BREAKING

ინტერვიუიტალია

,,იტალიაში სიყვარულმა და ბედმა ჩამომიყვანა“ – ვარდი თვალაძეს ემიგრანტული ისტორია

ვარდი თვალაძეს იტალიაში ჩამოსვლის ისტორია სხვა ემიგრანტებისგან განსხვავდება, მან რამოდენიმე წლის წინ, დისტანციურად მომავალი მეუღლე გაიცნო, რასაც ემიგრაცია მოჰყვა. როგორც ის გვიყვება, ცხოვრების გაგრძელება უფრო ლატვიაში ჰქონდა წარმოდგენილი, რადგან მისი საქმიანობა სწორედ აღნიშნულ ქვეყანას უკავშირდებოდა. ვარდის და მის მეუღლეს ჯუსეპე კოლონას ერთი ქალიშვილი, 9 წლის ჯორჯინა ჰყავთ, რომელიც მათ მართლმადიდებელად მონათლეს.

ვარდისთვის ახალი გამოწვევა იტალიაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გახლდათ,იგი პოლიტიკურ-სოციალური მოძრაობის  (Puglia Favorevole) წევრია და იქ ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე მუშაობს. ასევე, იგი ამჟამად ქართულ ენას უცხოელებს ასწავლის, ხოლო იტალიელებს-საქართველოზე შეყვარებულმა წიგნების ავტორმა ფრანჩესკო ტრეჩიმაც ქართულის სწავლა სწორედ ვარდისთან დაიწყო.

,,აპრიორი ტივი” გთავაზობთ ვარდისთან ვრცელ ინტერვიუს, სადაც მას უკეთესად გაიცნობთ.

ვარდი, მოგვიყევით, იტალიში მოხვედრამდე, რას საქმიანობდით?

– იტალიაში ჩამოსვლამდე სულ ვსწავლობდი და ვმუშაობდი. უშუალოდ ჩამოსვლის წინ (ანუ მას შემდეგ რაც ჩემი ამჟამინდელი მეუღლე გავიცანი) 2007 წლიდან 2009 წლამდე ლატვიის საელჩოში, ხოლო 2009 წლიდან 2012 წლამდე კი, ორ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი. ეს იყო“ სონდერს გრუპი“, რომელიც ეკონიმიკის განვითარების სამინისტროსა და კოპანიებს შორის ხარისხის აკონტროლებდა. იქ ჩემი უშუალო ფუნქცია ოფიციალური პრეზეტაციებისა და შეხვედრების ზეპირი  და სამინისტროს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიებსა და ჩვენთან მომუშავე  უცხოელ ინჟინრებს შორის დოკუმენტური თარგმნა გახლდათ.  ასევე ვმუშაობდი ენების სკოლა „სემიტაში“, სადაც საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, კონსულებს და ევროპული კომიის წარმომადგენლებს ქართულ ენას ვასწავლიდი. მანამდე დოქტურანტურის ერთი სრული კურსი დავხურე ლატვიის უნივერსიტეტში (2005-2006 წლებში).

– სანამ იტალიაში მოხვდებოდი, რა ინფორმაცია გქონდა და როგორი გეგონა იტალია, რამდენად გაამართლა შენი მოლოდინები?

– იტალიაში ახლა ძალიან იმატა ემიგრაციამ. საქართველოში თითქმის ყველას ჰყავს ოჯახის ან სანათესაოს წევრი, რომელიც ემიგრაციაშია.  დაახლოებით 15 წლის წინ ასე არ იყო. იტალიის შესახებ ჩემი ცოდნა ძირითადად იტალიური კლასიკური თუ საესტრადო მუსიკით, ოპერებით, არქიტექტურითა და მხატრვობით, მსახიობებითა და ფეხბურთელებით შემოიფარგლებოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყანა იყო, თავისი ბუნებით, ხმაურიანი და ხალისიანი, მზიური ხალხით, მდიდარი სამზარეულოთი. იტალიელები თავიანთი ტრადიციების დამცველი ერია, როგორც ჩვენ ვართ.

– მოგვიყევი შენი ისტორია, როგორ მოხვდი იტალიაში?

– საერთოდ არ მიფიქრია აქ მოხვედრაზე. არც სამუშაოდ და არც სასწავლოდ არ ჩამოვსულვარ და მერე აქ არ შემოვრჩენილვარ. ამაზე უმოკლესი პასუხი მაქვს, რაც ცნობისმოყვარეებს არ მოსწონთ- სიყვარულმა და ბედმა ჩამომიყვანა. ალბათ, უფრო ლატვიაში წარმოვიდგენდი ცხოვრების გაგრძელებას, რადგან ჯერ კიდევ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში სწავლის დროს დავინტერესდი ლატვიური ენით, შევისწავლე და 2005-2006 წლებში ლატვიის უნივერსიტეტში დოქტურანტურის ერთი წელი ვისწავლე, ყველაფერი ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა. ამიტომ ვამბობ, რომ უფრო, ალბათ, ლატვიელთან წარმოვიდგენდი ოჯახის შექმნას, რადგან ახლოს ვიყავი ამ ერთან, მაგრამ ჩემი საბედო იტალიელი აღმოჩნდა. 2010 წელს ჩემი ახლა უკვე მეუღლე, ჯუზეპე კოლონა გავიცანი და ასე აღმოვჩნდი ამ ქალაქში, რომელზეც საერთოდ არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ აქ წმინდა ნიკოლოზის ტაძარია და მისი წმინდა ნაწილები ინახება.

– როგორ გაიცანი შენი მეუღლე? და რამდენად მარტივად აეწყო თქვენი ურთიერთობა?

– ჩემი მეუღლე და ჩემი ნათესავი წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს და მეგობრობდნენ. 2010 წელს ჩემი მეუღლე გავიცანი ამ ნათესავით და მერე უშუალოდ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდა სოციალური ქსელებით. ჩემი მეუღლე ხალისიანი, თბილი, ყურადღებიანი, გაჭირვებაში გვედში მდგომი, ოჯახში გაზრდილი, ერთგული და მხიარული ადამიანია. ყოველდღე ვსაუბრობდით. ხან მესიჯებს ვუცვლიდით ერთმანეთს და ხან სატელეფონო ზარებით ვლაპარაკობდით. მე ჯერ კიდეც მეგობრად ვთვლიდი, ხოლო მას თურმე, უკვე გულში ვყავდი და აი, გაცნობიდან სამ თვეში საქართველოში ჩამოვიდა და ხელი მთხოვა. ასე მალე არ ველოდი, მაგრამ რატომღაც დავთანხმდი. ამას მოყვა ძალიან ლამაზი და ხანგრძლივი შვებულება, სადაც თითქმის მთელი იტალია მანაქანით შემოვიარეთ. ჩემი მეუღლე ჩემზე 12 წლით უფროსია, მაგრამ ჩვენ შორის ეს საერთოდ არ იგრძნობა, რადგან ძალიან გვაქვს საერთო, მაგრამ ამავე დროს რადიკალურად განსხვავებულიც, მოკლედ, ერთმანეთს ვავსებთ. ყველაზე მეტად ჩვენს ურთიერთობაში ის მიყვარს, რომ ერთმანეთს ვუსმენთ, ერთმანეთის აზრებს ვითვალისწინებთ და დაბრკოლებებსაც ერთად ვლახავთ.

– მოგვიყევი შენს შვილზე, რამდენი წლისაა, რა ინტერესები აქვს და რამდენად ხშირად გისვამს კითხვებს საქართველოზე?

– ჩემი შვილი 9 წლის ჯორჯა კოლონაა, ჩემი და პინოს სიყვარულის ნაყოფი. არც ერთი არ ვყოფილვართ ქორწინებაში მანამდე. ასე რომ ჩვენი საერთო შვილი ორივეს ძალიან გვგავს და ერთად ვზრდით. მას საქართველოს სიყვარულით ჯორჯა დავარქვი. ამ ქალაქში დაიბადა, მაგრამ თბილისში 10 თვისა გაქრისტიანდა. დიახ, მე და ჩემმა იტალიელმა მეუღლემ ჯორჯინა მართლმადიდებლად მოვნათლეთ. თბილისში უსაყვარლესი ბებია და დიდი მეგობარი და ერთადერთი საყვარელი ბიძა ჰყავს. ჩემი შვილი 2 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქეცაა. ჯორჯინა სამ ენაზე: იტალიურად, ქართულად და ინგლისურად თავისუფლად საუბრობს. ინგლისურად ღრმა ბავშვობიდანვე ველაპარაკები და შედეგიც საუკეთესო აქვს. ძალიან საყვარელია, ზრდილობიანი, კეთილი, ხალისიანი და ამავე დროს ნებისყოფიანიანიც. პასუხისმგებლობის შეგრძნებასა და დანაპირების შესრულების აუცილებლობას ძალიან პატარა ასაკიდან ვასწავლით. ამჟამად საშუალო სკოლის გარადა ჯაზის სკოლაში გიტარის და საგუნდო სიმღერის გაკვეთილებზე დადის. ძალიან კარგად ხატავს. აქვს რაღაცნაირი თავისებური ხატვის მანერა და ფანტაზია. არასოდეს ახსენებს საქართველოს ინგლისური ან იტალიური ვერსიით, არამედ მხოლოდ საქართველოდ მოიხსენიებს. ყოველ ზაფხულს ჩავდივართ და თითქმის ორი თვე ვრჩებით ჩემს ოჯახში დედასთან და ძმასთან და ისე უყვარს საქართველო – თავისი მეორე სამშობლო, რომ ყოველ ზაფხულს მოჭარბებული ემოციებით ელოდება ხოლმე.

– პირველი ბარიერი რაც დაგხვდა როცა იტალიაში ჩამოხვედი და რამდენად მაერტივად გადალახე ეს ბარიერი?

– იტალია და კონრეტულად ეს ქალაქი, ისეთი არ წარმომედგინა, როგორიც რეალურად არის. ალბათ, ბარიერად მენტალურ-ეროვნულ ბუნებას ვიტყოდი, რაც თავდაპირველად გადავლახე. ქართველისგან განსხვავებით, აქაურებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ უცხო ეროვნების წარმომადგენელსაც შეიძლება ჰქონდეს უმაღლესი განათლება, იცოდეს ენები, ჰქონდეს მაღალგანვითარებული ტექნიკური გაჯეტები და მათზე მუშაობა შეეძლოს. სამწუხაროდ, აქაურები უფრო კრიტიკით გიღებენ თავდაპირველად, ვიდრე თანაბარი აღიარებით. ხოლო როცა გაგიცნობენ, როგორი ადამიანიც ხარ და იგენებ შენი განათლების დონეს, მერე თავადვე საუბრობენ თავიანთ ნაკლოვანებებზე. ამას გარდა, ჩემი აქ ცხოვრების დასაწყისშივე  (რამაც ძალიან გამაოცა) იყო ის, რომ ჩემი იტალიელი ნათესავები, მათი ნათესავები, მეზობლები და მეგობრები, ძალიან ბევრი გამუდმებით წუწუნებდა და სინანულით ლაპარაკობდა იმაზე, რაც ისედაც ჰქონდა. ზოგადად, ასეთი გარემო მამძიმებს. ახლა ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ, არადა, აშკარად თვალშისაცემი ეროვნული, სამხრეთ იტალიისთვის დამახასიათებელი თვისებაა. კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე ამ უმრავლესობას არ ჰგავს. ამიტომაა, რომ ჩემს პატარას თავიდანვე ვასწავლი და ვაჩვევ, რომ მადლობელი იყოს იმისა, რაც აქვს და ვინც ჰყავს.

– რას საქმიანობ ახლა ?

– რაც იტალიაში შევქმენი ოჯახი და აქ გადმოვედი საცხოვრებლად, ჩემი პროფესიით მუშაობა არ შემიწყვეტია და ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს. ქართულ ენას უცხოელებს ვასწავლი და ინგლურს- იტალიელებს. სხვათაშორის, ქართული ენის შესწავლა ფრანჩესკო ტრეჩიმ ჩემთან დაიწყო. გარკვეულ დონეზე ავიყვანე ისე, რომ ამ  მესამე წიგნზე მუშაობისას საქართველოში ორჯერ იმოგზაურა და ქართულად საუბარს ცდილობდა. საქართველოს სიყვარულს ქართველებს უკვე ქართულად, ჩემი დაწერილი ტექსტით უზიარდებდა. თუმცა ამ წიგნზე მუშაობის გამო დროებით პაუზა ავიღეთ. ახლა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, აგრძელებს თუ არა ქართული ენის გაკვეთილებს სხვა პროფესიონალ მასწავლებელთან. ჩემი განათლებიდან გამომდინარე, კემბრიჯის CELTA სერტიფიკათით ინგლისურ ენას ვასწავლი, ახლა უკვე აქაც. მაგალითად, 2011 წლიდან ინგლისური ენის ინტენსიური კურსი ჩავატარე ბარის სახმელეთი ჯარის ნაწილში, 2014 წელს იტალიის სამხედრო ავიაციაში ინგლისური ენის ინტენსიური კურსი ჩავატარე და როგორც ზოგადი ენის დაუფლებისთვის, ისე NATO-ს სამხედრო ძალებისთვის გათვლილი სპეციალური საგამოცდო პროგრამისთვის კურსანტები მოვამზადე. ჩემს ქალიშვილზე ორსულობის პერიოდში 2015 წელს იტალიის ფინანსურ პოლიციაში დავხურე ექვსთვიანი ინგლისური ენის კურსი. მერე შვილი შემეძინა და ძირითადად სახლიდან ვმუშაობდი თარგმანებზე. ბარის სასამართლოს დაკვეთით რამდენიმე დოკუმენტი ვთარგმნე. შესმდგომ, პანდემიის დროს, ძირითადად ონლაინ გაკვეთილებზე გადავედი და თან შვილს უკვე სასკოლო საგნების ათვისებაში ვეხმარებოდი. ახლა ძირითადად კერძო გაკვეთლები როგორც ონლაინ, ისე ინდივიდუალური.

– მოგვიყევი რა გეგმები გაქვს?

– გეგმა და იდეა ძალიან ბევრი მაქვს. ჯერჯერობით ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ ამჟამად ბარის ისტორიაზე  ვმუშაობ და მალე ქართულ ენაზე დოკუმენტური ფილმების სერიას მივაწვდი ქართველებს, განსაკუთრებით ამ ქალაქში სამუშაოდ თუ უკვე საცხოვრებლად დამკვირდებულებს, რათა მათ იცოდნენ და დააფასონ ის მხარე, რომელმაც დახმარების ხელი გამოგიწოდა. ასევე, პარალელურად, ვმუშაობ ქართული ენის კურსზე პირველად იტალიურ ენაზე, სადაც ქართულ ენას იტალიურ ენაზე შევასწავლი. ეს ორივე პროექტი ჩემი იუთუბის გვერდზე იქნება და საემიგრაციო მედიაპორტალის „აპრიორის“ საშუალებით ფართო საზოგადოება გაეცნობა.

– როგორც ვიცით, იტალიაში ადგილობრივ არჩევნებში მიიღე მონაწილეობა, მოგვიყევი ამის შესახებ, როგორი გამოცდილება იყო?

– პოლიტიკაა ჩვენი ყოველდღიურობა. როცა რაღაცას ვყიდულობთ, ხელს ვაწერთ, განათლებას ვიღებთ ან გავცემთ, პოლიტიკური საზოგადოების მიღწევის შედეგია ეს ყველაფერი. უშუალოდ პოლიტიკურ ან საჯარო პირად გადხომაზე არასოდეს მიოცნებია, ამ მიმართულებით არ წასულა ჩემი ცხოვრება, მაგრამ მას შემდეგ რაც აქ ქართულმა ემიგრაციამ იმატა, გასაგები გახდა, რომ მხოლოდ დოკუმეტების თარგმნით ბევრს ვერ გავაკეთებდი. რაღაცნაირად თავისით მოვიდა ეს შემოთავაზება, რომ ლამის უკვე ერთი წელია მე გავხდი პოლიტიკურ-სოციალური მოძრაობის „კეთილმოსურნე პულიას“ (Puglia Favorevole)-ეს წევრი. ამ მოძრაობაში იტალიელებთან ერთად მე ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ვმუშაობ. ჩემთან ერთად მუშაობენ სოციალური დონეების გაუმჯობესების, ეკოლოგიის დაცვის, მოსწავლე-ახალგაზრობის განვითარებისა და ამ ქალაქის საზოგადოების, და პულიას რეგიონის საერთოდ, ცხოვრების განვითარების მიმართულებით. სწორედ ამ მოძრაობამ მე და ჩემი მეგობარი, ბარიში ცნობილი ჟურნალისტი, მიქელე ტრავერსა, წარგვადგინა ბარის მერის არჩევნებში, როგორც ქალაქის საკრებულოს წევრები. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. დავინახე და ვმონაწილეობდი იმ პროცესებში, სადაც ცივილურად, გაგებით და პატივისცემით შეიძლება მიაწოდო ხალს საკუთარი აზრი, გეგმა, პროგრამა და უბრალოდ, სათქმელი, დაარწმუნო შენს მოწადინეობაში და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენო დაცინვა, გაღიზიანება, ქედმაღლობა, დამცირება და დამუქრება როგორც სასაუბრო ენა. ეს არჩევნები ჩვენი გამარჯვებით არ დამთავრდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, იდეა და პროექტი ბევრია და ამაზე  ახალ მერთან შეიძლება მუშაობა.

– ოდესმე დაბრუნდები თუ არა საქართველოში და თუ დაბრუნდები რის გაკეთებას გეგმავ?

– იცით, ამაზე მეც ვფიქრობ. ალბათ, სისხლის ყივილია, ალბათ, ის უთქმელი ვიბრაციაა, რასაც ყველა თაობის ქართველი განიცდიდა საუკუნეების განმავლობაში, როცა საქართველოდან შორს უწევდა ცხოვრება. ჩემი პირველი ერთწლიანი განშორება ლატვიის უნივერსიტეტში სწავლის დროს იყო, რომელიც მთელი საუკუნის განშორებად მეჩვენებოდა. მაშინ ვგრძნობდი და ახლა უფრო მეტად ვგრძნობ, თუ რა ძნელია შენი ფესვებიდან ხანგრძლივად და შორს ყოფნა. ჩემი მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება ჩემს ქართულ-იტალიურ ოჯახს. როგორც მეუღლე და დედა იქ უნდა ვიყო, სადაცაა ჩემი ოჯახი. თუმცა ჩვენი სიბერე საქართველოში მინდა გავატარო. არ ვიცი. ჩემს გოგონას საქართველო ისე უყვარს, არ გამოვრიცხავ, განათლება საქართველოში მიიღოს. დედამისმა ხომ იქ მიიღო განათლება, რასაც ახლა აქ, იტალიაში იყენებს? თან იმედი მაქვს, რომ როცა ჯორჯინა სტუდენტური ასაკის გახდება, საქართველო იქნება ის სანუკვარი ქვეყანა, სადაც ყველას ენდომება ჩამოსვლა და ცხოვრება. რას გავაკეთებ არ ვიცი, რადგან გულწრფელად გითხრათ, ჯერ არ ვიცი, რა ასაკის დავბრუნდები. ალბათ, რასაც სულ ვაკეთებ- სხვებს დავეხმარები.

– რა რჩევას მისცემდი ემიგრანტებს?

– რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ თავს არ უღალატონ. არ დაშორდნენ თავიანთი ოჯახების, თავიანთი საგვარეულოების ღირსებას. უპირველეს ყოვლისა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ისწავლონ ენა, რაც ნებისმიერ უცხო მიწაზე ინტეგრაციასა და დამკვიდრებაში დაეხმარება. განვითარდნენ, გამოიყენონ ყოველი დღე, რომ პროფესიულად გაიზარდონ, ისწავლონ და დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს, იქნება ეს მოკლევადიანი კურსები თუ აკადემიური განათლება. მიიღონ სერთიფიკატები და ყველაფერი გააკეთონ საკუთარი მიზნების გასახორციელებლად. მორალური და სახელმწიფო წესებისა დაცვით, ადგილობრივი საზოგადოების ღირებულებების დაფასებით, პატივისცემით დაიმკვიდრონ თავი და თვითგანვითარებისთვის გამოიყენონ აქ სამუშაოდ ჩამოსვლის პერიოდი.

სტატია მომაზადა ნინო ბოლაშვილმა

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts