BREAKING

ძლიერი ქალები ემიგრაციაში

იტალიასა და საქართველოს შორის – ექიმი ნინო ჩარკვიანის ემიგრანტული გზა

რუბრიკა: ჭკვიანი ქართველი ქალები Le donne georgiane intelligenti

თეონა ჭანტურია – ემიგრანტების ხმის გამხმოვანებელი

თეონა ჭანტურია წლებია ემიგრანტი ქართველების ისტორიებს უღრმავდება და მათი ემოციური და ცხოვრებისეული გამოცდილებების დოკუმენტირებას ცდილობს. მისი ინტერვიუები არა მხოლოდ ემიგრაციის რეალობას ასახავს, არამედ იმ სირთულეებს, მონატრებასა და იმედს, რასაც უცხო მიწაზე წასული ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან. ამჯერად, თეონამ მკითხველს ნინო ჩარკვიანის ამბავი მოუტანა – ერთ-ერთი იმ ქართველი ქალის, რომელმაც სამშობლოდან შორს, იტალიაში, თავისი პროფესიული გამოცდილება, გულისხმიერება და თავდადება არ დაკარგა.

თეონა ჭანტურია: ჩემი რესპოდენტი, როგორც გითხარით, არის ექიმი ნინო ჩარკვიანი. მან არაერთხელ გაუწია პროფესიული დახმარება ემიგრანტებს. იგი უშუალო, ჭკვიანი და ყურადღებიანი ქალია.

ჩემო საყვარელო თეონა! დიდად არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, არც არასდროს მიყვარდა. მირჩევნია კულისებში ყოფნა, მაგრამ უარი ვერ გითხარი, ჩემო ტკბილო, ოქროს გულით გოგო.

ინტერვიუს მცირე პროლოგს დავურთავ, რათა უკეთ გაიგო ჩემი ხედვა ემიგრაციაზე.

90-იან წლებში, საქართველოს ტელევიზიით გადიოდა პატარა ანტირეკლამა ემიგრაციაზე. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ემიგრაციაში იყო, მოუწესრიგებლად ჩაცმული, ფეხსაცმლის თასმები გახსნილი, სევდიანი გამომეტყველებით მიდიოდა ტელეფონის ჯიხურთან და უცხოეთიდან ურეკავდა ოჯახს საქართველოში. მათ უყვებოდა, თითქოს ყველაფერი კარგად ჰქონდა, თუმცა თვალებში და სახეზე ეტყობოდა, რამდენად განადგურებული იყო. ამ რეკლამის ყურება ჩემთვის აუტანელი იყო.

2012 წელს დადგა დრო, როცა ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ტურისტული ვიზით ჩამოვედი იტალიაში. ბარგი? – პატარა ჩანთა, მხოლოდ აუცილებელი ნივთებით.

ჩემს ცხოვრებაში დაიწყო რთული პერიოდი. თუმცა საქართველოშიც არაერთი სირთულე მქონია – 9 წლის განმავლობაში 5 ოჯახის წევრი დავკარგე. ცხოვრებამ არაერთხელ დამაჩოქა, მაგრამ ვისწავლე, როგორ უნდა წამოდგე დაცემის შემდეგ და გზა გააგრძელო. ამიტომ ვცდილობ, მიწასთან ახლოს, თავდახრილი ვიარო – მაღლიდან დაცემა უფრო მტკივნეულია.

ჩემს პროფესიულ გზაზე…

საქართველოში ვმუშაობდი ქვემო ქართლში, კერძოდ, ბოლნისის რაიონის ნახიდურის ამბულატორიაში მთავარ ექიმად. ვემსახურებოდი 10,000-მდე მოსახლეს, ამავდროულად მქონდა ოჯახის ექიმის სტატუსი. პარალელურად, ქვემო ქართლის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში ექიმ-ნარკოლოგად ვმუშაობდი.

ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე – ჩემს ერთადერთ ვაჟიშვილს სურდა ამერიკაში წასვლა, მე კი მინდოდა, ეკონომიკურად დავხმარებოდი. მიუხედავად შვილისა და რძლის წინააღმდეგობისა, მაინც წამოვედი…

აეროპორტში ჩემებს დავემშვიდობე. მეშინოდა, ვტიროდი, მაგრამ მდუმარედ – მათ წინაშე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. მიუხედავად ყველაფრისა, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი ლამაზად და კარგად დასრულდება, როგორც ზღაპრებში.

იტალიაში ახლობლების მოძებნა რთული არ აღმოჩნდა – რომში ჩამოფრინდი, დამხვდა ადამიანი, რომელმაც საცხოვრებელ ბინაში წამიყვანა. რვა დღეში კი სამსახურში შევედი – ალცჰაიმერით დაავადებული ქალბატონის მომვლელად.

ემიგრანტის ემოციები…

ემოციები დროთა განმავლობაში ქრება, თითქოს სანთელივით იღვენთება. ფერების აღქმა იკარგება – ყველაფერი შავ-თეთრ ან მაქსიმუმ ნაცრისფრად გეჩვენება. ჩემს ადაპტაციას დიდი დრო დასჭირდა – ხუთი-ექვსი წელი. ფიზიკურად აქ ვიყავი, მაგრამ სული და გული საქართველოში დამრჩა.

რვა წელი ვიმუშავე არალეგალურად. 2020 წელს, კოვიდის პერიოდში, მიღებულმა კანონის ცვლილებამ მომცა საშუალება, მუშაობის უფლება (Permesso di soggiorno) ამეღო. ეს საბუთი ჩემთვის დოქტორის ხარისხის ტოლფასი იყო. ჩემი პროფესია აქაც გამომადგა – ტერმინალურ პაციენტებთან მუშაობისას.

იტალიაზე და ემიგრაციაზე…

პირველად კოვიდის პერიოდში ვიგრძენი, რომ იტალია ჩემი მეორე სამშობლო გახდა. მეორედ – 11 წლის შემდეგ, როცა საქართველოში დავბრუნდი მხოლოდ ორი თვით. მომენატრა იტალია და იტალიელები. ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ იტალიაც ჩემი მეორე სახლია.

რაც შეეხება ემიგრაციას – ჩემთვის ეს ყველაზე უსასტიკესი განაჩენის გამოტანა საკუთარ თავზეა. თავს 1937 წლის გადასახლებულ ადამიანად ვგრძნობ, ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ აქ შრომისთვის ანაზღაურება მაქვს. თუმცა მაინც მაკლია სითბო, სიყვარული, ოჯახთან ურთიერთობა, საქართველო… მენანება წლები, რაც სამშობლოდან შორს გავატარე. მენანება ჩემი თავი.

ხშირად ვამბობდი – “ჩვენ გადავცურავთ ზღვას”, მაგრამ უმეტესობამ ვერ შევძელით…

მშვიდობიან ღამეს გისურვებ, თეო.

ნინო ჩარკვიანი

სტატია მოამზადა თეონა ჭანტურიამ

იტალია/ქალაქი ბარი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts