BREAKING

იტალია

ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან, რომლის წერილმაც ათასობით ემიგრანტის გული მოიგო – სოფია ქაჯაია “იტალია არის ქვეყანა“…

“იტალია არის ქვეყანა…” — ამ სიტყვებით დაიწყო ემიგრანტმა სოფია ქაჯაიამ თავისი გულწრფელი და იუმორით შეფერილი ჩანახატი, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო და ასობით ემიგრანტის გული მოიგო. ტექსტში ასახულია ის ცხოვრებისეული რეალობა, რაც დღევანდელ იტალიაში მცხოვრებ ათასობით ქართველს ყოველდღიურად ხვდება თვალში — დილის ესპრესო, სამუშაო მომვლელებად, დაკარგული გასაღებები, კონ calma-თი შემოსილი ყოველდღიურობა და ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც ხანდახან ჩვენს ქვეყანაში აღარ გვხვდება. სოფიკოს პოსტი ერთდროულად არის სატირული, სენტიმენტალური და რეალისტური — და სწორედ ამ მრავალფეროვნებამ აქცია ის ემიგრანტების საყვარელ ტექსტად.

ჩვენ გადავწყვიტეთ დავკაშირებოდით ქართველ ემიგრანტს და ქართული დიასპორისთვის უკეთ გაგვეცნო თანამემამულე, რომელმაც უამრავი ემიგრანტის გული მოიგო.

როგორ დაიბადა ეს ტექსტი?  ეს ემოციური იმპულსი იყო, დაკვირვება თუ რაღაც კონკრეტულმა მომენტმა შთაგაგონა?

– ტექსტი დაიბადა იმპროვიზირებულად. 6 მაისის დილის 06:30 წთ-ზე „ქვესტურის“ ჯერ კიდევ დაკეტილ ჭიშკართან მდგარი განახლებულ საბუთთან დაკავშირებით დანიშნულ შეხვედრაზე, სადაც ათეულობით უცხოელი ემიგრანტი, მათ შორის ქართველები ცოცხალ რიგს ვიკავებდით. მე იქ ვნახე ადამიანები, რომლებიც პლედებით გახვეულნი, გათენებული ღამით დაკავებული რიგის წყალობით, ქვეყანას ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას კანონიერად სთხოვდნენ. უძილო, ძალაგამოცლილ მათ თვალებს, რომ შევხედე წამიერად ძალიან გავბრაზდი იტალიის ბიუროკრატიაზე, თუმცა მალევე შევეცადე უარყოფითი ფიქრი უკუმეგდო და დამენახა „ქვესტურის“ ცოცხალი რიგის იქეთ ის იტალია, რომელმაც მე და არა მარტო მე საშუალება მომცა გავმხდარიყავი მათი საზოგადოების წევრი და არ მეგრძნო თავი ემიგრანტად.

პოსტში იგრძნობა იუმორიც და გულწრფელობაც. რას გრძნობდი მისი წერის დროს – სევდას, ღიმილს, ან ერთდროულად ორივეს?

– პოსტის მონახაზი როგორც უკვე აღვნიშნე ექსპრონტად ალბათ ათ წუთში დავწერე, გავიფიქრე და ყოველგვარი მაღალფარდოვანი ფრაზების გარეშე უმალ ჩემს ფბ პროფილზე გადავიტანე. სხვას, არაფერს ვგრძნობდი იმ დროს მადლიერების გარდა ამ ქვეყნის მიმართ. მიუხედავად მძიმე გაწეული შრომისა წლების მანხილზე, მე ყოველთვის დამფასებია ეს შრომა და იტალიელ ხალხში, ვინც კი ოდესმე გამიცვნია ნამდვილად გამმართლებია. სულ ვამბობ და აქაც განვმეორდები, ჩემი აქ ცხოვრების მანძილზე ცუდი იტალიელი არ შემხვედრია. თუმცა მიუხედავად ამისა ქვეყნის და სისტემის არაერთი მინუსის დანახვაც თავისთავად არ გამჭირვებია.

როგორ მიიღო პოსტი მკითხველმა? იყო რაიმე კონკრეტული კომენტარი, რაც დაგამახსოვრდა?

– სიმართლე გითხრათ, თუ ამ ჩემს ,,ხმამაღალ ფიქრს” (ასე დავარქმევდი) ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. წერა ბავშვობიდან მიყვარს და ხშირად ვწერ არაერთ გულიდან წამოსულ ჩანახატებს. ვწერ ყველაზე და ყველაფერზე, გააჩნია განწყობა რა მუზას შემოიტანს იმ დროს ჩემში. პოსტს მართლაც რეკორდული სისწრაფით მალევე უამრავი მოწონება, გაზიარება მოჰყვა სხვადასხვა ჯგუფებსა თუ პირად პროფილებზე. კომენტარებშიც აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი, რაც სრულიად მისაღები და ნორმალურია. მე ასე ვხედავ, თქვენ ისე და სხვები კიდევ სხვაგვარად. თუმცა ძირითადად ამ ქვეყნის მიმართ მადლიერებით გამსჭვავული ადამიანების კომენტარები იყო, რამაც გული გამითბა და მიმახვედრა რომ მიუხედავად ემიგრაციისა და ბევრი ტირილსა თუ თეთრად გათენებული ღამეებისა, არ გავბოროტდით და მადლიერების უნარი გაგვაჩნია ქართველებს.

პოსტის კრიტიკაც დაიწერა. როგორ ეხმაურები იმ ემიგრანტებს, ვისაც არ მოეწონა ეს ტექსტი?

– დიახ, იყო რამოდენიმე კრიტიკა-კომენტარი, უფრო სწორად თავდასხმა , მაგრამ ასეთი ადამიანების კიდევ უფრო კარგად მესმის და ვწუხვარ მათ გამო. დროსა და სივრცეში უამრავი ადამიანი იკარგება დღეს და რაც არ უნდა ამტკიცო მათთან რომ ,,იტალია არის ქვეყანა”მათთვის იტალია მომვლელის პროფესიას არ სცდება და ის რომ დღეს ამ დიდ (გადაჭარბების გარეშე) საქმეს ემსახურება, მთელი სამყაროს ბრალია მის გარდა. არადა თუ დავფიქრდებით, იმაზე დიდი მადლი არ არსებობს, ვიღაცას შენი იმედი ჰქონდეს და შენ მას სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარებოდე. ყველაზე დიდი ცოდვა ვფიქრობ ისაა, გეცოდებოდეს საკუთარი თავი და მსხვერპლის როლში იყო სულ,როცა ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ხარ.

როგორია შენი ემიგრაციის ისტორია? როდის და რატომ გადაწყვიტე იტალიაში წამოსვლა?

– საქართველო 2012 წლის 20 მაისს დავტოვე, მიუხედავად ჩემი ოჯახის დაჟინებული თხოვნისა, რომ არ წამოვსულიყავი. თუმცა სიახლეების და თავგადასავლების მოყვარულს ვერ გადამაფიქრებინეს და შევუერთდი იმ მრავალრიცხოვან ემიგრანტთა ამალას, რომლებიც ასე მიმოფანტულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. არ მიყვარს სიტყვა ემიგრანტი და არასდროს მითქვამს, რომ მე ემიგრანტი ვარ. ეს სიტყვა ჩემთვის ასოცირდება გამუდმებულ სინანულთან, სევდასთან და ტკივილთან. ჩემთვის ემიგრანტები გიორგი სააკაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და მისთანები იყვნენ. ადამიანები, გმირები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირეს. მე, რომელიც საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის წამოვედი უცხო ქვეყანაში სამუშაოდ, არც ემიგრანტი ვარ და მითუმეტეს არც გმირი. გმირები ის ქართველები არიან, რომლებიც არაფრის ფასად ოჯახს და სამშობლოს არ ტოვებენ. დღე და ღამ ცდილობენ საქართველოს კიდევ უფრო განვითარებას, აღმასვლას. ხელს უწყობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში.

დღეს რას საქმიანობ ბოლონიაში და როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება?

– ამჟამად ვმუშაობ ბოლონიაში, ქალაქში ცნობილი ექიმების არაჩვეულებრივ ოჯახში დამხმარედ და მომვლელად. საკმაოდ მცირე თავისუფალი დროის მიუხედავად, ვთვლი რომ პროდუქტიულად მიდის ჩემი დატვირთული დღეები. სამსახურის გარდა, დაკავებული ვარ პილატესით, მიყვარს აქტიური ცხოვრება (მანამდე 4 წელი დავრბოდი) ვსწავლობ (ვიხსენებ) ინგლისურ ენას და დავრეგისტრდი ძალიან საინტერესო პროფესიულ კურსებზე, რომელიც ჩემი ბოლო წლების განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. სწავლას სექტემბრიდან შევუდგები… სინამდვილეში ეს ჩემი მეორე პროფესიული კურსია. პირველი იყო სოციალური სანიტარიის ოპერატორი, რომელიც არ დავასრულე იმის გამო, რომ სამწუხაროდ მივხვდი ეს სფერო არ იყო ჩემი მოწოდება და არ შემეძლო ამ სფეროში მუშაობა ხანგრძლივად. გარდა ამისა ვმუშაობ წიგნზე, რომელსაც იმედი მაქვს მალე გამოვცემ.

როგორც ჩანს, შენ კარგად იცი იტალიური კულტურა. რა გაკვირვებს დღემდე მათ ქცევებში ან ტრადიციებში?

– ზოგადად მაკვირვებს სამყაროს და ბუნების სასწაული ძალა და სილამაზეები, მაკვირვებს მეცნიერული ან ტექნოლოგიური პროგრესი, ადამიანების მიერ ჩადენილი გაუგონარი უსაქციელობა და ბოროტება. კიდევ ის მიკვირს, რატომ ტოვებენ ადამიანები ქუჩაში უმოწყალოდ მათ ოთხფეხა მეგობრებს, როცა ცუგოები არასდროს არ მიატოვებს ადამიანებს?” იტალიური კულტურა და ტრადიციები ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. მოკრძალებული დღესასწაულები,ზომიერი ჭამა-სმა, დროის ფასი და უანგარო სიყვარული. ბევრს გაუკვირდება რას ნიშნავს იტალიური ,,უანგარო სიყვარული” აბა, სადმე გსმენიათ ,,ცოლად იმიტომ გაჰყვა, რომ შეძლებული ოჯახიდანაა?” ჭამის ,ქცევის, კომუნიკაციის, სარწმუნოების, თანასწორობის კულტურა მინდა ისეთივე იყოს საქართველოში, როგორიც აქ, იტალიაშია. რა არ მომწონს? ალბათ, ის რომ კონდიციონერი და გათბობის ჩართვა არ უყვართ.

როგორ ფიქრობ, რა არის ემიგრანტის ყველაზე დიდი სიძლიერე და ყველაზე დიდი გამოწვევა?

– ემიგრანტის ყველაზე დიდი სიძლიერე მე გამბედაობა და იმ ცვლილებებთან შეგუების უნარი მგონია, რომლითაც მისთვის სრულიად ახალ საზოგადოებაში, განსხვავებული კულტურის და წესების მქონე ხალხში ნულიდან ყველაფრის დაწყებას და ინტეგრაციას გულისხმობს. ყველაზე დიდი გამოწვევა კი გააზრება იმისა, რომ ემიგრაციაში ყოფნის დროს, აუცილებლად ერთხელ მაინც დადგება მომენტი,როცა არ იცი სად ხარ? რატომ ხარ? არც აქ ხარ და არც შენს ქვეყანაში. აქ ხარ, მაგრამ აქ შენი არაფერია. იქ ხარ, მაგრამ თითქოს ზედმეტი ხარ. არსად არ ხარ. იკარგები და ვერ პოულობ შენს სიმშვიდეს. შენი საყვარელი ადამიანებიც კი უშენოდ ყოფნას ეჩვევიან იქ და არც იქ ხარ და არც აქ.არსად არ ხარ… ეს გამოწვევა უნდა მიიღო, გაიაზრო, თვალდახუჭული, ერთი ორი ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთო და გააგრძელო მშვიდად ცხოვრება.

გაქვს თუ არა სურვილი შენი ტექსტები გასცდეს სოციალური ქსელის ფარგლებს და შექმნა მაგალითად ბლოგი, წიგნი ან მედია რუბრიკა?

– ამაზე არ მიფიქრია. როცა მუზა მომაკითხავს, შემიძლია გაუჩერებლად ვწერო და ამისთვის ჩემი ვიწრო სამყაროც მყოფნის ჯერჯერობით. წიგნზე როგორც უკვე ვახსენე, ვმუშაობ, თუმცა ის არ იქნება მხოლოდ ემიგრაციაზე.

რას ეტყოდი იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ჯერ ისევ იტალიაში ფეხის მოკიდებას ცდილობენ?

– არ გაჩერდეთ! არ დაიღალოთ! გახსოვდეთ,რომ თქვენ ახლა აქ იმიტომ ხართ, რომ ხვალ იქ იყოთ სადაც თქვენ გინდათ რომ იყოთ. ნუ იქნებით მხოლოდ მომუშავე რიგითი ემიგრანტი, იცხოვრეთ! ეს ქვეყანა თვითგანვითარების და ნორმალურად ცხოვრების საშუალებას ნამდვილად იძლევა. ვიცი დღეს შეუძლებლად გეჩვენებათ, ხვალ რთული იქნება, მაგრამ ზეგ მიღწეული მიზნებით და ახდენილი ოცნებებით იზეიმებთ.

ჟურნალისტი: ხათუნა შარაძე

სოფია ქაჯაიას პოსტი იტალიაზე

იტალია არის ქვეყანა,სადაც დღე დილის 6 საათზე კაპუჩინოთი და ესპრესოთი იწყება…იტალია არის ქვეყანა,სადაც ,,Piano-piano”-თი და ,,con calma”-თი მუდმივად შფოთავენ და სადღაც აგვიანდებათ.იტალია არის ქვეყანა,სადაც მანქანის გასაღებს დაკარგავ თუ სამსახურიდან დაგითხოვენ ,,pazienza”-თი იმშვიდებენ თავს (მოთმინება)

იტალია არის ქვეყანა,სადაც ნებისმიერი უცხოელი დამლაგებელი,თუ მომვლელი თავის საქმეში უფროსია და ის იმ სიმაღლეზეა დამოკიდებულებით როგორც დირექტორი ან მაღალი თანამდებობის პირი.იტალია არის ქვეყანა,სადაც ,,Grazie” ,,per favore” ,,mi scusi”-ით შეგიძლია ნებისმიერი იტალიელის გული მოიგო და ისეთივე ღირებულია,როგორც ჩვენთვის ,,თქვენ დაგერიცხათ ხელფასი+პრემია”

იტალია არის ქვეყანა,სადაც დედის ფული დედისია,მამის მამისი და შვილის შვილის.იტალია არის ქვეყანა,სადაც ყავაზე თუ ვინმემ დაგპატიჟა და არ გადაგახდევინა,ეგრევე იწყებ ფიქრს:,,ამას ნეტა ვინმე ქართველი ხომ არ ჰყავს გენში”იტალია არის ქვეყანა,სადაც არ გემეზობლება მეზობელი,თუმცა საკმარისია მისი დახმარება დაგჭირდეს და იგი შეუძლებელს შეძლებს შენთვის.

იტალია არის ქვეყანა,სადაც შამპუნი და ტანის კრემი ყველაზე მიღებული,დასაფასებელი საჩუქარია და მას ,,pensierino “ ( ცოტათი ვიფიქრე შენზე) ჰქვია.იტალია არის ქვეყანა,სადაც იშვიათად ქორწინდებიან,რადგან განქორწინების შემდეგ მამაკაცი კარგავს აბსოლუტურად ყველაფერს სახლიდან დაწყებული და მთელი დარჩენილი ცხოვრება ყოფილი ცოლის რჩენა უწევს შვილთან ერთად სოლიდური ალიმენტის სახით.

იტალია არის ქვეყანა,სადაც მხოლოდ მაშინ არ გიღიმიან როცა შენგან რამე სჭირდებათ,და არის ქვეყანა,სადაც ნათესავების მონახულება წინასწარი ზარით ხდება და რათქმაუნდა სტუმრობა ყველაფრის გარეშე,რადგან ითვლება,რომ ნათესავის მონახულებისთვის დათმობილი დრო უფრო ღირებულია,ვიდრე მისთვის ,,პადარკის” მიტანა.

იტალია არის ქვეყანა,სადაც თუ უცხოელი ხარ და ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების,მუშაობის უფლების მოპოვებაზე განაცხადი გააკეთე,პარარელურად პენსიის აღრიცხვაზეც უნდა დადგე,რადგან ეჭვია ამ საბუთებს მინიმუმ 40 წელი მაინც დააგვიანდება😏☺️

იტალია არის ქვეყანა,სადაც ქალი სანამ ,,persona giusta”-ს (სწორი,მისი ადამიანი) არ იპოვის იქამდე იცვლის პარტნიორებს და ის ბოზად არ ითვლება.იტალია არის ქვეყანა სადაც ნებისმიერი უცხო იტალიელი ისე გაგესაუბრება,თითქოს 30 წელი იცნობდეთ ერთმანეთს.

იტალია არის ქვეყანა,სადაც თითოეულ ქუჩასაც კი თავისი ისტორია აქვს და ,,გელაპარაკება” რომ არაფერი ვთქვა ქალაქებსა და რეგიონებზე.იტალია არის ქვეყანა,სადაც მთავრობაზე გაბრაზებული მძღოლები თითქმის ყოველ პარასკევ დღეს აწყობენ ,,გაფიცვას” და თუ ამ გაფიცვაში გარეთ მოხვდი,ჩათვალე დაკარგულია მთელი დღე.

იტალია არის ქვეყანა,სადაც შენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ისეა დაცული,როგორც ნებისმიერი რიგითი იტალიელის.

იტალია არის ქვეყანა,სადაც მართალია ყველა გზა რომში არ მიდის,თუმცა აქედან ჯერ არ წასულიც უკვე გენატრება და ნოსტალგია გკლავს.

იტალია არის ქვეყანა…

Sofia kajaia

    Leave A Reply

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    Related Posts