BREAKING

ემიგრაცია

შობა სხვის ქვეყანაში – ემიგრანტის წერილი

საემიგრაციო მედია პლატფორმა AprioriTV-ს ჟურნალისტის თამუნა მენთეშაშვილის საშობაო წერილი

ხვალ შობა თენდება!

ხვალ შობა თენდება, დღეს კი დიდი სამზადისია იტალიურ ოჯახებში. ყველგან დიდი მზადება და ფუსფუსია. მხიარული ხალხია იტალიელები. ყველა ღიმილით ეგებებიან ერთურთს. ბევრს ლაპარაკობენ, ხმაურობენ, მიდი-მოდიან, ყიდულობენ. ყიდულობენ და ფუთავენ საჩუქრებს (ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ნაწილია).

ხვალ მეოთხე შობას ვხვდები უცხო მიწაზე. მეოთხე ახალი წელი დგება ჩემი შვილების, ჩემი პატარა ბიჭების და საყვარელი ადამიანების გარეშე. მეოთხედ ვრთავ ნაძვის ხეს სხვისი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. მეოთხედ ვამზადებ ქართულ და იტალიურ კერძებსა თუ ტკბილეულს სხვა ოჯახისთვის. (ჩემთვის არის მეოთხე, თორემ კითხეთ რამდენი ემიგრანტი ხვდება მეცხრე, მეთორმეტე ან მეთხუთმეტე ახალ წელს სხვის ოჯახში). ამას მხოლოდ ემიგრანტები მიმიხვდებიან რას ნიშნავს, რა გრძნობაა, როცა უყურებ როგორ ემზადებიან მიმღები ოჯახის წევრები ერთმანეთის გასახარებლად. შენ კი შეჰყურებ სიხარულით ანთებული, მაგრამ მაინც ცრემლებით ივსება თვალის უპეები. გიხარია მათი სიხარული, როგორ არ გიხარია, მაგრამ განა დანაშაულია, რომ შენც გინდა, შენი შვილებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის რთავდე ნაძვის ხეს, ამზადებდე ნუგბარს და ფუთავდე საჩუქრებს?… ნუთუ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება?…

ემიგრანტებისთვის არ არსებობს, ჩვენთვის ეს არის ყველაზე დიდი ოცნებაცა და ბედნიერებაც…

განსაკუთრებით დღესასწაულებზე მძაფრდება ეს გაუსაძლისი გრძნობა. გრძნობა, რომელიც ოთხ კედელს შუა გაქცევს, გალიაში გამომწყვდეული, თავისუფლებას მოწყურებული ჩიტივით ეხეთქები აქეთ-იქით, გინდა გაფრინდე უკანმოუხედავად, მაგრამ არ გამოგდის. ბოლოს დაღლილს ჩიტივით გიფრთხიალებს გული, ნებდები რადგან გასასვლელს ვერ პოულობ, აღარც ფრთები გაქვს და გამოსავალსაც ბინდი აკრავს.

დრო კი არ იცდის, დაუნდობლად მიდის და ისევ შორიდან შევხარით და ვესიყვარულებით ჩვენი გულის და სულის ნაწილებს.

P.S. ჩემო მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. სიხარული და სიკეთე მოეტანოს ამ ახალ წელს თქვენი, ყველას ოჯახებისთვის. მაპატიეთ თუ სევდიანი პოსტი გამომივიდა. გულიდან წამოსული ვეღარ შევაკავე და ალბათ ბევრი ემიგრანტის სათქმელი ვთქვი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts