ინგა კამლაძე – ემიგრანტი ქალი, რომელმაც იტალიაში Yves Rocher-ში კარიერა შექმნა | AprioriTV
ინგა კამლაძე ზესტაფონიდანაა. პროფესიით კვების ტექნოლოგი, ცხოვრებაში მრავალჯერ შეუცვლია გზა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს შრომისმოყვარეობა და იმედი. დღეს ის იტალიაში ცხოვრობს, წარმატებით მუშაობს ფრანგულ კომპანიაში Yves Rocher, ხელმძღვანელობს გუნდს და ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ემიგრანტულ ჯგუფს, სადაც ქართველებს დახმარების ხელს უწვდის.
ემიგრაციის დასაწყისი – შიშის გარეშე, მაგრამ შვილების ცრემლიანი თვალებით
„ვიზა მოულოდნელად მომცეს, და ფაქტის წინაშე დავდექი,“ – იხსენებს ინგა კამლაძე. – „შიში არ მქონდა, უშიშარი ვარ, მაგრამ აეროპორტში ჩემი შვილების ცრემლიანი თვალები ახლაც მახსოვს – დედა ხომ დაბრუნდებიო? ეს სიტყვები დღემდე მახსენდება.“
ინგა საქართველოში საკუთარი საკონდიტროს ფლობდა და დღე-ღამე შრომობდა. მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესებამ აიძულა ახალი გზა აერჩია – ემიგრაციის გზა, რომელსაც, როგორც ამბობს, დიდი იმედით და შინაგანი სიმტკიცით შეუდგა.
კვების ტექნოლოგიდან Yves Rocher-მდე – ახალი დასაწყისი ემიგრაციაში
„Yves Rocher ჩემ ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა,“ – ამბობს ინგა. – „ფეისბუქზე მქონდა გვერდი, სადაც პირდაპირ ეთერში ვამზადებდი იტალიურ კერძებს. ჩემი მომავალმა ხელმძღვანელმა სწორედ იქ დამინახა და თქვა – „ამ ქალს ხელში სახის მაზი უნდა დავაკავებო“. ასე აღმოვჩნდი Yves Rocher-ში და მალევე გავხდი გუნდის ხელმძღვანელი.“
ინგასთვის ეს მხოლოდ კარიერული წარმატება კი არა, არამედ პიროვნული აღიარებაც იყო: „როცა ხედავ, რომ შენი შრომა ფასდება უცხო ქვეყანაში, გრძნობ ბედნიერებას. Yves Rocher ჩემთვის განვითარების ახალი ეტაპი გახდა.“

ემიგრანტთა ჯგუფი – მხარდაჭერა და თანადგომა იტალიაში
2021 წელს ინგამ შექმნა ჯგუფი, რომელიც ემიგრანტებს ეხმარება ყოველდღიურ საკითხებში. ჯგუფი სწრაფად გაიზარდა და მრავალი ქართველისთვის იქცა მხარდაჭერის ადგილად. „ადამიანები გრძნობენ, რომ გვერდით ვუდგავარ,“ – ამბობს ის. – „ერთხელ მომწერა ქალბატონმა – ქალი დაიკარგა და გვიშველეო. სამი დღე ვიყავი ჩატში, სანამ ვიპოვეთ. ასეთ მომენტებში ხვდები, რატომ არსებობ.“
„ემიგრაცია რთულია, მაგრამ სიძლიერე შიგნიდან მოდის“
ინგა ემიგრაციის მსურველებს გულწრფელ რჩევას აძლევს: „ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო. ბევრს გადავაფიქრებინე წასვლა, რადგან რეალობა სხვაგვარია. თუ პრობლემა გადაუჭრელია – გადადგი ეს ნაბიჯი, მაგრამ იცოდე: ემიგრაციაში ზოგჯერ უფრო მეტს კარგავ, ვიდრე იძენ. მთავარი შინაგანი სიმტკიცეა.“
ავტორი: ხათუნა შარაძე
წყარო: AprioriTV – ემიგრანტის ხმა იტალიაში
#ინგაკამლაძე #ემიგრაციაიტალიაში #ქართველებიიტალიაში #YvesRocher #AprioriTV #ქართველექალები #ემიგრანტებისისტორიები #ემიგრანტთადახმარება









