29 იანვარს ახალი მთვარე მერწყულში ახალი შესაძლებლობების კარს გვიხსნის. ეს არის ძველი შეზღუდვების გაშვების და საკუთარ თავში გამბედაობის ხელახლა აღმოჩენის დრო. მერწყული, პროგრესისა და ინოვაციების ნიშანი, გვასწავლის, რომ ცვლილებები ყოველთვის იწყება ერთი პატარა, მაგრამ გაბედული ნაბიჯით.
ახალ მთვარეს ჰარმონიული ასპექტი აქვს იუპიტერთან ტყუპებში, რომელიც შეგვახსენებს, რომ ჩვენი გონება ჩვენი უნიკალური რესურსია.
ეს ასპექტი იდეების გაზიარების და სწავლის ენერგიას გვაძლევს. ახლაა დრო, როცა კითხვებს ვსვამთ და პასუხებსაც ვპოულობთ. დაფიქრდი, რა გაბედე ბოლოს? რითია შენი გონება დაკავებული? ბოლოს რა ისწავლე ახალი?
მერკურისა და პლუტონის შეერთება ახალ მთვარესთან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ არა მხოლოდ გავიაზროთ ჩვენი ღრმა სურვილები, არამედ ვიმოქმედოთ კიდევაც მათ დასაკმაყოფილებლად. ეს ჰარმონიული კომუნიკაციისა და სიმართლის შანსია – პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე. და ეს ის სიმართლეა, რომელიც შთაგვაგონებს ვიმოქმედოთ, ვიმოძრაოთ, წინ ვიაროთ.
პლუტონის ახლად დაწყებული ტრანზიტი მერწყულში ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოს წარმოადგენს – როგორც პირად, ასევე სოციალურ და გლობალურ დონეზე. ახალი მთვარის პლუტონთან შეერთება გვახსენებს, რომ სიახლეებისთვის სივრცის გამოსათავისუფლებლად ჯერ გაშვებებია საჭირო. ეს არ არის ზედაპირული ცვლილებების დრო. ეს არის ღრმა გაცნობიერებების მომენტი, როცა შეიძლება აღმოაჩინო, რომ სწორედ შენს შიშებსა და ჩვევებში იმალება შენი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილები.
ამავე დღეს იწყება აღმოსავლური კალენდრით გველის წელი, რომელიც განახლების და შინაგანი ტრანსფორმაციის სიმბოლოა.
აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, რომ გველი არა მხოლოდ სიმბოლოა განახლების, არამედ ღრმა ტრანსფორმაციის, შინაგანი სიბრძნისა და სულიერი ზრდის. გველის ტყავის ცვლის პროცესი შეგვახსენებს ცხოვრების ციკლურობას. გველი საკუთარ თავს არ ეკითხება, რამდენად კომფორტულია მისი ძველი ტყავი. ის უბრალოდ იცვლის მას, რადგან ეს პროცესია მისი ბუნება. აღმოსავლური ფილოსოფია გვეუბნება, რომ ცვლილება არ არის არჩევანი – ეს ცხოვრების ნაწილია. რაც უფრო მეტად ვეწინააღმდეგებით, მით მეტად ვიღლებით. მაგრამ თუ მივენდობით ამ პროცესს, ცვლილება ხდება ჩვენი სიძლიერის წყარო.
გველს ხშირად ადარებენ კუნდალინის ენერგიას – ჩვენს შინაგან ძალას, რომელიც წევს და ელოდება გამოღვიძების დროს. ის გვიბიძგებს, ვიპოვოთ ჩვენი შინაგანი ცენტრი და გავთავისუფლდეთ ზედმეტისგან, იქნება ეს ემოციური ტკივილი, წარსულის ტვირთი თუ მცდარი შეხედულებები საკუთარი თავის მიმართ.
რას გკარნახობს შენი შინაგანი სიბრძნე, რისი განახლებაა საჭირო?
რა არის შენთვის ჭეშმარიტი და ნამდვილი, რაც არ უნდა დაკარგო?
გველის ფილოსოფია ასახავს იმ იდეას, რომ ნაკლებად მიეჯაჭვო გარეგნულს და უფრო მეტად მიენდო შინაგანს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დროებითია – სიხარული, ტკივილი, წარმატება და მარცხი. გაშვების უნარი კი ყველაზე დიდი სიბრძნეა, რასაც საბოლოოდ სიმშვიდე და თავისუფლება მოაქვს.
მიუდექი წელს როგორც შესაძლებლობას, რათა საკუთარ თავს ახალი თვალით შეხედო, დაუთმო სივრცე სინათლეს და ისწავლო ცხოვრების მიმართ ნდობა. გველის წელი შენს შიგნით იმ სიბრძნეს გააღვიძებს, რომელიც ყოველთვის იქ იყო
არ დაგავიწყდეს, რომ შენი ცხოვრება შენი არჩევანია. ახლაა დრო, გონება და გული ერთად გამოიყენო შენი უნიკალური გზის საპოვნელად. მერწყულის ეს ახალი მთვარე არ გთხოვს მოქმედებას სრულყოფილებით. ის უბრალოდ გეუბნება: “გაბედე!”
გამოიყენე ეს ენერგია, რომ იყო ინოვატორი საკუთარ ცხოვრებაში. ახალი დასაწყისის დროა – შენი თავისუფლების დრო
პერსონალური კონსულტაციისთვის მომწერე შეტყობინება
წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებ!