BREAKING

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია 22 ნოემბერს ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელი“დღესასწაულს ზეიმობს

ამ დღეს ასევე მოწამეთა ონისიფორეს და პორფირიოსის, ღირს მატრონას, ღირს თეოქტისტას, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელს, ღირს იოანეს, ღირსთა ევსტოლიას და სოსიპატრას იხსენებენ.

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“

ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული.

თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წელს გამოავლინა, როდესაც ჩვეულებისამებრ, ტრაპეზარმა ნილოსმა ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და ხმა შემოესმა „აქ ნუღარ გაივლი ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემ სახეს”. ნილოსმა ჩათვალა რომ ეს ძმების მიერ მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიუქცევია და ძველებურად გაივლიდა ხოლმე ხატის წინ ანთებული კვარით.

გავიდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ესე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?” და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. მაშინ გაახსენდა ადრე ნათქვამი სიტყვებიც და იგრძნო თავისი ცოდვის სიმძიმე. მიხვდა, ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ნათქვამის უგულებელყოფის და დაუდევრობის გამო. ნილოსს დაბრმავების შემდეგ თვალის ტკივილები სტანჯავდა და დღედაღამ წმიდა ხატის წინაშე ლოცულობდა და მოთქვამდა. ერთხელ მას ხმა მოესმა : „ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, აცნობე ძმებს, რომ მე ვარ მათი მფარველი და მცველი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივატოვებ, ყველასთვის ვინც ღვთისმოსაობით მომმართავს, შუამდგომელი ვიქნები და ძე და ღმერთი ჩემი, ჩემივე მეოხებით შეისმენს მათ ლოცვას, ასე რომ დღეიდან ჩემს ხატს „მსწრაფლშემსმენელი” ეწოდება რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოუვლენ წყალობას და მათ თხოვნას შევისმენ”.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts