BREAKING

ინტერვიუ

„იბრძოლეთ, გოგოებო! შეუძლებელი არაფერია“ – ქართველი ქალის წარმატება მალტის კუნძულზე

ნათია გაბაძე – ქართველი ქალი, რომელმაც მალტელებს ქართული გემო შეაყვარ„შეუძლებელი არაფერია – იბრძოლეთ გოგოებო!“

38 წლის ნათია გაბაძე იმ ქართველ ემიგრანტ ქალთა შორისაა, ვინც საკუთარი შრომით, მოთმინებითა და სიყვარულით შეძლო უცხო ქვეყანაში საკუთარი თავისა და ქართული კულტურის დამკვიდრება.
საქართველოდან – იტალიამდე, ხოლო მიზანდასახულობამ და შრომამ მალტის ტელევიზიამდე მიიყვანა. გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ ემიგრანტთან, რომელიც გამარჯვების ჟინმა წარმატებულ ქალად აქცია.

ინტერვიუ ნათია გაბაძესთან – AprioriTV/ხათუნა შარაძე

– როგორ დაიწყო თქვენი ემიგრაციის გზა – რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო დატოვეთ და იტალიაში წასვლა გადაწყვიტეთ?

— მიზეზი იმისა, რომ დამეტოვებინა საქართველო და წავსულიყავი ემიგრაციაში, იყო ჩემი შვილები. მყავს ორი ბიჭი და მათთვის მინდოდა შემექმნა უკეთესი მომავალი. სწორედ მათ გამო გადავდგი ეს ნაბიჯი და ეს იყო ყველაზე რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში.

– მოგვიყევით იტალიიდან მალტაში გადასვლის შესახებ, რამდენად რთული იყო ახალი ქვეყნის, ენისა და სამუშაო გარემოს შეგუება?

— იტალიიდან მალტაში ჩამოსვლა და აქ თავის დამკვიდრება მარტივი არ ყოფილა.  ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მაგრამ თანდათან ვისწავლე, მივეჩვიე გარემოს და ვიპოვე საკუთარი ადგილი.

– როგორი გამოცდილება მიიღეთ მალტის რესტორნებში მუშაობისას? მალტური რესტორნების „Barracuda“-სა და „Piccolo Padre“-მდე რა შეხება გქონდათ სარესტორნო საქმესთან?

— როცა რესტორან „Barracuda“-ში დავიწყე მუშაობა, ძალიან მიჭირდა, მაგრამ მქონდა მიზანი და არ დავნებდი. იქ ყველაფერი ვისწავლე ჩემი თანამშრომლებისა და განსაკუთრებით ჩემი საუკეთესო შეფის, ველინის დახმარებით.
შემდეგ გადავედი „Piccolo Padre“-ში, სადაც დღითიდღე ვიზრდები. მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი სამსახური, ჩემი კოლეგები, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

– როგორ მოახერხეთ, რომ უცხო ქვეყანაში ქართულმა კულინარიამ ტელევიზიამდე მიგიყვანათ? როგორ დაიწყო თქვენი მონაწილეობა მალტის ტელეგადაცემაში „Indiko“?

— ვფიქრობ, ტელევიზიამდე მისვლა ჩემი მონდომების, სისწრაფის, დაუღალავი შრომისა და ყველაფრის მიმართ დიდი ინტერესის შედეგია.
ჩემმა შეფმა, რეიმონდ ფაუცამ, მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი მასთან ერთად ტელევიზიაში და მალტელებისთვის გამეცნო ქართული სამზარეულო და ტრადიციები. ასე დაიწყო ყველაფერი. ახლა ყოველ ოთხშაბათს გადაცემაში „Indiko“ ვაკეთებ ქართულ კერძებს და სულს, გულს ვდებ თითოეულ მათგანში.

– რა ემოციებს განიცდით, როცა ეთერში ქართულ კერძებს ამზადებთ მალტელებისთვის? რას ნიშნავს თქვენთვის ქვეყნის კულტურის გაცნობა უცხო მაყურებლისთვის?

— ეს არის ისეთი სიამაყის და ბედნიერების განცდა, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია.
პირველად, როცა ტელევიზიაში მივედი, ჩემს ფორმაზე დავაქარგინე საქართველოს დროშა და დავაწერინე, რომ მე ვარ საქართველოდან.
ამას ვერაფერი შეედრება, უცხო ქვეყანაში შენი ქვეყნის სუნთქვის მიტანა მაყურებლამდე უდიდესი ბედნიერებაა.

– რას ურჩევდით ქართველ ემიგრანტებს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას?

— ვეტყოდი: იბრძოლეთ, გოგოებო! შეუძლებელი არაფერია. მე მესმის, რა გზას გადიხართ, რამდენად ძნელია შორს ყოფნა და ყოველდღიური ბრძოლა. მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ და არ დანებდეთ იმას, რის გამოც ხართ იქ, სადაც ხართ! წინ უკეთესი დღეები გელით.

🎤 ბონუს კითხვა:

როცა თქვენს განვლილ გზას გადახედავთ  „ბადანტიდან“ სუშეფამდე, რას ეტყოდით იმ ნათიას, რომელმაც საქართველო პირველად დატოვა და საკუთარი თავი ემიგრაციაში გაუშვა?
— ვეტყოდი, რომ ვამაყობ შენით, ნათია!
შენი მოთმინებით, შენი დაუღალავი შრომით შენ ეს შეძელი.
გახსოვდეს, შენი შვილები და შენი დედიკო შენს გვერდით გყავთ და შენ მოახერხე, შენ მათთვის უკეთესი მომავალი შექმენი.
დაიჯერე, რომ მაშინდელი ტკივილი დღეს უკვე შენი გამარჯვების ისტორიაა.


📍AprioriTV – ქართული მედიაპლატფორმა ემიგრანტების ისტორიებით, შრომითა და შთაგონებით.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts