” ჩემს კლასელებს ვუთხარი იტალიაში მივდივარ სასწავლებლად მეთქი, არადა ნამდვილი მიზეზი მშობლებთან ყოფნის სურვილი იყო. მე და ჩემმა ძმამ ჩავალაგეთ ჩვენი “ძვირფასი” ნივთები და წამოვედით. შევხვდით 4 წლის მონატრებულ მშობლებს და ამ გაყინულ, გაუცხოებულ მზერებს ნელ-ნელა ვაბალანსებდით. ის მწარე რეალობა, რასაც აქ შევეჯახე, იმდენად “ბევრი”აღმოჩნდა ჩემთვის, სწრაფად გაზრდა მომიწია, მაგრამ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო ალბათ, რადგან ამ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი.
საქართველოში ვინც დავტოვე, მათთან იმ რთულ დღეებზე, რაც აქ გადავიტანეთ არასოდეს მისაუბრია, რადგან როცა ამ რთულ გზას გადიხარ გირჩევნია სხვების თვალებში მაინც ხედავდე შენს ვარდისფერ ცხოვრებას, რომ წინ იარო.
აქ ყველა მუშაობს. აქ ბავშვობა გეუხერხულება. უხერხულია სწრაფად არ გაიზარდო, რადგან შენი თანატოლები ქანდაკებიანი სახლებიდან გამოდიან, მცველებს კართან ტოვებენ და სკოლის შემდეგ კაფე-ბარებში მუშაობენ, დამოუკიდებლობისათვის. მეც მათი გზა მქონდა, ოღონდ მე ქანდაკებებიან სახლში არ ვცხოვრობდი, მაგრამ ღმერთი მყავდა, დედაჩემის სახით, რომელსაც არასოდეს მივუტოვებივარ.
დედა პროფესიით ფილოლოგია. საქართველოში თავისი პროფესიით მუშაობდა.
ჩემი ბებო და პაპა ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, დღეს მე აქ არ ვიქნებოდი, მაგრამ მწარე რეალობას ვერ გავექეცით. ვერ გავექეცით ბებოს ავადმყოფობას, პაპას ნაადრევ სიკვდილს. ბებოს ხანგრძლივ მკურნალობას, უსახსრობით გამოწვეულ პრობლემებს და პაპას ორმოციდან რამოდენიმე დღეში ფერშეცვლილ ბებიაჩემს. მამაჩემის ხმა და მისი სახე დასაფლავებამდე, თვალებიდან არ ამომდის. ალბათ რამდენი აუხდენელი ოცნებებით წავიდნენ მისი მშობლები, მამას კი ამისათვის საკმარისი დრო არ მიეცა.
*ჩემი მშობლები იძულებულებულები გახდნენ აქ წამოსულიყვნენ, უარი ეთქვათ თავიანთ აწყმოზე და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის ეცხოვრათ. წამით არ მინდა გავიფიქრო რა მოხდება თუკი ასე სათითაოდ, აგურ-აგურ ნაშენებ კარიერას, ერთი ხელის მოსმით გარემო პირობები დამიშლის. ბევრი რომ არ ვისაუბრო, უბრალოდ ვერ გადავიტან.
დღეს ჩემს გზას ბევრი გადის, ჩემთან ერთად თუ ჩემგან დამოუკიდებლად. ყოველ მონდომებულ ახალგაზრდაში საკუთარ თავს ვხედავ და ასმაგი სურვილი მიჩნდება მათში შრომა ჩავდო, რადგან ვიცი ერთ დღეს ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოადგება: ნია,საბა, თეკლე, ნუცა, ივიკო, სოფო, მეგი, ანა, დემეტრე… და კიდევ მრავალი. ვინც ამ გზას გადის მინდა ყველას მოგაწვდინოთ ხმა და ერთი რამ კარგად გაიაზროთ: დიახ, რომ ვალდებულები ვართ ჩვენი სურვილები ადამიანებისთვის ვინც საკუთარი ცხოვრება ასე დაუფიქრებლად, უსასყიდლოდ გვერძე გადადო, სულ მცირე რაც მათთვის შეგვიძლია გავაკეთოთ ეს განათლებით, ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებული მომავლის შექმნაა, ისინი ხომ თავიანთი აუხდენელი ოცნებების გაგრძელებას ჩვენში ხედავენ. ნუ მოუკლავთ ბოლო იმედის ნაპერწკალს. გვიანი ხომ არასოდეს არაა .მიყვარხართ. – ეს 28 წლის ახალგაზრდა ემიგრანტის თათია ყველიაშვილის მიმართვაა თანატოლებისადმი, რომელიც მან საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნა.
თათია ძმასთან ერთად, იტალიაში 2012 წელს ჩამოვიდა, აქ ცხოვრების დაწყების მიზანი კი ოჯახთან სიახლოვე იყო, დედა და მამა ემიგრანტები 2008 წელს გახდნენ. მისთვის პირველი ბარიერი უცხო ენა იყო. ,,თავი ხშირად ახალი ფეხადგმული ბავშვი მეგონა, რომელსაც ენის შესწავლამდე აზრის დაფიქსირება არ შეეძლო, ამიტომ ეს პროცესი დავაჩქარე და მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი, რომ ენა სწრაფად ამეთვისებინა”
ახალგაზრდა ემიგრანტი იტალიაში ჩამოსვლისთანავე სამეცნიერო ლიცეუმში შევიდა, სადაც სწავლა უცხო ენების განხრით განაგრძო, მან იტალიურთან ერთად, ინგლისური, ფრანგული და ესპანური შეისწავლა, შემდეგ კი ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტი დაასრულა, ასევე უცხო ენები.
ლიცეუმის პირველ დღეს თათია დედის სიტყვებს იხსენებს: ,,დედამ მიმაცილა სკოლაში, 14 წლის ვიყავი და სკოლის შესასვლელთან მითხრა:” დე, ამ სკოლას თუ წარმატებით დაამთავრებ ჩავთვლი, რომ მე და მამიკოს შრომას უსაფუძვლოდ არ ჩაუვლია”. რამდენჯერაც ვთვლიდი, რომ რამის გაკეთებას ვერ შევძლებდი ყოველთვის ეს სიტყვები მახსენდებოდა და ძალას მაძლევდა წარმატებისკენ სვლა არ შემეწყვიტა. “
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მშობლოური ქვეყნის მონატრებამ თათია საქართველოში ჩაიყვანა, სადაც მან იტალიური ენის პედაგოგობა დაიწყო, ვიზიტმა მშობლოურ ქვეყანაში 1 წელი გასტანა, რადგან მას ოჯახისგან შორს ყოფნა ძალიან გაუჭირდა. ,,სასწავლო წლის პროცესში გაზაფულზე იტალიური ენის მასწავლებლების გადასამზადებელი კურსი გავიარე რომიდან რამოდენიმე კილომეტრში “რეკანატში” ჯაკომო ლეოპარდის ქალაქში. სასწავლო წელი რომ დასრულდა უკან დავბრუნდი იტალიაში და სწავლა გავაგრძელე, ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა და მინდა მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. “
თათიას თქმით, მისი მიზანია სწავლის ყველა საფეხური წარმატებით გაიაროს. ,,მინდა, პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ თუ მოვინდომებთ, “სოფლიდან” დაწყებული ოღრო-ჩოღრო გზა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე მიგვიყვანს. “
რა განასხვავებს იტალიასა და საქართველოს? ახალგაზრდა ემიგრანტი გვპასუხობს, რომ იტალიაში იგი უფრო დამოუკიდებელია და თავსაც უფრო დაცულად გრძნობს, თუმცა, ის საქართველოს პატრიოტია და საკუთარ თავს სამომავლოდ, სწორედ მშობლიურ ქვეყანაში ხედავს, იმაზე ოცნებობს, რომ საქართველო მთელმა მსოფლიომ გაიცნოს და ქვეყანა გამთლინებული ნახოს.,,სულისკვეთება და სამშობლოსადმი სიყვარული ,რასაც მე იტალიაში ქართველ ახალგაზრდებში ვხედავ, ვიცი აუცილებლად გადაგვარჩენს. მე აქ, ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი საქართველოს წარმოვადგენთ და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ძალიან დაფიქრებულად ვიღებ, რადგან ჩემს უკან ჩემი ოჯახი და სამშობლოა. “
,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.
სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა