8 მარტს, სამხრეთ იტალიის ქალაქ Castellana Grotte-ში გაიმართა კულტურული ღონისძიება — XII edizione, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალბატონები, მათ შორის ემიგრანტი ქალებიც.
იტალიელი აუდიტორიის წინაშე ამჯერად წარსდგა ქართველი ემიგრანტი, ხუთი შვილის დედა თეონა ლომიძე, რომელმაც წაიკითხა ქართველი პოეტის ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი — „თუთა“. მისი გამოსვლა განსაკუთრებული ინტერესითა და ემოციური მხარდაჭერით შეხვდა დარბაზში შეკრებილი საზოგადოება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში წლების განმავლობაში უკვე ექვსმა ქართველმა ქალმა მიიღო მონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ემიგრანტი ქალების აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებაში.
დიასპორული მედია AprioriTV ღონისძიებას უკვე მეექვსედ აშუქებს, რაც ჩვენი პლატფორმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს კულტურულ დიალოგს, ინტეგრაციასა და ემიგრანტი ქალების ხმის გაჟღერებას იტალიურ საზოგადოებაში.
AprioriTV მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს დანიელა ლოვეჩეს და Castellana Grotte-ს მერიას ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმის შექმნისთვის, სადაც ქალები თავიანთ გამოცდილებას, შემოქმედებასა და ისტორიებს საზოგადოებას უზიარებენ.









