BREAKING

იტალია

რეჯო კალაბრიაში ქართველი ემიგრანტი ქალის მიმართ სასტიკი ძალადობა: 22 წლის გოგოს ცხელი ყავა შეასხეს და მესამე ხარისხის დამწვრობა მიაყენეს

რეჯო კალაბრიაში 2025 წლის დეკემბრის მიწურულს მძიმე ძალადობის ფაქტი მოხდა: 22 წლის ქართველ ემიგრანტ გოგოს ქართველმა ქალმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთანავე ცხელი ყავა შეასხა, რის შედეგადაც გოგონამ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

დაზარალებული, ნაზუჩა ბახლამიშვილი დიასპორულ მედიაპლატფორმა AprioriTV-ს დაუკავშირდა და გვთხოვა მისი ისტორიის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. ნაზუჩას მონათხრობით, ძალადობა წინასწარ იყო დაგეგმილი. მისი თქმით, ქართველი ქალი, რომელმაც მას ცხელი ყავა მკლავსა და სახეში შეასხა, ბრალს სდებდა ჭორის გავრცელებაში.

დაზარალებული კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ არავითარი ჭორი არ გაუვრცელებია. მისი თქმით, ეს პოზიცია დოკუმენტებითაც დასტურდება.

შემთხვევის შედეგად ნაზუჩამ მიიღო დამწვრობები, რის გამოც საჭირო გახდა სამედიცინო დახმარება. როგორც დაზარალებული აღნიშნავს, მომხდარმა სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა. ნაზუჩა ბახლამიშვილმა ოფიციალური საჩივარი უკვე შეიტანა სამართალდამცავ ორგანოებში. იგი ითხოვს არა მხოლოდ მოძალადის, არამედ ბინის მეპატრონის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც, რადგან, მისი თქმით, შემთხვევა იმ საცხოვრებელ სივრცეში მოხდა, სადაც უსაფრთხოების ელემენტარული პირობები დაცული არ იყო.

ასე გამოიყურება ბახლამიშვილის სხეული, მას შემდგ რაც ცხელი ყავა შეასხეს. რედაქციას ფოტო თავად დაზარალებულმა მოაწოდა.

ასევე, როგორც დაზარალებული აღნიშნავს, ბინის მეპატრონე დაემუქრა თუ ფაქტს გაახმაურებდა, არა თუ საცხოვრებელს არამედ ქვეყანასაც დაატოვებინებდა.

AprioriTV აგრძელებს საქმის დეტალების გადამოწმებას და მოვლენების განვითარებას მკითხველს ეტაპობრივად მიაწვდის. ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და საჭიროებს დროულ სამართლებრივ რეაგირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ემიგრანტ ქალთა უსაფრთხოებას ეხება.

თუ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფი პირი ძალადობის მსხვერპლია, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს და საჭიროების შემთხვევაში უფასო სამართლებრივ თუ ფსიქოლოგიურ დახმარების სერვისებს.

AprioriTV ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იცავს ჟურნალისტური ბალანსისა და მიუკერძოებლობის პრინციპს. მედიაპლატფორმა მზად არის, მოუსმინოს საქმეში მონაწილე მეორე მხარეს და, სურვილის შემთხვევაში, დაუთმოს მას მედიის სივრცე საკუთარი პოზიციისა და განმარტებების გასაჟღერებლად.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts