„იმედი მაქვს, იტალიაშიც ისე იგრძნობთ თავს შინ, როგორც მე მაგრძნობინა საქართველომ“ – ჯანმარკოს ინტერვიუ AprioriTV-ს

დიასპორული მედია იტალიაში

AprioriTV-ის ინტერვიუ | ხათუნა შარაძე

ლევანმა კერძი გასინჯა, ჩანგალი ნიჟარაში ჩააგდო და თქვა: „მადლობა“. მანუელისგან ჯანმარკომ მხოლოდ „ვაიმე“ გაიგონა. ამ სიტყვის მნიშვნელობა უკვე იცოდა, მაგრამ იმ წამს ეს ცოდნა დიდად ვერ დაეხმარა. კონსტანტინე კი ლუკმას ღეჭავდა და თვალს არ აშორებდა. ბოლოს სამივემ ერთი და იგივე სიტყვა თქვა — „კი“.

MasterChef Georgia-ს პირველ ეპიზოდში პადოველმა მოყვარულმა მზარეულმა ჟიურის ნიგვზიანი ბადრიჯანი რომაული პეკორინოთი, რიკოტათი და კარამელიზებული მსხლით წარუდგინა. კერძს „ბადრიჯანა“ დაარქვა. სახელში ორი რეცეპტი გააერთიანა — ნიგვზიანი ბადრიჯანი, რომელიც პირველად შვეიცარიის ქართულ რესტორანში გასინჯა, და ბებიის პარმიჯანა, რომელსაც მის ოჯახში სტუმრის მოსვლისას ამზადებენ.

ამ კერძამდე იყო ერთი კვირა დღე, უცხო ქვეყანაში შემთხვევით გაღებული კარი და სახლში დაბრუნებისას ჩაწერილი ვიდეო, რომელშიც ჯანმარკომ ქართულად ჯერ მხოლოდ ორი რამ თქვა: „გამარჯობა, როგორ ხარ?“


ჯანმარკო, წინადადებას „იტალიელი ჯანმარკო ვარ და ქართულს ვსწავლობ“ შენი ვიდეოებიდან ბევრი იცნობს. ქართულამდე როგორ დაიწყო შენი ამბავი კამერასთან?

პადოვაში დავიბადე და გავიზარდე, სპრიცის სამშობლოში, სადაც იმაზეც კი იმართება დიდი კამათი, როგორ უნდა მოამზადო სპრიცი სწორად. დედისერთა ვარ და ბავშვობაში ზოგჯერ მარტოობას ვგრძნობდი. ალბათ ამიტომაც, დაახლოებით ექვსი წლის რომ ვიყავი, მშობლებმა ერთ დღეს ბრჭყვიალა შეფუთვით საჩუქარი მომიტანეს. გავხსენი და შიგნით ვიდეოკამერა დამხვდა.

მაშინ სმარტფონები ჯერ არ არსებობდა. ვიღებდი ყველაფერს — სახლში, გარეთ, მშობლებთან სეირნობისას. ყოველ წუთს პირდაპირი ეთერივით ვახმოვანებდი. დედას და მამას კამერას სახესთან მივუტანდი და ინტერვიუს ვართმევდი. ალბათ, რაღაც მომენტში საჩუქრის არჩევანშიც შეეპარათ ეჭვი.

დღესაც ვიღებ და ისევ ისევე ვერთობი. მშობლებს დროებით მოვასვენე. ახლა ფრანგულენოვან შვეიცარიაში ვცხოვრობ და მე და ჩემს კამერას უამრავი საინტერესო ქართველი გვყავს, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი.

შვეიცარიაში იმ ქართულ რესტორანს ყოველდღე ჩაუვლიდი. რა გახსოვს იმ კვირა დღიდან, როცა კარი პირველად შეაღე?

სამსახურში მიმავალი ყოველდღე ვხედავდი, როგორ ჭამდნენ, მღეროდნენ და ერთობოდნენ იქ შეკრებილი ადამიანები. საჭმლის სურნელიც ქუჩაში გამოდიოდა. ჩემს წყნარ უბანში ეს პატარა რესტორანი განსაკუთრებით ცოცხალი ადგილი იყო. ერთ კვირას ბოლოს და ბოლოს შევედი. იქ ისე მიმიღეს, თითქოს დიდი ხნის მეგობარი ვიყავი. ქართული სამზარეულოდან დავიწყეთ და მალევე ენასა და კულტურაზეც გადავედით.

იმავე საღამოს სახლში ვიდეო ჩავწერე. ვთქვი, რომ ქართული ენის სწავლა გადავწყვიტე და უკვე შემეძლო მეთქვა „გამარჯობა, როგორ ხარ?“. გამოვაქვეყნე და დავიძინე. დილით ათობით კომენტარი დამხვდა. ადამიანებს უნდოდათ, ჩემი პროგრესისთვის თვალი ედევნებინათ, შეცდომები გაესწორებინათ და ახალი სიტყვები ესწავლებინათ. რესტორანში დაწყებული ნაცნობობა იმ დილით გაცილებით მეტ ადამიანთან გაგრძელდა.

ქართულად ლაპარაკის სურვილი იმ პირველმა შეხვედრამ გაგიჩინა. რა გეხმარება, რომ სწავლა გააგრძელო, როცა სიტყვა ჯიუტად არ გამოგდის?

მინდოდა, უკეთ გამეგო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ასე თბილად მიმიღეს. ჩემთვის ენის სწავლა ყველაზე პირდაპირი გზაა, ადამიანს უთხრა: „მართლა მაინტერესებ და მინდა, გაგიცნო“.

ქართული იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მარტო ანბანისთვის ცალკე მედალს უნდა გაძლევდნენ. ზოგიერთ ბგერას ჩემი იტალიური სასა აქამდე საერთოდ არ შეხვედრია. მაგრამ სწორედ ეს მახალისებს. ყოველი ახალი სიტყვა პატარა გამარჯვებაა, შეცდომებზე კი ხშირად ერთად ვიცინით. ჩემი ბებო პირველი გულშემატკივარია და ზოგჯერ ვიდეოებშიც სიამოვნებით ერთვება. ოჯახის წევრები და მეგობრები თავიდან მეკითხებოდნენ, მაინცდამაინც ქართული რატომო. ახლა თვითონ მთხოვენ, ქართულ რესტორანში წავიყვანო.

როცა გაიგე, რომ MasterChef Georgia-ში მიგიღეს, პირველად ხაჭაპური გამოაცხვე. თბილისისკენ რომ ემზადებოდი, ყველაზე მეტად რისი გეშინოდა?

ხაჭაპურის გამოცხობა ჩემი აღნიშვნის ფორმა იყო. მერე ქართული კერძების შესწავლა გავაგრძელე და ვფიქრობდი, რომელ მათგანში შემეძლო ჩემი იტალიური გამოცდილებაც შემეტანა. პროფესიონალი მზარეული არ ვარ. ჩემი სამუშაო სულ სხვა სფეროშია. კერძების მომზადება სახლში შემიყვარდა, როცა რეცეპტებს ვცდიდი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გაოცება მინდოდა.

ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ გამოუცდელობით სერიოზულ შეცდომას დავუშვებდი ან ჩემი ექსპერიმენტით იმ ქვეყნის კულინარიულ ტრადიციას შევეხებოდი უპატივცემულოდ, რომელმაც ასე კარგად მიმიღო. საქართველოში მონაწილეობა სწორედ იმ რესტორანში გაცნობილი ადამიანების გამო მინდოდა. ჟიურის წინაშე ისეთი კერძით მინდოდა წარვმდგარიყავი, რომელშიც ჩემს სამყაროსაც ამოიცნობდნენ და საკუთარსაც.

„ბადრიჯანაში“ ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბებიის პარმიჯანა გააერთიანე. რა კავშირი დაინახე ამ ორ კერძს შორის?

ნიგვზიანი ბადრიჯანი პირველი ქართული კერძი იყო, რომელიც შვეიცარიაში, იმ რესტორანში გავსინჯე. მაშინ არც ენა ვიცოდი და არც კულტურას ვიცნობდი, მაგრამ იმ კერძში ერთი რამ გავიგე, რასაც თარგმანი არ სჭირდებოდა — „აქ გელოდებიან“.

იტალიაში, ჩვენს სახლში, როცა სტუმარი მოდის, ბებო თავის განსაკუთრებულ პარმიჯანას ამზადებს. მისი კერძიც თითქოს გეუბნება: „მოდი, ჩვენთან დაჯექი, ერთად კარგად ვიქნებით“. ამიტომ გავაერთიანე ისინი. ნიგვზიან ბადრიჯანს რომაული პეკორინო, რიკოტა და კარამელიზებული მსხალი დავუმატე. ამ კერძით სტუმრის მიღებაზე მინდოდა მომეყოლა, როგორც ეს იმ რესტორანში და ჩემს ოჯახში გამოვცადე.

სამივე მსაჯისგან „კი“ მოისმინე. როცა დაძაბულობამ გადაიარა, მათი შეფასებიდან რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

გასინჯვისას ყველაფრისთვის მზად ვიყავი. კონსტანტინემ დიდი ლუკმა აიღო და ჭამისას თვალს არ მაშორებდა. თავში ათასმა აზრმა გამიარა. ლევანმა ჩანგალი ნიჟარაში ჩააგდო და თქვა „მადლობა“. ვერ მივხვდი, მოეწონა თუ არა. მერე მანუელმა თქვა „ვაიმე“. ამ სიტყვით ხომ ყველაფრის თქმა შეიძლება.

სამივეს „კი“ ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. განსაკუთრებით ის გამიხარდა, რომ კერძთან ერთად მისი ჩანაფიქრიც მიიღეს. დაინახეს, რისი მოყოლა მინდოდა ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქმეს პატივისცემით მიუდგე და შიშის მიუხედავად სცადო. დღესაც ვღელავ, როცა ამ ამბავს ვყვები.

ბებიების ამბავში ქართველებსა და იტალიელებს შორის მსგავსება მალე იპოვე. ქართულ სუფრაზე რამ გაგაკვირვა?

ორივე ქვეყანაში ოჯახი ყველაფრის ცენტრშია, სუფრასთან ერთად ყოფნა გვიყვარს და ბებიები დარწმუნებული არიან, რომ ძალიან გამხდარი ხარ. საქართველოში ამიტომაც ვიგრძენი თავი შინაურად.

პირველი განსხვავება სადღეგრძელოებში შევამჩნიე. იტალიაში ვამბობთ cin cin და ვახშამს ვაგრძელებთ. საქართველოში თამადა სუფრას უძღვება. სადღეგრძელო შეიძლება ერთი სურვილით დაიწყოს და ცხოვრების, ოჯახის ან საყვარელი ადამიანების შესახებ სერიოზულ საუბარში გადაიზარდოს. თითოეულს თავისი დრო და მნიშვნელობა აქვს.

სამზარეულოშიც ბევრად მეტი აღმოვაჩინე, ვიდრე თავიდან წარმომედგინა. ხინკალმა ყველაზე მეტად მომხიბლა და უკვე ვისწავლე, როგორ ვჭამო ისე, რომ წვენი თეფშზე არ დამეღვაროს. კარტოფილის ღვეზელი კი შემიძლია სულ ვჭამო. ხაშს ჩემი იტალიური სასა ჯერ კიდევ ეჩვევა.

შენც იტალიის გარეთ ცხოვრობ. ამ გამოცდილებამ როგორ შეგაცვლევინა მზერა ქართველების მიმართ, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ და მუშაობენ?

ფრანგულენოვან შვეიცარიაში ზოგჯერ თავს მარტოდ ვგრძნობ, თუმცა სახლამდე მანქანით დაახლოებით რვა საათი მაქვს და დაბრუნება როცა მინდა, შემიძლია. მათთვის, ვინც საქართველოდან იტალიაში მოდის, მანძილს ენაც ზრდის, ყოველდღიური ჩვევების ცვლილებაც და საყვარელ ადამიანებთან დაშორებაც. ჩემი გზა ბევრად მსუბუქი იყო. ამიტომ კიდევ უფრო დიდი პატივისცემით ვუყურებ ადამიანებს, რომლებსაც სხვა ქვეყანაში ცხოვრების თავიდან აწყობა უწევთ.

იტალიაში მცხოვრებ ქართველებში ისიც მომწონს, როგორ ეგუებიან ახალ გარემოს და ამავე დროს ინარჩუნებენ საკუთარ ტრადიციებს. ბევრი იტალიელი მათ ისტორიებს ჯერ არ იცნობს. ზოგჯერ საკმარისია, ერთად დასხდეთ, შენი კერძი გაასინჯო და მოუყვე, როგორ გაჩნდა ის შენს ოჯახში. მეც ასე გავიგე პირველად, რას ნიშნავდა ქართული სტუმართმოყვარეობა. ჯერ თავად გამოვცადე და მერე ავხსენი, რას ვგრძნობდი.

დღეს რა ადგილი აქვს საქართველოს შენს ცხოვრებაში და რას ეტყოდი ქართველებს, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ?

საქართველო ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. ქართულს ვსწავლობ, იმ ადამიანებს ყოველდღე ვწერ, ვისაც ამ გზაზე შევხვდი, და სახლში ქართულ კერძებს ვამზადებ. კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს აღმოსაჩენი და ვაპირებ, სწავლა განვაგრძო — გამოთქმის თითო შეცდომით წინ.

იტალიაში მცხოვრებ და მომუშავე ქართველებს მინდა ვუთხრა: მადლობა. მადლობა, რომ თქვენი ქვეყნის სითბო თან წამოიღეთ, რომ შორიდანაც მაგრძნობინეთ თქვენი სტუმართმოყვარეობა და რომ ჩემს ქართულს ასეთი მოთმინებით ასწორებთ. იმედი მაქვს, იტალიაშიც იგრძნობთ თავს შინ, თუნდაც ცოტათი ისე, როგორც მე მაგრძნობინა საქართველომ.

და დავასრულებ ისე, როგორც ჩემს ყველა ვიდეოს ვასრულებ:

„იტალიელი ჯანმარკო ვარ, და ქართულს ვსწავლობ. კარგად, დიდი მადლობა!“

Exit mobile version