წერილის ავტორი: მელი თურმანიძე, მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ქართული რესტორნის „მერისი“ მფლობელი და მედიაპლატფორმა „მერანის დამფუძნებელი“
„ჩემმა დამ, ამ სიტყვების სრული გაგებით, იტალიაში გამოიტყუა…“ — ასე იწყება ემიგრანტის ოჯახური ისტორია, რომელიც ბრძოლით, ლოდინით, სევდით და საბოლოოდ — მკვეთრი შვებისმომგვრელი სიხარულით სრულდება.
მამა, რომელმაც საქართველოში გაიგო მძიმე დიაგნოზი — ავთვისებიანი სიმსივნე პროსტატის ჯირკვალზე და ლიმფონოდებში გაჩენილი მეტასტაზები, იტალიაში ოპერაციის იმედით ჩავიდა. თუმცა რეალობამ მკურნალობის სრულიად განსხვავებული გზა გაუკვალა: არცერთი ოპერაცია არ ჩატარებულა. მხოლოდ კვლევები, ბიოფსიები და სამჯერადი რადიოთერაპია ცხრა თვის განმავლობაში.
ამ პერიოდში იყო ტკივილი, შიში, ემიგრანტული სევდა, შვილების გამუდმებული ზრუნვა და ერთად ნამღერი ქართული სიმღერები.
და საბოლოოდ — სასწაული!
ექიმი არ ვიცი რატომ საუბრობდა ძალიან ხმამაღლა, მამა ყრუ ეგონა, თუ შედეგი ახარებდა არ ვიცი? – წერს მელი.
დღეს, მესამე თერაპიის შემდეგ, ექიმმა ხმამაღლა და სიხარულით განაცხადა:
„ჩვენ ის დავამარცხეთ! ავთვისებიანი სიმსივნე გაქრა. ბატონო, შეგიძლიათ დაბრუნდეთ შინ — ბედნიერად და მშვიდად. ცხრა თვეში შემოწმებაზე გელით.“
მამა ჯერ კიდევ ეჭვით იმეორებს: „მართლა მოვრჩი? დანა არ მიუკარებიათ ჩემთვის, სად გააქრეს?!“ — მაგრამ შინ დაბრუნებას უკვე განკურნებული გეგმავს.
ფოტო, რომელიც მელის მამა კაპუჩინოს სვამს და ბრიოშს მიირთმევს მილანის ერთ-ერთ ბარშია გადაღებული, სადაც ბარმენს არცერთხელ არ დავიწყებია კაპუჩინოზე გულის დახატვა.
ეს არის ბრძოლით მოპოვებული სიმშვიდე. მადლობა უფალს. მადლობა იტალიის ჯანდაცვას. მადლობა ემიგრანტების ძალას და თანადგომას. – წერს მელი თურმანიძე.