ემიგრაცია მხოლოდ ქვეყნის შეცვლა არ არის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად გამოცდის, აიძულებს საკუთარი შესაძლებლობები თავიდან აღმოაჩინოს და ცხოვრების სრულიად ახალი გზა გაიაროს. ხათუნა ხუჭუასთვის ეს გზა შრომით, სწავლით, მუდმივი თვითგანვითარებითა და მიზნისკენ შეუჩერებელი სვლით იყო სავსე. დღეს ის ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად ქცევაა. ამ ინტერვიუში ის გულწრფელად საუბრობს ემიგრაციაზე, იტალიაში გატარებულ წლებზე, მიღებულ გამოცდილებასა და იმ ნატვრაზე, რომელიც დღემდე უცვლელი დარჩა.
ინტერვიუ მოამზადა თეონა ჭანტურიამ
– ვინ არის ხათუნა ხუჭუა?
ქალი, რომელსაც ყოველთვის აქვს მიზანი და მის მისაღწევად ბევრს შრომობს. ბევრი გზა გავიარე და დღეს ვიცი: ძალა იქ იწყება, სადაც არ ნებდები. ამიტომაც ვმუშაობ 24-საათიან სამსახურში, თან ისევ ვსწავლობ და, მიუხედავად ყველაფრისა, წინ მივდივარ.
– რა იყო მიზეზი, რამაც ემიგრაციაში წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება გადაგაწყვეტინა?
ჩემი და შვილების უკეთესი მომავლის შესაქმნელად მაშინ ეს ნაბიჯი საუკეთესო ვარიანტად მივიჩნიე. მჯეროდა, რომ აუცილებლად რაღაც ახალს გავაკეთებდი, შევქმნიდი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას. აქ ყოფნამ მასწავლა, რომ ადამიანს შეუძლია ცხოვრება თავიდან დაიწყოს და საკუთარი შესაძლებლობები განავითაროს.
– როგორ გადარჩით ემიგრაციაში?
ემიგრაციაში გადარჩენა ნიშნავს საკუთარ თავთან ბრძოლას, საკუთარი „მე“-ს ღრმად შესწავლას, საკუთარი ნაკლისა თუ უპირატესობის უფრო ღრმად დანახვას.
დამეხმარა ის, რომ არასდროს დამიკარგავს მიზანი და რწმენა. ვიცოდი, რატომ ვიყავი აქ და რისთვის, თუ ვისთვის ვიბრძოდი. უფალს არასდროს მივუტოვებივარ.
გადარჩენა ყოველდღიურმა შრომამ, თვითგანვითარებაზე ბრძოლამ და იმ ადამიანებმა მასწავლეს, ვინც ცხოვრების ყველაზე რთულ საფეხურზე გვერდით მედგა.
– როგორი ფერი აქვს თქვენს ფიქრებსა და ოცნებებს?
ფიქრები ღრმა ცისფერია, ისეთი, როგორიც დილაა, როცა ყველაფერი თავიდან იწყება. ოცნებები კი თეთრია — სუფთა და მშვიდი.
– მაშინდელი ხათუნა გეცოდებათ?
არა, არ მეცოდება. პირიქით, მადლობას ვუხდი. მეამაყება. ის მარტო წავიდა უცხო ქვეყანაში, სირთულეები გადაიტანა და მაინც არ დანებდა. დღეს ვხვდები, რომ სწორედ იმ ხათუნას ძალამ მომიყვანა აქამდე და ის ქალი შექმნა, რომელიც ახლა ვარ.
– გამართლებულად მიგაჩნიათ ცხოვრების ეს ეტაპი?
კი, მიმაჩნია გამართლებულად. სწორედ ამ გამოცდილებამ მასწავლა დამოუკიდებლობა, გამძლეობა, მომცა განათლება და საკუთარი ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა.
საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი სწორედ აქ შევქმენი და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს იტალიელ ოჯახს, სადაც ჩამოსვლისთანავე მოვხვდი და ახლაც მათთან ვარ. უზომოდ მადლიერი ვარ მათი. მათ გარეშე ვერ შევძლებდი სწავლის დასრულებას.

– ფიქრობთ, რომ საქართველოში ისევ ძველებურად გელიან?
დრო ბევრ რამეს ცვლის. ცხოვრებას ყველა თავის გზაზე მიჰყავს. მაგრამ ოჯახური სიყვარული და და-ძმური სიყვარული უცვლელია.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნატვრა?
ჩემი ნატვრაა სტაბილური და ღირსეული სამუშაო ადგილი და ცხოვრება ჩემს სამშობლოში. მინდა, რომ შინ დაბრუნება სიმშვიდეს ჰგავდეს, სადაც აღარ იქნება ბრძოლა არსებობისთვის და გადარჩენისთვის. მხოლოდ სითბო, სიმშვიდე და სიყვარული.
– როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება იტალიის მიმართ ამ წლების განმავლობაში?
იტალია საოცრად ლამაზი ქვეყანაა. ერთი დიდი მუზეუმია ღია ცის ქვეშ. ისინი ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ხალხია, თავიანთი ნაკლითა თუ უპირატესობით. ამ ხალხს ძალიან უყვარს მათი ქვეყანა და მათი ენა. მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ენა იტალიურია, ულამაზესი ქალაქი — რომი, ხოლო ყველაზე გემრიელ კერძებს სწორედ აქ ამზადებენ. მე პირადად ამას სრულად ვეთანხმები.
რაც შეეხება ემიგრაციას, ეს საკმაოდ ფრთხილი და მტკივნეული თემაა. ყველამ თავისით უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს თუ დარჩეს. აქ წამოსული პატარა არავინ ვართ. ამიტომ ჩვენს ცხოვრებასა და მომავალზე პასუხისმგებლობა თავად უნდა ავიღოთ და თავადვე ვაგოთ პასუხი.
– როგორ ისწავლეთ იტალიური ენა და რა გზა გაიარეთ განათლების მიღებამდე?
თავდაპირველად ჩემით დავიწყე. იტალიური ენის თვითმასწავლებელი მქონდა, გრამატიკული სავარჯიშოებითა და ტექსტებით. რასაც დავწერდი, ბებო მისწორებდა და მიხსნიდა შეცდომებს. სიამოვნებდა, რომ მისი ენის სწავლას ვცდილობდი.
როცა ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მივიღე, A1 დონის კურსი გავიარე. იმავე წელს Scuola Media-ში შევიტანე განცხადება, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა Scuola Superiore-ში, Ragioneria-ს მიმართულებით გავაგრძელე, რაც ბუღალტერიას, ფინანსებსა და ბიზნესის ადმინისტრირებას მოიცავს.
ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს იტალიელ ოჯახს. რომ არა ისინი, ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი. თანადგომა მქონდა ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და სკოლაში შეძენილი მეგობრების მხრიდან. ამ ყველაფრის მისაღწევად ბევრი ვიშრომე.
დღეს უბედნიერესი ვარ და საკუთარი თავით ამაყი, რომ ეს შევძელი — თანაც წარმატებით.
– როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება იტალიაში?
პატარა ქალაქ ტერაჩინაში ვცხოვრობ, რომელიც ლაციოს რეგიონს მიეკუთვნება. ზღვისპირა, ულამაზესი ქალაქია.
თითქოს ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ფიზიკურადაც ჰგვანან. ბევრმა ადამიანმა ახლობლები და ნაცნობები გამახსენა. ვერ ვიტყვი, რომ ხმაურიანი ხალხია — ჩვენ უფრო ვართ. თუმცა ნეაპოლის მონახულების შემდეგ ვიფიქრე, როგორი ხმაურიანებიც ყოფილან-მეთქი.
აქ ქალის კულტია. მამაკაცები ძალიან მოწიწებით ეპყრობიან ქალებს და ქალი ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს.
საღამოობით ოჯახები ერთად სეირნობენ. ახალგაზრდა თუ ასაკოვანი წყვილები ხელჩაკიდებულები დადიან. მეგობრებთან ერთად ყავის დალევა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თუ დრო აქვთ, ერთად სხდებიან და საუბრობენ.
ზაფხულში სანაყინეები ყოველთვის სავსეა. აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განსხვავებული აზრის პატივისცემას და სხვისი პოზიციის მოსმენას. სწორედ ამაში იგრძნობა ის ევროპული კულტურა, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილი ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია.
აქ თითქმის ყველგან ღიმილიანი სახეებია. ჩვენი სუფრა, ქართული სითბო და მზე კი სხვანაირია. ისინი უსაშველოდ მენატრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს იტალია და იტალიელებიც ძალიან მომენატრებიან.