ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირმა რევიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს ტრენტოს უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შესახებ, რომელიც მისი თქმით, იქცა ერთიანობის, სიყვარულისა და ქართული იდენტობის ცოცხალ გამოვლენად ემიგრაციაში.
იტალიის ქალაქ ტრენტოში, ტრენტოს უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტში (Aula Kessler), გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (Young European Ambassadors – YEAs) მიერ იტალიიდან და საქართველოდან — ანა კუპრავასა და საბა ჩიტორელიძის მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო YEA ინიციატივა, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ევროკავშირის გაფართოების პროცესი და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები. შეხვედრა გაიმართა ტრენტოს უნივერსიტეტთან და “UNITN” სტუდენტურ ასოციაციასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავდა ინტერკულტურული დიალოგის გაღრმავებას იტალიელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის.



კონფერენციის დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოება ქართველმა სტუდენტებმა და ტრენტოს ქართულმა დიასპორამ ქართულ ფურშეტზე მიიწვიეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები და დესერტები, ქართული ღვინო, მინერალური წყლები და ნატურალური ქართული ჩაი.
ირმა რევიშვილის თქმით, ქართული ჩაის წარმოდგენა შესაძლებელი გახდა ქეთევან ნაცვლაძისა და ლელა ნაცვლაძის მხარდაჭერით, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ქართულ სუფრაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი კერძები და დესერტები მომზადებული იყო დიასპორის წევრების მიერ. განსაკუთრებული მადლობა გამოითქვა დების — ლია კოშაძისა და ბაია კოშაძის მიმართ, რომლებმაც თავიანთ ოჯახებთან ერთად იზრუნეს ყველა დეტალზე; ასევე დების — თიკო მირუაშვილისა და თამთა მირუაშვილის მიმართ, რომლებმაც ოჯახების ჩართულობით შექმნეს სუფრა დიდი სიყვარულით.
მადლიერებით არის მოხსენიებული დედა-შვილი — ნანა ჩარკვიანი და ცისია ჩარკვიანი, საოცარი დესერტების მომზადებისთვის, ხოლო ქალბატონ ირმა ზანარდიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამეგრელოს კუთხის ღირსეულად წარმოჩენაში.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მადლობით არიან მოხსენიებულნი:
ანა შუბითიძე, ქეთი ქათამაძე, ნათია ბერძენიშვილი, ინგა მსხილაძე, შორენა შველიძე, მაია ტიბიაშვილი, მაია ბასილაშვილი, სოფო ბოჭორიშვილი, ჟანა ბოჭორიშვილი, დარეჯან ხომერიკი, მარიკა კოპალიანი, მარიკა რევიშვილი, ნაზიბროლა ნაკაშიძე, ალა აფრიდონიძე, თამთა მირუაშვილი, თიკო მირუაშვილი, გვანცა ბოდაველი, თამთა ბრეგვაძე, ნათია ბაიდოშვილი, მელანო ჯიქიძე, ზეინაბ ლომიძე, ინგა ბიგვავა, ლია კაკაურიძე, ეკა იობიძე, ლონდა ცინაძე, ლია მთავრიშვილი.



განსაკუთრებული მადლობა გამოითქვა ჯოვანი ბალანოს მიმართ — მელანო ჯიქიძის მეუღლისადმი, იტალიელი მეგობრისა და მხარდამჭერისადმი, რომელსაც ირმა რევიშვილი „უნიკალურ და საიმედო ადამიანად“ მოიხსენიებს.
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ფონი შესძინა პროფესიონალი მომღერლის ნათია ბერძენიშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, განსაკუთრებით კი სიმღერამ „საქართველო“, რომლის დროსაც, როგორც ირმა რევიშვილი წერს, ემიგრაციაში მყოფი ქართველები ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ასევე გამორჩეული იყო პოეტ ნანა ჩარკვიანის მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები, რომლებმაც ღონისძიებას ღრმა სულიერი დატვირთვა შესძინა.
ირმა რევიშვილი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ანა კუპრავას როლს და აღნიშნავს, რომ მისი და საბა ჩიტორელიძის თაობა არის „ხვალინდელი, ღირსეული საქართველო“, რომლის ხმა უცხოელებისთვის ინგლისურად, მაგრამ ქართული გულით ჟღერდა.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი სტუდენტი ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობს საქართველოს, ევროკავშირის გაფართოების პროცესსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ, ინფორმაციის, მუსიკის, პოეზიისა და კულინარიის შერწყმით შეიქმნა სივრცე ურთიერთგაგებისა და სწავლისთვის.
„თქვენ ხართ საქართველო“, — წერს ირმა რევიშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კიდევ ბევრჯერ გაიბრწყინებს ტრენტოში.









