BREAKING

გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი

,,მინდა ცოდნა და გამოცდილება, რასაც იტალიაში შევიძენ, საქართველოში გამოვიყენო” – რომა წულაია ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი”-ს რუბრიკაში

29 წლის რომა წულაია 2021 წლიდან ემიგრაციაშია. მისთვის იტალია, თავიდანვე, უცხო არ იყო, რადგან ქალაქ ბარიში დედა ცხოვრობდა და მასთან ხშირად დადოდა. ახალგაზრდა ემიგრანტი გვიყვება, რომ ემიგრაციაში წამოსვლა მშობელთან ახლოს ყოფნისა და ახალი შესაძლებლობების ძიებამ გადააწყვეტინა. ,,თითქმის ყოველ წელს ჩამოვდიოდი მცირე დროით. ყოველთვის მაწუხებდა, რომ მიწევდა დედის აქ მარტოდ დატოვება და საქართველოში მის გარეშე დაბრუნება. მსურდა რაღაც გამეკეთებინა მოცემული რეალობის შესაცვლელად და გადავწყვიტე, რომ უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს შემდეგ სწორედ ქ.ბარში გამეგრძელებინა, თანაც ევროპაში სწავლა და ახალი გამოცდილების შეძენის სურვილი ყოველთვის მქონდა.”

სანამ ემიგრაციაში წამოვიდოდა, რომამ იტალიურის სწავლა დაიწყო, რადგან იცოდა, რომ მეტი შესაძლებლობისთვისა და ამ ქვეყანაში თავის დამკვიდრებისთვის ენის სწავლა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ,,დავიწყე იტალიური ენის შესწავლა, თავიდანვე აღმოვაჩინე, რომ რამდენადაც ლამაზი და ესთეტიკური ენაა იტალიური, ამდენად რთული იქნებოდა მისი ათვისება. იტალიაში სწავლის და ცხოვრების სურვილი, მიზანი და იმის გაანალიზება, რომ ენის შესწავლის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი, მოტივაციას მიზრდიდა.”

ახალგაზრდა ემიგრანტი იტალიაში ოფიციალურად სტუდენტური ვიზით ჩამოვიდა, რაშიც ქართულ-იტალიური ორგანიზაცია ,,ჯეო ჰაუსი” დაეხმარა.

„მჭირდებოდა კომპენტეტური რჩევები და რეკომენდაციები, რათა აქ ლეგალურად მეცხოვრა და მესწავლა. ინფორმაციის ძიების პროცესში, მირჩიეს ასოციაცია “GeoHouse”. გამიმართლა, რადგან მათი დახმარებით შევძელი სტუდენტური ვიზის აღება“

რომა ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა მისი სწავლის დაწყება ,,კოვიდ 19″-ის პერიოდს დაემთხვა, რის გამოც, ახალგაზრდამ ბოლომდე ვერ მოახდინა სასწავლო პროცესში ჩართვა და ახალ გარემოსთან ადაპტირება. ფაკულტეტი, რომელზეც ის ჩაირიცხა იტალიურის მაღალ დონეზე ცოდნას მოითხოვდა, რამაც გადააწყვეტინა, მცირე ხნით სასწავლებელში სტუდენტის სტატუსის შეჩერება ,,ერთადერთი უცხოელი სტუდენტი ვიყავი იტალიელ სტუდენტებთან ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ყურადღებიანი, მეგობრული კურსელები აღმოჩნდნენ, მაინც თავს უცხოდ ვგრძნობდი, რადგან იტალიური ენის პრაქტიკა არ მქონდა. ვინაიდან სასწავლო კურსის წარმატებით დახურვა, ძალიან რთული, მეტიც შეუძლებელი იქნებოდა, გადავწყვიტე აკადემიური წლის აღება”

ახალგაზრდა მომავალში სწავლის გაგრძელებას ისევ იტალიაში აპირებს. „სურვილი, რომ უმაღლესი განათლება იტალიაში მიმეღო ისევ ერთ-ერთ მთავარ მიზნს წარმოადგენს. დღეს უკვე მეტი თავდაჯერებით, გამოცდილებით და საკუთარი თავის მეტად რწმენით მსურს, რომ მიზანი რეალობად გარდავქმნა.”

რომამ სურვული რომ ჰქონოდა საკუთარი შემოსავალი რეალობად აქცია, მან რამდენიმე სამახური გამოიცვალა, ამ ეტაპზე კი იგი ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში მუშაობს. ,,რამდენჯერმე შევიცვალე სამუშაო გარემო, ყოველ ჯერზე ვიძენდი ახალ გამოცდილებას და ვაუმჯობესებდი ენის პრაქტიკულ ნაწილს, რაც ასევე ძალიან მჭირდებოდა.”

ახალგაზრდა ემიგრანტმა ამასობაში, ახალი საბუთიც აიღო. ,,როდესაც ახალი საბუთი მივიღე, მეტად დავრწმუნდი, რომ მიზნისაკენ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.”

რაც შეეხება მშობლიურ ქვეყანას, რომამ ამ წლების განმვალობაში იქ ჩასვლა ვერ მოახერხა, თუმცა მისივე თქმით, საქართველო ძალინ ენატრება და მომავალს სწორედ იქ ხედავს. ,,მენატრება ყველაფერი ის რაც საქართველოში დროებით დავტოვე. მსურს რომ მიზანს როდესაც სრულყოფილებაში მოვიყვან, ყველა ცოდნას და გამოცდილებას, რასაც აქ შევიძენ, შემდეგ საქართველოში გამოვიყენო, რათა მის განვითარებაში ჩემი მცირე წვლილი შევიტანო.”

ახალგაზრდას თქმით, იმისთვის რომ საქართველოდან ემიგრაცია შემცირდეს, საჭიროა რომ იქ ადამიანის შრომა უფრო მეტად დაფასდეს, როგორც ეს იტალიის ან ევროპის ქვეყნებშია.

რომა თანატოლ ემიგრანტებს ურჩევს, რომ დრო და ადამიანური რესურსი სწორად განკარგონ. ,,დღევანდელი დღის შეფასებით, ის რაც თავიდან ერთი შეხედვით შეუძლებელი მეგონა, დავრწმუნდი, რომ შრომითა და მოთმინებით შესაძლებელია. წარმატებული ადამიანების მიღმა, ყოველთვის არსებობს უამრავი სირთულით და დაბრკოლებებით სავსე გზა, რომელიც მათ გაიარეს და დღეს არიან მაგალითი იმისა, რომ შრომა და ბრძოლა ყურადღების მიღმა არ დარჩება”

,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.

სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი

თუ ხართ ემიგრანტი და გჭირდებათ საემიგრაციო საკითხების მოგვარება, ასევე სტუდენტური ვიზი მიღება, დაუკავშირდით საემიგრაციო ორგანიზაცია “Geo House“-ს ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

+393270934122

+39 3245409377 (WhatsApp)

+99598557050 (საქარათველო)

+995598373761

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts