BREAKING

ემიგრაცია

„როცა იტალიას სძინავს, ქართველი დედები, შვილის მონატრებით გულმოკლულები ჩვენს პოტენციალს, განვითარების სურვილს, შვილის სითბოს, აქ ამ ადამიანებში ვდებთ, ზოგსაც გვიფასდება ზოგსაც არა“ – ემიგრანტის წერილი

„მე ერთი ჩვეულებრივი გოგო (ქალი) ვარ, გული არ ბერდებაო და ეგრეა, უბრალოდ ცხოვრებამ ნაადრევად მაწვნია ყველა სიკეთე და სიმწარე ერთად. მაგრამ მაინც ცხოვრობს ჩემში პატარა გოგო, რომელსაც ცხოვრება უხარია, იმედით შეჰყურებს თითოეული დილის გათენებას და ასევე ქალი რომელიც თითქოს დაბრძენებული, დადინჯებული, გონებადაძაბული განიხილავს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს  და ებღაუჭება თითოეულ თუნდაც მცირედ შანსს გავუმკლავდე იმ გამოწვევებს რომელსაც ცხოვრება გვახვევს თავს“. – ასე იწყება წერილი, რომელიც Apriori TV • აპრიორი ტვ-ის რედაქციას ემიგრანტმა თამარი თავაძემ გამოუგზავნა. თამარი წერილში საუბრობს ცხოვრების ორ ეტაპზე – ემიგრაციამდე და ემიგრაციაში და იმედს არ კარგავს რომ მის ცხოვრებაში უკეთესი დღეები დადგება.
 

მე? მე დღეს ერთი ჩვეულებრივი ემიგრანტი ვარ არაფრით გამორჩეული და არაფრით უკეთესი სხვაზე…. როცა ის მოევლინა ქვეყნიერებას ჩემზე ბედნიერი და ცხოვრების გამკლავების ჟინით შეპყრობილი არ დადიოდა დედამიწაზე ბევრი ადამიანი.
ქალში ყოველთვის დედის ინსტიქტი ჭარბობს და როგორც კი გავაანალიზე რომ, პოტენციური დედა ვიყავი, იმ წამიდან მიყვარს ის დათვის ბელი რომელსაც ჩემი შვილი ჰქვია, სისხლი, ხორცი, აზრი და არსი ჩემი არსებობის. როცა ის დაიბადა მეც მასთან ერთად დავიწყე გაზრდა და მაშინ ჩავხედე ცხოვრებას იმ პირქუშ თვალებში სადაც ხშირად ვხედავდი: ნაჩუქარ მეორად ტანსაცმელში გამოჭიმულ ჩემს  უტკბილეს ნაწილს. გულზე ეკლად მხვდებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი, მას ხომ ყველაფერი უხდებოდა, ქუჩაში შეუმჩნეველი არავის რჩებოდა და ოჯახურ სითბოში გაზრდილი ჩემი დათვის ბელი, ხშირად ისეთ რაღაცეებს იყო მოკლებული რაც ბევრ მის თანატოლებს არ აკლდათ.

დედის გული მაინც სხვა არის, ადგა დედაჩემმა და ამის შემყურე გადადგა ნაბიჯი და ემიგრანტი გახდა, ის სხვის შვილებს ზრდიდა რათა მისი მონატრებული შვილიშვილისთვის ელემენტარული გაეკეთებინა.

მეუღლე პატიოსანი, საზოგადოებაში დაფასებული  კაცი იყო, ყველა პატივს სცემდა და დღესაც ასეა, მე ვამაყობ რომ მისი შვილი გავზარდე და აღვზარდე, მიუხედავად გაჭირვებისა და სიდუხჭირისა. შვილიც გამოირჩევა კეთილგონიერებითა და ზრდილობით, პატივისცემით უფროსების მიმართ და თანადგომით მეგობრების მიმართ.

ბაღში ვმუშაობდი, მანდაც არ გამახარეს და იძულებითი განცხადება დავწერე. (სიტყვის თავისუფლების სანაცვლოდ) 118 ლარი არ იყო საკმარისი იმისთვის რომ  უკვე პირველ კლასელ დათას წიგნები შეეძინა.. იყო უფულობა,ისევ მეორადი ტანისამოსი,იყო მშიერი ადამიანები მაგრამ იყო ბედნიერება იმით რომ საღამოთი შვილს ჩავეხუტებოდი და ჩავხედავდი თვალებში სადაც სითბო, უმწეობა, უსაზღვრო სიყვარული და სიტყვები
,,დედა მჭირდები”იკითხებოდა. (ერთი ჩახუტება დღეს სიცოცხლის ნაწილად მიღირს მაგრამ…) 

ჩემს მეუღლეს მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. ჯოჯოხეთური ორი თვე გავატარეთ ერთად. შუაღამისას კედელზე ჯიღის ხმა მაღვიძებდა, სიმწრისგან ეს რუტინული მოქმედებაღა დარჩენოდა იმედად. არ ოხრავდა, არ კვნესოდა, მე მერიდებოდა .
როგორ ფიქრობთ რას აკეთებდა ამ დროს ქართველი ქალი, ცოლი, დედა?
ელვის სისწრაფით ჩავირბენდი, ნახევრად დაქოქილ ,,ოპელს” ქუჩაში გადავაბღუილებდი და უკანასკნელი კაპიკებით ვყიდულობდი გამაყუჩებელს, რომელიც მხოლოდ 4 საათის შედეგს დებდა. გვერდით არავინ, 6 წლის შვილი და მე. თუკი რამ მებადა ძვირფასეულობა ყველა გამაყუჩებლის სანაცვლოდ მინდოდა და ასეც ვიქცეოდი.

სასაფლაოდან პირველი მე და ჩემი შვილი გამოვედით, მოვკიდე დათას ხელი და… დიახ ნაწყენი ვიყავი თუ რატომ დამტოვა ასე ჰაერში მცირეწლოვან შვილთან ერთად უსახლკაროდ, ამდენ გამოწვევასთან და პრობლემასთან პირისპირ. დიახ მტკიოდა უსამართლო ჩემი ბედი და ძალა რომელიც მასულდგმულებდა იყო ის ციმციმა პატარა ლურჯი თვალები, რომელიც შემომციცინებდა იმ იმედით რომ დედა არასდროს მიატოვებდა, რომ დედა შეუძლებელს შეძლებდა,რომ დედა მთებს გადადგავდა მისთვის ერთადერთი იმედი ის იყო ჩემი, მე მასში ვხედავდი სტიმულს რომელიც მაძლევდა ძალას არდანებებისა.

მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესიდან გამოსასვლელად ფსიქო-ნევროპათოლოგმა 3 თვიანი მკურნალობა დამინიშნა. მთელი დღე ძილი და უყურადღებოდ დატოვებული ჩემი ერთადერთი მომავლის ნათელი წერტილი არ მასვენებდა.
ეს მდგომარეობა გაგრძელდა 15/20 დღე.

რა მოხდა მერე?

მერე ჩემში გაიღვიძა ძუ მგელმა შვილის გამო რომ  მარტოდმარტო ებრძვის ჯოგს.
მერე? მერე მივხვდი რომ ჩემს შვილს ასე ვერას ვარგებდი რომ ცხოვრება ჩემს გვერდით ჩაიარდა… მედიკამენტი თავიდან მოვიშორე და დავიწყე ბრძოლა.
კარგად მახსოვს ის დღე… ბაბუსთან დამეგობრებული ჩემი შვილის რეაქცია როცა, მისი ლამაზი დედა, დილით, გამოპრანჭული, კიბის საფეხურებს  ამაყად  მოუყვებოდა. მაშინ იგრძენი ჩემო თავო რომ ენერგია რომელიც შენში მიძინებულა უნდა გამოსულიყო, გადმოსულიყო და ყველა კედელი დაემსხვრია როცა მან გაშლილი ხელებით დედის კისერს ჩაებღაუჭა და სიტყვები:
,,მე ასეთი დედა მომწონს, ლამაზი და გაღვიძებული”-იმის შემდეგ სულ ფხიზლად ვარ, სულ მღვიძავს დე. თავი მაღლა ავწიე, რეალობას თვალები გავუსწორე, ცხოვრების სირთულეების გამოწვევის ჭიდილს შევუდექი.

სპეციალობით დიზაინერი ვარ, ასევე შევისწავლე ბიზნესის მართვის პროფესია. ახლა ახლის ძიებით დავკავდი, რაც რეალურად გამომადგებოდა, სულ ვცდილობდი განვითარებას, მქონდა და მაქვს ახლის შესწავლის წყურვილი და სურვილი. სტილისტის დიპლომი ავიღე და ბაღის პარალერულად სალონშიც დავიწყე მუშაობა.. მერე ჩემს სიმდიდრეს შევუვლიდი სკოლაში და სახლში ბაბუსთან ვტოვებდი.. იყო წვიმა, იყო თოვლი, იყო დარი და იყო ავდარიც. ვიყავი მარტოხელა, ლამაზი, ქვრივი… რა აღარ მოიგონეს რა აღარ მოპროტეს,ისიც კი გამაგონა ერთმა ქალბატონმა
-,,რა ვიდზეა ეს ქალი რაც ქმარი გარდაეცვალაო” – ოხ ეს მენტალურად  დაბალი ხედვა, ალბად ჩაძონძილი რომ დავენახე იტყოდა, ,,საწყალი როგორ გამხდარა და მოჰღებია ბოლოო“ – გულში ალბად კიდეც გაეხარდებოდა.
ესაა ადამიანი.? სოციუმის ბევრი ტალახი ვიწვნიე საკუთარ თავზე.
ყოველი ქუჩა, ყოველი კუთხე ისევ იმ ტკივილს მახსენებდა, მატერიალურმა მხარემც მაიძულა, ავდექი მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და სხვა ქალაქში გადავედით საცხოვრებლად. ვიქირავე ოთახი, სამსახური მიზერული ანაზღაურებით. ალბად წარმოგიდგენიათ რა შედიოდა  ჩვენი კვების მენიუში. ძირითადი რაციონი იყო პური.
კეთილი ახლობელი ადამიანების წყალობით მალე დავწინაურდი მენეჯერი გავხდი ბელარუსული ავეჯის მაღაზიაში, ბათუმის ფილიალში და ჩემი შემოსავალიც გაიზარდა. ამის სანაცვლოდ დილიდან საღამომდე შრომა მიწევდა. მაგრამ მაინც ამაყი და ბედნიერი ვიყავი, მე სახლში შვილი მელოდა!
ის ცხოვრების აზრია, ის ჰაერია და ის ჩემი ანგელოზია! მადლობა უფალო დედობის ბედნიერებისთვის, ყოველი გათენებული დღისთვის, განვლილისთვის და მომავლისთვის.
კორონა ვირუსის შემობრძანებამ ჩემი მიზერული შემოსავლის წყარო გადაკეტა, მაღაზია დაიხურა.

როცა მეუღლე დამეღუპა მეუბნებოდნენ რომ შემეძლო ემიგრაციაში წასვლა ,რომ ცხოვრებას ავიწყობდი, რომ ჩემს შვილს უფრო მეტს გავუკეთებდი, მაგრამ არა და ვერა, ვერ მოვიგლიჯე კალთიდან დედას ბუმბულს მიჩვეული ერთადერთი შვილი და სწორადაც მოვიქეცი!
მერე კი როცა 15 წლის (გარდატეხის ასაკში) უკვე როგორც მე მეგონა გაზრდილი შვილი, ბებოს დავუტოვე და მე გადავდგი ნაბიჯი ემიგრაციისკენ, ამან ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე ისე მკვეთრად იმოქმედა რომ დღეს მედიკამენტებს იღებს, დაისტრესა, დაეწყო დეპრესიის ჩუმი ფორმა და შედეგი მივიდა იქამდე რომ დიაგნოზი ,,ეპილეფსია” ჩაიწერა ექიმის დასკვნაში. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ბავშვს არ დავტოვებდი, თუნდაც გვეშიმშილა, თუნდაც დაყვედრებული გვეჭამა. სამადლოდ მორთმეული მერჩია, ოღონც ჩემთან მყოლოდა აქ.  მის გვერდით გასულიყო ეს ავადსახსენებელი, მის გარეშე გატარებული წლები.

მამაჩემი ორი წელია გარდაიცვალა, მე ის აქ მარტომ ვიტირე სულამოგლეჯილი ვბღაოდი  სახლიდან შორს, უცხო მიწაზე, სხვის ოჯახში სადღაც ეზოს სიღრმეში შევიდოდი, ისე რომ ვინმეს არ გაეგო, მე ხომ მამიკოს გოგო ვიყავი მისი ნებიერა, მეამაყება მისი სახელი, მეამაყება მისობა.
საყვარელი ბაბუ ჩემმა შვილმა იპოვა ეზოში  გარდაცვლილი და ესეც მისთვის იყო სტრესი. მოუკვდა მამა, წავიდა დედა, გარდაიცვალა გამზრდელი ბაბუც და ამ სტრესის ფონზე ჩემს შვილს შეტევა დაემართა, დღეს ის ეპილეფსიის საწინააღმდეგო აბებით მკურნალობს და ცდილობს ისწავლოს მარტო ცხოვრება. უკვე დედისგარეშე მე-4-ე წელი მიდის და ის ნაადრევად კაცად ჩამოყალიბდა, თითოეული წამი მტკივა მის გარეშე გატარებული, თითოეული წუთი უსასრულოდ ხანგრძლივია დედის გულისთვის.
პრაქტიკულად ეკრანის მიღმა იქცა კაცად. გული გამიჩერდა როცა საავადმყოფოს პალატაში, მთასავით აშოლტილი ჩემი შვილი საწოლზე, ვენაში გადასხმის კათეტერით დავინახე. თქვენ წარმოგიდგენიათ გიჟი დედა რომელიც შვილის გამო ყველაფერს გადაწვავს, დააქუხებს და გააცამტვერებს ასეთ  მდგომარეობაში ხედავდეს კილომეტრებიდან თავის შვილს რას განიცდის? ასე უმწეოდ არასდროს მიგრძვნია თავი. არ მახსოვს რამდენი საათი ვეგდე იატაკზე მუხლებით და უფალს ვთხოვდი მის კარგად ყოფნას, სწორედ მაშინ მოვახერხე დედის ენერგეტიკა მისთვის მიმეწვდინა და დღეს ყოველ საღამოს ლოცვის კითხვისას, როცა სძინავს ვცდილობ ანგელოზად ჩამოვუჯდე საწოლთან და ჩემი ძალებით და ენერგიით დავიფარო ამხელა მანძილიდან.
ესეც გადავლახე!
ხსნას ლოცვაში და უფლის დიდებაში ვხედავდი მხოლოდ.

არაფერია იმაზე მეტი ბედნიერება როცა  დედას მოგდის მესიჯი ,,იცი შენი შვილი ძალიან ზრდილობიანი და ჯენტლმენია“, ,,შენი შვილი ისეთი გაწონასწორებულია”, 
,,ჭკვიანი აზრებით დახუნძლულია”!
ის ცდილობს, მას უნდა რომ დედას შეუმსუბუქოს, მიუხედავად იმისა რომ გადაღლა არ შეიძლება მისთვის, აირჩია პროგრამირების პროფესია, ცდილობს დაბალი საფეხურიდან დაიწყოს მუშაობა რომ რაღაცას მიაღწიოს.
მე არ მაქვს უფლება დანებების, მე მის გამო გადავდე პირადი და ჩემი, დავთმე ახალგაზდა განათლებული, მოსიყვარულე ქალის ამბიცია და მხოლოდ მზრუნველი დედის ვალდებულება დავიტოვე. სულ მისია ჩემი სუნთქვაც და ჰაერიც. ხშირად მიფიქრია
-აზრი ჩემი ამ ქვეყნად მოვლინების?
პასუხი: – ჩემი შვილია.

ემიგრაციის ამ წლებზე რა შემიძლია გითხრათ, ალბად პირველ რიგში მადლობა ამ ქვეყანას რომ ათასობით ობოლ ბავშვს საქართველოში, არსებობის საშუალებას აძლევს დღემდე, ბევრი საზრდოობს ამ მადლიანი წყაროთი.
იყო მშიერი გათენებული ახალი 2024 წელიც ბარის MATER ჰოსპიტალში, საავადმყოფოს სკამზე. იყო მომაკვდავი ბებოც, რომელიც შვილებმა მე დამიტოვეს რათა მათ არ ენახათ დედის ბოლო წუთები, იყო ამ ბებოს თვალებში დანახული შიში, საშველად რომ გიხმობს თვალები და მე რომ კოცნის და ალერსის მეტი არაფერი შემეძლო მისთვის, მას ხომ თავისიანად მივაჩნდი და მეც ახლო ნათესავის გასაჭირად აღვიქვავდი მის მდგომარეობას და შესაბამისად არ შემეძლო გულთან არ მიმეტანა.
სითბო და სიტყვა ყველაზე იმედისმომცემია, ვიყვარებდი ყველა ბებოს და ბაბუს საკუთარივით, ვცდილობდი ის მოვლა, პატრონობა რაც მამას მივაკელი იტალიელი მოხუცების მოვლაში გამომესყიდა. მე არანაკლებ განვიცდიდი მათ გარდაცვალებას ვიდრე რიგითი ნათესავი.
ოჯახები სადაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავე  მიყვარდებოდა და ვუყვარდებოდი, ვცდილობდი მათთვის საქართველოზე კარგი წარმოდგენა შემექმნა და დამენახებინა ის, თუ რატომ გვჭირდებოდა აქ ქართველ დედებს მომვლელებად მუშაობა, თუ რად უღირდა შვილის მონატრებისგან გულმოკლულ დედას გაღიმება, ასევე ვცდილობდი ჩვენი ქვეყნის კულტურა სწორად მიმეწოდებინა. დღესაც მინდა უკეთ ვიცოდე მათი ენა და მათი საზოგადოების ნაწილი გავხდე, -რათა უკეთ ავუხსნა მნიშვნელობა სიტყვისა ,,გენაცვალე”.

როცა მარტო ვრჩებოდი, ჩემს ფიქრებში ვიკეტებოდი, ნაკადულად მოდის ცრემლი და მონატრებისგან სულის კივილი საფეთქლებს  მიწვავს. ყოველ ღამე ტირილით და ემოციით მიბნელიდი ჩავეხუტები შვილის ნაცვლად, ქვასავით გაყინულ ბალიშს და როცა ცრემლი დაასველებს მის კუთხეებს, თითქოს ბალიშიც ლღვება და მითანაგრძნობს, თითქოს ახლობელივით ისიც გულში მიხუტებს და ჩამჩურჩულებს შინაგანი ხმის საშუალებით ,,ნუ გეშინია ესეც გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება”.

 როცა იტალიას სძინავს, ქართველი დედები, შვილის მონატრებით გულმოკლულები ჩვენს პოტენციალს, განვითარების სურვილს, შვილის სითბოს აქ ამ ადამიანებში ვდებთ, ზოგსაც გვიფასდება ზოგსაც არა, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ ემიგრაციამ ჩემი შვილი შიმშილისგან იხსნა, მე კი  ფსიქიკა დამიზიანა.
მალობა უფალს, მადლობა სამყაროს, მადლობა იტალიას ამისთვის,მე ხომ დედა ვარ და შვილისთვის მინდა ჩემი სიცოცხლე და დარჩენილი წლებიც. გავხდი ყოვლისამტანი, ნაკლებად ფეთქებადი და მივეჩვიე მორჩილებას. ხოლო სულში რაც ხდება ეგ ერთმა ღმერთმა იცის.
საქმეში ჩართულს უცებ ცრემლი რომ მოგადგება… გული  უსამართლობის შემყურეს ყელთან გიცემს, მონატრების ტკივილისგან წელში იხრები, თავს ძირს ხრი, მთელი ეს ტანჯვა სახეზე გაწერია, ერთს ამოისივლებ პირს გააღებ და მთელი ძალით, მთელი არსებით უხმოდ ბღავი, ბღავი როგორც განწირული სული და არ იცი როდის დასრულდება ეს სატანჯველი….
გონზე მოდიხარ, სახეს აწყობ რომ არ შეგამჩნიონ შენი სულის კივილის ამოძახილი და აგრძელებ რუტინულ მოქმედებებს.
სანამდე ?!
ეს უკვე ერთმა ღმერთმა იცის.

ესეც გაივლის!
ყველა ემიგრანტს ხომ თავის ჯვარი აქვს სატარებელი, თავის ტკივილი და თავისი ეკლიანი გზა აქვს გასავლელი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts