საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV აგრძელებს ემიგრანტი ქალების ისტორიების გაზიარებას. ქალების, რომლებმაც ემიგრაცია გამოწვევად აქციეს და საკუთარი თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაშიც შეძლეს.
თეა მაკალათია-ტუღუში/იტალია: 6 წელია რაც იტალიაში ვცხოვრობ, შვილებთან ერთად. ემიგრაციიდან ერთი წლის შემდეგ უმცროსი ვაჟი, თორნიკე ჩამოვიყვანე. 23 წლის არის ახლა და ჩამოსვლის დღიდან თავდაუზოგავად შრომობს. აქ სწავლაც აქვს დაგეგმილი. უფროსი ვაჟი, მათე „ერაზმუსის“ სტუდენტური პროგრამით წამოვიყვანე. პროფესიით სტომატოლოგია, აქ კი ავტოშეკეთების ცენტრში მუშაობს. ემიგრაციაში გატარებული რთული და შრომატევადი წლების შემდეგ, უარი ვთქვი 24-საათიან სამსახურზე და ახლა ე.წ. დღის სამსახური მაქვს, „ბადანტედ“ (მოხუცის მომვლელი) ვმუშაობ. კვირა დღეს კი ქალაქ ბარიში, ასოციაცია ,,იმედში”, რომელსაც ცინარი ღვალაძე ხელმძღვანელობს, საკვირაო სკოლაში პატარა ქართველ ემიგრანტებს, ქართულ წერა-კითხვას ვასწავლი.
პროფესიით დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ. ამ ყველაფრის მისაღწევად რთული გზა გამოვიარე, იმედი არასდროს დამიკარგავს. უფალი ყოველი სირთულის დროს ისეთ ადამიანებს მიგზავნის, რომლებიც ყოველი ახალი ნაბიჯის მანათობლები არიან. პირველ რიგში ხათუნა შარაძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი შვილის ჩამოყვანაში. მქონდა საბუთთან დაკავშირებით პრობლემები და მირჩიეს ხათუნა ბოლაშვილი, რომელმაც შესანიშნავად მომიგვარა ეს პრობლემა. როცა მე და ჩემს შვილებს იტალიური ენის პედაგოგი დაგვჭირდა, ცინარ ღვალაძე გვირჩიეს. ვისურვებდი ასეთი წარმატებული ემიგრანტი ქალები კიდევ უფრო მეტი გვყავდეს. ჩემთვის გზის მანათობლები არიან. ძალიან დამეხმარენ ჩემი თავის პოვნაში აქ დამკვიდრებაში.
მიუხედავად სირთულეებისა ვცდილობდი თავის რეალიზებას. იტალიური ენის სასწავლო კურსზე სიარული დავიწყე, რამაც ჩემი ემიგრაცია შეცვალა და საკუთარ თავთან დამაბრუნა. ქალბატონი ცინარისგან შემოთავაზება მივიღე, მის ასოციაციაში პედაგოგად მემუშავა, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერება აღმოჩნდა. ემიგრაციაში ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემია და მაბედნიერებს. მინდა ყველა მივისწრაფოდეთ წარმატებისკენ, აი ასეთი წარმატებისკენ როცა შენი წარმატებით სხვებსაც მისცემ იმის შესაძლებლობას რომ იყვნენ რეალიზებულნი.
ჩემო გმირო ემიგრანტო ქალბატონებო, იმედი არასდროს დაკარგოთ, ვაკეთოთ გულით და სიყვარულით ჩვენი საქმე, გამოვნახოთ დრო უფრო მეტად განვითარებისთვის არ დავკარგოთ ჩვენი მე. სიყვარულით თეა მაკალათია.