BREAKING

გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი

,,2 წელი საავადმყოფოში გავატარეთ მე და დედამ, თუმცა ვერ შევძელი მისი გადარჩენა” – ქეთი ტუშურის ისტორია რუბრიკაში ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი”

23 წლის ასაკში საქართველოდან იტალიაში მიგრირებული ქეთი თუშური საკუთარი ემიგრანტული ისტორიის დასაწყისს დედის ცრემლებით და ტკივილით იხსენებს. მძიმე დასაწყისისა და უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ის დღეს ძლიერი, თვითდამკვიდრებული და მებრძოლი ქალის მაგალითია. ქეთი ამჟამად ცხოვრობს იტალიაში, სადაც არაერთი სირთულის გადალახვის შემდეგ, ქართული საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTVის ჟურნალისტად მუშაობს და თავისი ისტორიებით სხვა ემიგრანტებსაც ამხნევებს. მისი მთავარი მოტივატორი კი დღეს მისი შვილებია — ორი ბავშვი, რომლებისთვის ქეთი „დედაცაა და მამაც“.

,,მამამ არ გამაცილა უნდა მატირო ეხლა იქო , მარტო დედამ გამაცილა , დედა ბოლო მომენტამდე ცდილობდა ჩემს გადაფიქრებას, როცა ავტობუსი დაიძრა მახსოვს დედას სახე, ტიროდა მეც ვტიროდი , დავპირდი რომ 2 წელში ჩავიდოდი”

ქეთიმ პირველი 10 დღე ტირილში და ძილში გაატარა, იგი უკან, საქართველოში, თავის ოჯახთან დაბრუნებაზეც ფიქრობდა. მან სამსახური, მოხუცის მომვლელად 1 თვეში დაიწყო, სადაც მას ძალიან თბილად დახვდნენ, თუმცა იგი დანაკლისს მაინც ვერ ინაზღაურებდა. ,, იყო 24 სთ სამსახური, მოხუცს ვუვლიდი , ძალიან თბილად მიმიღეს. ენა არ ვიცოდი და მეხმარებოდნენ ენის სწავლაში . იქაც ძალიან მიჭირდა სამსახურის სირთულეს არ ვგულისხმობ , იქიდანაც ყოველდღე ვაპირებდი წამოსვლას და სახლში დაბრუნებას , იყო ერთი ჩემი ახლობელი რომელსაც ვუზიარებდი ჩემს ფიქრებს და მისი წყალობით და მისი რჩევებით დავრჩი იმ სამსახურში”

ახალგაზრდა ემიგრანტი ემიგრაციის ყველაზე რთულ დღედ მაინც იმას იხსენებს, როდესაც ხუთშაბათ დღეს, ბარიში ჩამოსულს , დასვენების დღეზე ავტობუსი დაეჯახა, სწორედ ამ პერიოდში, მას საქართველოდან, მის მოსავლელად დედამ ჩამოაკითხა. ,,გონზე რეანიმაციაში მოვედი მეორე თუ მესამე დღეს , ამ ამბის გახსენება იმდენად რთულია , გამომიტირა ყველამ , აქაც და საქართველოში , ჩემი გადარჩენის იმედი არ იყო , ზოგადად ძალიან ხიფათიანი ვარ ბავშობიდან . 6 თვე გავატარე ავარიის მერე საავადმყოფოში ექიმმა მითხრა სანამ სირბილს არ დაიწყებ არ გაგიშვებ აქედანო

ქეთიმ გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში ოჯახიც შექმნა , თუმცა არ გაუმართლა და ამჟამად ის ორი შვილის (გოგოს და ბიჭის ) მარტოხელა დედაა. მას შემდეგ, რაც მშობელი გახდა, ბევრი რთული პერიოდი გაიარა. ,,ბოლო წლები ბავშვები გახდნენ ჩემი ენერგიის წყარო , ვცდილობ მათთვის დედაც ვიყო მამაც , ბებიაც ბაბუაც , იმიტომ რომ არავინ არ ყავთ აქ , ვცდილობ სწორი მიმართულება მივცე , კარგი განათლება მიიღონ , აქაურ გარემოსთან ინტეგრირებულები არიან , საუბრობენ გამართულად იტალიურად ასევე ქართულად , წერენ და კითხულობენ ქართულად , როცა სკოლაში მშობელთა კრებაა მასწავლებელი მეუბნება მადლობას მათი კარგი აღზრდისთვის .”

ახალგაზრდა ემიგრანტის მოსავლელად ჩამოსული დედა უკან აღარ დაბრუნებულა და იგი ოჯახის ეკომიური ტვირთის ზიდვას შეუდგა. თუმცა, რამდენიმე წელში მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ქეთიმ მისი მოვლა თავის თავზე აიღო ,,2 წელი ალბათ სულ საავადმყოფოში გავატარეთ მე და დედამ , მკურნალობდა მაგრამ მდგომარეობა ქონდა ძალიან რთული , ვუვლიდი მე ბოლო 2 წელი სიარული აღარ შეეძლო , ექიმმა მითხრა დედა შეგიძლია ოსპისში გადაიყვანი და იქიდან ატარო ქიმიოთერაპიაზეო , დავთანხმდი წავიყვანეთ ოსპისში , შემდეგ ეს სიტყვა მოვიძიე ინტერნეტის საშვალებით , ოსპისი ნიშანვს სადაც ონკოლოგიურად მძიმე პაციენტებს აწვენენ , წავედი მეორე დღეს კერძო სასწრაფო დახმარებით დედა წავიყვანე ქიმიო-თერაპიაზე და შემდეგ მოვიყვანე სახლში სადაც მე და ბავშვები ვცხოვრბთ , საავადმყოფოდან დამირეკეს აქ უნდა მოიყვანოთ პაციენტიო და უარი ვუთხარი”

ქეთი დედის მოვლაში დასახმარებლად ოჯახის წევრებიც (მამა და და) ჩამოვიდნენ, თუმცა მან დედის გადარჩენა ვერ შეძლო , რადგან მას მეოთხე სტადიის სიმსივნე და მთელ სხეულში მეტასტაზები ჰქონდა. ახალგაზრდა ემიგრანტის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე მისი გარდაცველების დღე იყო. ქეთის დედა, ისე გარდაიცვალა, რომ 9 წელი საქართველოში არ იყო ნამყოფი და არც შვილიშვილებს იცნობდა პირადად.,, დედას ქონდა გაუსაძლისი ტკივილები, მამა ძალიან მეხმარებოდა დედას მოვლაში, ბავშვები მიყავდა სკოლაში, როცა მე ვმუშაობდი, 20 დეკემბერია ტელეფონზე უცხო ნომერი მირეკავს ვუპასუხე სკოლის მასწავლები აღელვებული ხმით, მამათქვენი წაიქცა სკოლასთან და მოდით სასწრაფოთო მამა ბავშვების გამოსაყვანად იყო წასული, წნევამ აუწია და წაიქცა ღოღვით მისულა სკოლის კარებამდე, სკოლამდე როგორ მივედი არ მახსოვს, მამა ჩავსვი მანქანაში ვეკითხები მამა გტკივა რამე მპასუხობს რომ ფეხი ტკივა, ხალხია ჩვენს გარშემო და მეუბნებია წავიყვანოთ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, მე ვარ უარზე დედა საავადმყოფოში წევს მამაც არ მინდა იქ წავიყვანო, ექიმების და საავადმყოფოს დანახვა არ მინდა. მამა მოვიყვანე სახში. მამას ვეუბნები ბილეთს აგიღებ და სასწრაფოდ წახვალ საქართველოსში უარი არ მითხრა მეთქი, აქ ვერ დაგტოვებ, დედას მე მოვუვლი არ ინერვიულო თქო . დამთანხმდა ყველაზე კარგი ვარიანტი 3 იანვარი აღმოჩნდა, მამას ავუღე ბილეთი. დედა საავადმყოფოში დამძიმდა 26 დეკმბრის მერე კომაშია, მამამ 3 იანვრამდე დივანზე დამჯდარმა გაატარა რადგან ვერ წვებოდა ფეხი სტკიოდა, 2 იანვარი ღამის 10 საათი რეკავს ტელეფონი ექიმია საავადყოფოდან და დედას გარდაცვალების ამბავს მატყობინებს, ამ დროს ბავშვებსს ვაწვენდი ლოგინში, მამას ვუთხარი გარეთ გავალ მამი ნაგავს გადავყრი და მოვალთქო, მოგუდული ვტიროდი, მამა დილით საქართველოში მიფრინავდა არ მინდოდა გაეგო, გარეთ გავედი და ბოლო ხმაზე ვბღაოდი, ხალხი მაჩერებდა მამშვიდებდა, სახლში რომელ საათზე მოვედი არ მახსოვს, მამას დივანზე დამჯდარ მდომარეობაში ეძინა, გათენდა 3 იანვარი მამა გავაცილე საქართველოში, როგორც კი ჩაფრინდა პირდაპირ რესპუბლიკურში მიიყვანეს და მენჯის მოტეხილობა ქონდა .”

ქეთი ამჟამად საემიგრაციო მედია პლატფორმა ,,აპრიორი ტივი”-სთვის სტატიებს წერს, ასევე მუშაობს დილის სამსახურში, ოჯახის დამხმარედ. ახალგაზრდა ემიგრანტის გეგმები სამომავლოდ მასაჟის კაბინეტის გახსნას გეგმავს, იგი ამჟამად მასაჟისტის კურსებს გადის.

ქეთი ამბობს, რომ იტალიელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ძირეული განსხვავებაა, რადგან ქართველებს უფრო მეტი კომპლექსები აქვთ. ,,პირველი ალბათ თავისუფლება, მენტალიტეტი, ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, კომპლექსები, ქართველი ახალგაზრდა ფუთავს თავის პიროვნებას რაღაც თვისებებით, იტალიელი არა არის ისეთი როგორიც არის, არ აინტერესებს მას მოწონხარ თუ არა, თავის ქცევებს არ ზღუდავს, ქართველი ჩარჩოში აქცევს ყველაფერს .”

ახალგაზრდა ემიგრანტი საქართველო ძალიან ენატრება და იქ ხშირად დადის. იგი შორეულ მომავალში იქ დაბრუნებას გეგმავს. ,,საქართველოში ყველაზე ძალიან დედის და მამის საფლავი მენატრება, მამაც ამ ზაფხულს დამეღუპა, დედის გარდაცვალების მერე მამა სულ ამბობდა რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა

ქეთი თანატოლებს ურჩევს რომ არ შეუშიდნენ პრობლემებს და უკან არ დაიხიონ. ,,თუ რაღაც გულით გინდა ის აუცილებლად გამოვა , არ იწუწუნოთ არასოდეს . თუ დღეს რაღაც არ გამოვიდა ხვალ გამოვა , გახსოვდეთ რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია , ერთადერთი რასთანაც უძლურები ვართ სიკვდილია”

სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი

AprioriTV-ს რუბრიკის „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს. Geo House-ის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ემიგრანტების ისტორიების გაცნობას, რათა მათ გამოცდილება, წარმატებები და გამოწვევები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts