ავტორი — თეონა ჭანტურია | AprioriTV
იტალიის ქალაქ ბარიში ქართული ცეკვის სტუდია ლელა დვალმა და მისმა მეუღლემ, კაკო ქინქლაძემ, დააარსეს. პირველი გაკვეთილი ერთი მოსწავლით დაიწყო. დღეს სტუდიაში ქართველი ბავშვები ცეკვას სწავლობენ, ქართულ მუსიკას უსმენენ და იმ ტრადიციებს ეცნობიან, რომლებთანაც ემიგრაციაში ყოველდღიური შეხება ყოველთვის არ აქვთ.
როგორ გაჩნდა სტუდიის გახსნის იდეა
ლელა დვალი სცენაზე ბავშვობიდან იდგა. ცეკვაში პირველი ნაბიჯები მამასთან ერთად გადადგა, შემდეგ კი სწავლა მამიდასთან გააგრძელა. ცეკვა მისი ცხოვრების ნაწილი იყო მანამ, სანამ საქართველოდან წამოსვლა მოუწევდა. იტალიაში ჩასვლის შემდეგ საყვარელ საქმესთან დაბრუნება მოუნდა, სტუდიის გახსნის გადაწყვეტილებამდე კი ქუჩაში ნანახმა ერთმა ამბავმა მიიყვანა.

ერთ დღეს ლელამ დაინახა ქართველი ბებია, რომელიც შვილიშვილს იტალიურ ლექსს ასწავლიდა, იტალიურად ესაუბრებოდა და ეთამაშებოდა. ამ სცენამ დააფიქრა, რა ადგილი უჭირავს ქართულ ენასა და კულტურას იმ ბავშვების ყოველდღიურობაში, რომლებიც იტალიაში იზრდებიან. სწორედ მაშინ გაუჩნდა სურვილი, ცეკვის საშუალებით მათთვის ქართულ კულტურასთან ურთიერთობის კიდევ ერთი შესაძლებლობა შეექმნა.
პირველი მოსწავლე და გაკვეთილები, საიდანაც ბავშვებს წასვლა აღარ უნდათ
„პირველი გაკვეთილი ერთი მოსწავლით დავიწყე. შემდეგ ნელ-ნელა, ყოველდღიურად, ვიზრდებოდით და ვიზრდებოდით“, — იხსენებს ლელა დვალი.
სტუდიის შექმნის სირთულეებზე საუბარს ლელა მრავალწერტილით ასრულებს. იმ პირველ პერიოდზე კი განსაკუთრებით თბილად ჰყვება და იხსენებს, როგორ ემატებოდნენ ჯგუფს ბავშვები. დღეს ბარის სტუდიას „ერთ დიდ ქართულ ოჯახს“ უწოდებს. აქ ბავშვები ცეკვასთან ერთად ქართულ სიტყვას, მუსიკასა და ტრადიციებს ეცნობიან.

ლელა იმაზეც გულწრფელად საუბრობს, რომ მისი დაკვირვებით, ქართული ცეკვის შესწავლის სურვილი ყოველთვის თავად ბავშვებისგან არ მოდის და ზოგჯერ მშობლების ინტერესიც საკმარისი არ არის. ამიტომ მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის წუთები, როცა ხედავს, რამდენად სიამოვნებთ ბავშვებს სტუდიაში ყოფნა.
„როცა გაკვეთილს ვასრულებ, ბავშვებს სახლში წასვლა აღარ უნდათ. სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება — ის, რაც მაძლევს ძალას, გავაგრძელო.“
რა უნდა დარჩეთ ბავშვებს სტუდიიდან წლების შემდეგ
ლელა დვალის მთავარი მიზანია, საქართველოსა და ქართულ კულტურას მეტი ადამიანი გაეცნოს. სამომავლო გეგმებზე საუბრისას ღიმილით ამბობს, რომ ყველა სცენის „დაპყრობასაც“ აპირებენ. ამავე დროს, მიაჩნია, რომ ქართულ ენასთან და კულტურასთან კავშირი ოჯახში იწყება. ამიტომ ემიგრანტ მშობლებს მოუწოდებს, შვილებს ქართულად ესაუბრონ და ქართული ტრადიციები გააცნონ. მადლობას უხდის მათაც, ვინც ემიგრაციაში ამ საქმეს საკუთარი შრომით აგრძელებს.

წლების შემდეგ ლელას სურს, მისმა მოსწავლეებმა თამამად და სიამაყით თქვან — „ჩვენ ქართველები ვართ!“ და თუ ერთ დღეს საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ, თან ჩაიტანონ სამშობლოს სიყვარული, რომელიც იტალიაში ცხოვრებისას შეინარჩუნეს.
#DanzaGeorgiana #CulturaGeorgiana #DiasporaGeorgiana #Bari #AprioriTV









