ფლორენციაში ექიმის ასისტენტად მომუშავე გურული ქალის ისტორია – მარია ბზეკალავას გზა მსხვერპლიდან წარმატებამდე

დიასპორული მედია

ავტორი: ხათუნა შარაძე

17 წლის ასაკში მან მამა დაკარგა და მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის ოცნებაც თითქოს იმავე დღეს დაიმსხვრა. დღეს, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, თურქეთში მიღებული სამედიცინო განათლებით, ამპუტაციების განყოფილებაში მუშაობის გამოცდილებით, პანდემიის დროს ბებიის გადარჩენისთვის გაწეული ბრძოლითა და ბოლოს იტალიაში თავიდან დაწყებული ცხოვრებით, მარია ბზეკალავა თავად გვიყვება, როგორ იქცა ერთი ოჯახის ტრაგედია მისი ცხოვრების მთავარ საყრდენად. ეს არის ისტორია გურული გოგონასი, რომელმაც სწავლა ოჯახის გადასარჩენად მიატოვა, თუმცა საბოლოოდ თავად გახდა ადამიანი, რომელიც სხვების სიცოცხლისთვის იბრძვის.

ამჯერად საკუთარი ისტორია გაგვიზიარა მარია ბზეკალავამ — ლანჩხუთში დაბადებულმა ქალბატონმა, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გაატარა, დღეს კი იტალიაში, ფლორენციაში ცხოვრობს და მუშაობს ფიზიოთერაპევტად და ქირურგიის მიმართულების ექიმის ასისტენტად.


მამის გარდაცვალება და ოჯახის გადაწყვეტილება

მარია ლანჩხუთში დაიბადა. 17 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. იმ დროისთვის უკვე ჩარიცხული იყო სამედიცინო ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ჰქონდა, სტუდენტის შენახვა მათთვის მძიმე ტვირთად იქცა.

გადამწყვეტი ნაბიჯი ბებიამ — მამის დედამ — გადადგა. შვილის გარდაცვალებიდან სულ ორმოცი დღის შემდეგ მან დატოვა შვილის საფლავი და სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა შვილიშვილს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა.

სამი წლის განმავლობაში ბებია ოჯახს ფულს უგზავნიდა. როგორც მარია იხსენებს, ეს იყო „ცრემლით ნაშოვნი ფული“. მოგვიანებით ბებია მძიმედ ავად გახდა და მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რამაც მარიას სწავლის გაგრძელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

გადაწყვეტილება – სწავლის მიტოვება და თურქეთში წასვლა

საბოლოოდ, მარიამ თავად მიიღო მძიმე გადაწყვეტილება — სწავლა მიეტოვებინა და ოჯახის რჩენა საკუთარ თავზე აეღო. სახლში უმცროსი ძმა, გიორგი, დარჩა და, როგორც თავად ამბობს: „მე თუ ვერ შევძელი, გიორგის მაინც ვასწავლიო.“

ასე აღმოჩნდა თურქეთში, სადაც ოჯახში მომვლელად დაიწყო მუშაობა.

მისი პირველი პაციენტი ასაკოვანი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი იყო. ორ თვეში მარია ამ ოჯახის სრულუფლებიან წევრად იქცა — მას საკუთარ შვილსავით ეპყრობოდნენ. სწორედ ამ ოჯახის შვილმა, ექიმმა მურად კოჩმა, საკუთარი სახსრებით დაუფინანსა უნივერსიტეტში სწავლა.

უნივერსიტეტი და ექიმად ჩამოყალიბება

სწავლის დაწყებიდან ორ თვეში მარიას აცნობეს, რომ კურსის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე უნივერსიტეტის რეკომენდაციით კლინიკაშიც დაიწყო მუშაობა.

ის ერთდროულად სწავლობდა, კლინიკაში მუშაობდა და ოჯახსაც ფინანსურად ეხმარებოდა, რათა განსაკუთრებით მის ძმას არაფერი დაკლებოდა.

უნივერსიტეტის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა ქალი, რომელსაც მარია წლების განმავლობაში უვლიდა. ანდერძით მან მარიას შემდგომი განათლებისთვის თანხა დაუტოვა, ასევე გადასცა მარიას დედისგან შემორჩენილი ოქრო და სთხოვა, მომავალშიც გვერდში დამდგარიყო მისი შვილიშვილისთვის. როგორც მარია ამბობს, ეს პირობა დღემდე შეასრულა და იმ ოჯახის წევრებთან ახლო ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა ტრაპიზონის ძვლის საავადმყოფოში (Kalp Hastanesi) დაიწყო. ცხრა წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა საქართველოში და მამის საფლავთან უკვე ექიმის მანტიითა და შესრულებული პირობით მივიდა.

ტრაპიზონში ჩასული ქართველების დახმარება

წლების განმავლობაში მარია უსასყიდლოდ ეხმარებოდა ტრაპიზონში სამკურნალოდ ჩასულ ქართველ პაციენტებს. იმავე პერიოდში მისმა ძმამ სტომატოლოგიური ტექნიკის (პროთეზირების) სპეციალობა დაამთავრა და ოჯახიც შექმნა.

ბაბუას ისტორია

მამის გარდაცვალების შემდეგ მარიას ბაბუას დიაბეტი განუვითარდა. მოგვიანებით ინფექციის გამო კიდურის ამპუტაცია გახდა საჭირო.

ოპერაცია მარიამ მთავარი ექიმის ხელმძღვანელობით ჩაატარა. გარკვეული დროის შემდეგ ბაბუაც გარდაიცვალა, თუმცა სიცოცხლის ბოლოს შვილიშვილს უთხრა:

„რაც შენ ჩემთვის გააკეთე, მამაშენიც რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამას ვერ გამიკეთებდაო.“

პანდემია და ბებიის გადარჩენა

კოვიდპანდემიის დროს მძიმედ დაავადდა მარიას ბებია, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა და ჯანმრთელობაც წლების განმავლობაში შერყეული იყო. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოჯახს აცნობეს, რომ პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მისი გადარჩენის შანსი თითქმის აღარ არსებობდა.

მარიამ დახმარებისთვის თურქეთის კლინიკას მიმართა და სანაცვლოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში უსასყიდლოდ მუშაობაც კი შესთავაზა. მისი თქმით, კლინიკის მთავარმა ექიმმა დახმარებაზე უარი არ თქვა — გამოყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და ექიმების ჯგუფი.

როდესაც ბებიასთან მივიდა, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა შვილიშვილის ხმა მაინც იცნო. მარია მის გვერდით დარჩა, საკუთარი სამედიცინო აპარატურით აკონტროლებდა მდგომარეობას და პაციენტი კრიტიკული ფაზიდან გამოიყვანა.

მოგვიანებით კოვიდით თავადაც დაავადდა.

სამედიცინო ტურიზმი

ამ გამოცდილების შემდეგ მარიამ საქმიანობა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით გააგრძელა. დღეს იგი პაციენტებს მსოფლიოს 12 ქვეყანაში ეხმარება. როგორც თავად ამბობს, ყოველ ახალ წარმატებას მამასა და ბებიას უკავშირებს და მათ ხსოვნას უძღვნის.

ახალი თავი — იტალია

თურქეთში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და პირადი გარემოებების გამო მარიამ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. იმ პერიოდზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ ამის შესახებ დაწვრილებით საუბარი არ სურს.

დღეს ის იტალიაში, ფლორენციაში ცხოვრობს და მუშაობს ფიზიოთერაპევტად და ქირურგიის, მათ შორის ამპუტაციების მიმართულების, ექიმის ასისტენტად.

სექტემბერში საკუთარი სტუდიის გახსნას გეგმავს. მისი მთავარი მიზანი კი კვლავ უცვლელია — რაც შეიძლება მეტ ქართველს დაეხმაროს.


„აი, თქვენი გურული გოგო — პატარა, მაგრამ უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილებით.“ – მარია ბზეკალავა

Exit mobile version