BREAKING

ემიგრაცია

„ჩემებს ვთხოვდი, – მოაბრუნეთ მანქანა, ამას ვერ გავაკეთებ მეთქი. მეგობარმა მითხრა: შენი შვილის მომავლისთვის ეს უნდა შეძლო, უკან არ დაბრუნდე თორემ ვერასოდეს შეძლებ ფეხზე დადგომასო“ – ემიგრანტის ხმა

წარმატების მიღწევის მარათონი თუ ვინმეში იღვიძებს, ეს ემიგრაციაა! ჩვენ, ემიგრანტები წარმატების მიღწევის სიჩქარეს ვავითარებთ, რომ სამშობლოში ცხოვრებაზე გამარჯვებულები დავბრუნდეთ!!!

დიდი და მასშტაბური წარმატებები ადამიანთა უმრავლესობის სურვილია, ჩვენ გვიყვარს როცა გვაღიარებენ, გვამჩნევენ და პატივს გვცემენ, მაგრამ სამყაროს თავისი წესები აქვს – წარმატება ყველას არ ერგება და შეიძლება ისე მოგვიწიოს ცხოვრება რომ ვერასდროს ვერავინ შეგვამჩნიოს, არავინ გვითხრას რომ საჭირო ვართ, არავინ გვაღიაროს როგორც სუბიექტები…

ამიტომ, დღეიდან საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV.com ყველაზე გაბედულ, ყველაზე მშრომელ, ყველაზე უბრალო და ამაყ ადამიანებს – ემიგრანტ ქართველებს გაგაცნობთ.

ეს გახლავთ რუბრიკა „ხუთშაბათი – დღე, როცა ემიგრანტი მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის და ჩვენი სტუმარია ირმა ხელაია.

ირმა ხელაია: ჩემი ისტორიაც ყველა ქართველი დედის მსგავსია. არაფრით განსხვავებული. ცხრა წლის იყო ჩემი შვილი, მე და ჩემი ყოფილი მეუღლე რომ დავშორდით. მანამდე ჩვენს სიყვარულზე, ჩემს პატარა მარტვილში ლეგენდასავით დადიოდა ჩვენი სიყვარულის ისტორია. მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება კარგიც და ცუდიც. დავრჩი მარტო პატარა შვილთან ერთად. ნაქირავებ ბინაში ვზრდიდი და მასთან ერთად მეც ვიზრდებოდი, რადგან არ ვიცოდი დამოუკიდებლად ცხოვრება როგორ ხდებოდა. მქონდა საკუთარი ავტოსკოლა, კომპიუტერების შემსწავლელი კურსები და ჩემი შემოსავლით გამქონდა თავი. მაგრამ ეს არ იყო ის თანხა რომლითაც შევძლებდი საკუთარი ჭერის შეძენას. შვილიც იზრდებოდა და სჭირდებოდა მეტი და მეტი, რომ მომავალი ჰქონოდა.

არასდროს მიფიქრია ემიგრანტობაზე, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ კი ამ გზას ავირჩევდი, რადგან არავინ მყავდა ისეთი, ვისთანაც შემეძლო შვილის დატოვება, რადგან არ ყოფილა ისეთი ღამე რომ მე და ჩემს შვილს ერთად არ დაგვეძინა. სულ იმის შიში მქონდა რომ უჩემოდ რამე მოუვიდოდა. მაგრამ ეს შიში იმან გადამალახინა როცა 2018 წლის ახალი წელი თენდებოდა. არაფერი მქონდა სახლში ისეთი რომ საახალწლო სადილი მომემზადებინა და მხოლოდ ჩაი და პურით გადავაგორეთ. ჩემს დასს ვთხოვე იქნებ შეძლო და ერთი ფეიერვერკი მომიტანო რომ ილიას გული არ დასწყდეს და ჩვენი აივნიდანაც გაისროლოს მეთქი. კი მომიტანა მაგრამ ნეტავ არ მოეტანა. გახარებული მივაწოდე დედა ვისროლოთ მეთქი და პასუხი ასეთი იყო: ამის ნისიის დადებას რამე საჭმლის ვალი დაგედო უკეთესი იქნებოდაო.

მაშინ ცხოვრებაში პირველად მოვკვდი. მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე რომ ბავშვი კი არა ჩემს წინ ასაკთან შედარებით ზრდასრული ადამიანი იდგა, ისეთი დიდი ბავშვი რომელსაც სასროლი ფეიერვერკი კი არა მომავალს რომ გაუნათებდა ისეთი შაშხანა უნდა დამენთო მის ცხოვრებაში.

ჩემი მეგობრის დახმარებით ავიკიდე ერთი ზურგჩანთა, რომელშიაც ჩავატიე ჩემი შვილის მომავალი, მაშინ დავიფიცე რომ ეს იქნებოდა ბოლო ახალი წელი რომელსაც გავაყოლებდი ჩემს იმ პრობლემებს რომელიც ,,უ,, ზე იწყებოდა.

ჩემი შვილი, 14 წლის ასაკში სრულიად მარტო მართლა ღმერთის ამარა დავტოვე . ღამის ორ საათზე ეხლაც მახსოვს როგორ გადავატრიალე გასაღები და გამოვკეტე ოთახში მარტო. მივდიოდი და რაც უფრო ვშორდებოდი ჩემს შვილს მით უფრო გული მიხდებოდა ცუდად. ჩემებს ვთხოვდი, – მოაბრუნეთ მანქანა, ამას ვერ გავაკეთებ მეთქი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა: შენი შვილის მომავლისთვის შენ ეს უნდა შეძლო, უკან არ დაბრუნდე თორემ დამიჯერე ვერასოდეს ვერ შეძლებ ფეხზე დადგომასო. შევძელი და წამოვედი.

აქ ჩამოსულზე სხვა სტრესი დამხვდა. უენო, უსაბუთო, სულ სხვა სამყაროში ამოვყავი თავი. ცალკე შვილზე ფიქრი, ცალკე სამსახურის შოვნა. არ გავაგრძლებ რამდენი რამის გადატანა მომიწია რომ მოვსულიყავი დღემდე. დღეს მე ვთვლი რომ ძლიერი ქალი ვარ. შემდგარი პიროვნება. უშიშარი ქალი. მე იმდენი შევძელი რომ ჩემი შვილი ჩემს გვერდით მყავს. ვცდილობ აქ ავუწყო ცხოვრება. ჩვენი ხუთწლიანი განშორება დამთავრდა. დღეს უკვე 19 წლის არის და იცის რაც უნდა. მთავარია თავისი მიზნების ასრულებისთვის ისე იბრძლოს როგორც მე ვიბრძოდი მისი მომავლისთვის.

მინდა ყველა ემიგრანტ ქალბატონს გამძლეობა ვუსურვო. მინდა ყველა ქართველ დედას შვილი გვერდით ჰყავდეს. მინდა ყველა მომავალი თაობა დაბრუნდეს მშვიდობიან საქართველოში და ის ცოდნა და განათლება რასაც სხვა ქვეყანაში იძენენ, ჩვენს სამშობლოს მოახმარონ.

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!

იტალია/ქალაქი ბარი. ირმა ხელაია შვილთან ერთად

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts