BREAKING

ინტერვიუ

თუშური ენის მცველი ფლორენციიდან – გიორგი რამაზაშვილის ამბავი

AprioriTV

ავტორი: ქეთი ტუშური

გიორგი რამაზაშვილი უკვე 8 წელია ემიგრაციაშია. მისი გზა, როგორც ბევრი ჩვენგანის, დაიწყო იტალიის ქალაქ ბარიდან — ქალაქიდან, რომელიც პირველ წლებში სიმარტოვესა და ბრძოლასთან ასოცირდებოდა, დღეს კი გახდა მისი შემოქმედებითი კარიერის საწყისი წერტილი უცხოეთში.

გიორგი წარმოშობით თუშეთიდანაა, სოფელ დართლოდან. პროფესიით ფოლკლორისტია და ბავშვობიდან წერს ლექსებს როგორც თუშური დიალექტით, ისე ლიტერატურული ქართულით. “სადაც არ უნდა წავიდე და რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდე — მე სულ ვწერ,” — ამბობს ის.

გიორგი რამაზაშვილი ემიგრაციაშიც არ წყვეტს წერას. მის მიერ გამოცემულ სამ კრებულში მკითხველი იცნობს როგორც ლიტერატურულ ქართულს, ასევე თუშურ სიტყვიერ სიმდიდრეს. მესამე კრებული მთლიანად თუშური დიალექტით დაიწერა და მისი გამოცემა ამერიკაში მცხოვრებმა თუშებმა დააფინანსეს — მადლიერების ნიშნად, გიორგი სწორედ ამ დიალექტს მიუძღვნა მთელი კრებული.

მისი შემოქმედებითი საღამოები უკვე 20-ზე მეტჯერ გაიმართა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ემიგრაციაშიც. პირველი ღონისძიება ბარში, 2019 წელს, ემიგრანტების და სალომე მესაბლიშვილის, ასევე მაია ლომიძის დახმარებით ჩატარდა.

დღეს გიორგი ფლორენციაში ცხოვრობს და განაგრძობს თავისი შემოქმედების პოპულარიზაციას. 2025 წლის 13 აპრილს მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით და მამა ანდრია ლაცააბიძის მხარდაჭერით გაიმართა მისი კიდევ ერთი საღამო, რომელიც ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლმა “ნანილა” გააფორმა.
“ეს იყო ჩემთვის ძალიან ემოციური. პირველად შევასრულე ლევან აბულაძის „დატირება“ ანსამბლ „ნანილასთან“ ერთად სცენაზე,” — გვიამბობს გიორგი.

ფლორენციის საღამო საქართველოს ეროვნულ გმირ გიორგი ანწუხელიძესა და კახა თილიძის უკვდავებას მიეძღვნა.
ბარში გამართული პირველი ღონისძიება კი გიორგის გარდაცვლილ დედას — ციური ბასხაჯაურს.

მალე გიორგის ნამუშევრები ესპანეთში აჟღერდება — იგი ანსამბლ “ნანილასთან” ერთად მიემგზავრება ერთობის დღესასწაულზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორა შეიკრიბება. გიორგი შესრულებს თუშურ მელოდიას გარმონზე.

AprioriTV წარმატებას უსურვებს გიორგი რამაზაშვილს და როგორც დააანონსა, მალე შესაძლოა ბარში კიდევ ერთხელ გაიმართოს მისი შემოქმედებითი საღამო.


Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts