას საქართველოს, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანას და თქვენი აზრით რატომ უნდა იმოგზაუროს იტალიელმა საქართველოში?

– რა თქმა უნდა! საქართველო იტალიელებისთვის მოსანახულებელი, ტურისტული დანიშნულების ადგილია: ისინი იქ იპოვიან ისტორიას, კულტურას და ისტორიის ნაწილს! რამდენიმე თვეში მე (იქ) დავბრუნდები!

ფრანჩესკო ტრეჩი, AprioriTV-ს ჟურნალისტთან, ნინო ბოლოშვილთან და AprioriTV-ს დამფუძნებელთან, ხათუნა შარაძესთან ერთად

მასალა მოამზადა ნინო ბოლაშვილმა

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts