ავტორი: თეონა ჭანტურია — ემიგრანტი, AprioriTV-ის წარმომადგენელი ქალაქ ბარიში
„ჩვენ უნდა ვიყოთ სიკეთის, სიყვარულისა და ერთგულების ბასტიონი“ — ასე იწყებს ხოლმე ბატონი ზურა გაკვეთილს. მერე კი სამსახურებში ისეთი განცდებით ვბრუნდებით, გულსაც რომ ეამება და სულსაც. ხუთშაბათი კიდევ უფრო შემაყვარეთ, მაესტრო! მადლობა, რომ ასეთი კარგი ხართ ჩვენთვის და ასეთი დიდებული მამულიშვილი — ჩვენი საქართველოსთვის!
ამ სიტყვებით მინდა დავიწყო ამბავი ადამიანზე, რომელიც იტალიაში, ქალაქ ბარიში, ქართული ენისა და სიმღერის გარშემო აერთიანებს ემიგრანტებს. ზურა ენდელაძე-კორიშელისთვის სკოლა და ქართული გუნდი – „ქორო“ სამშობლოსთან ყოველდღიური ურთიერთობის გზაა. აქ ბავშვები საკუთარ ენასა და ფესვებს ეცნობიან, ემიგრანტი ქალები კი სამუშაოსა და მონატრებით დატვირთულ დღეებში სიმღერისთვის, ერთმანეთისთვის და საკუთარი თავისთვის პოულობენ დროს.
„ვცდილობ, ჩემი წილი ხარკი გადავუხადო სამშობლოს — იმ საქმით, რომელიც შემიძლია და რომელიც ყველაზე მეტად მახარებს“, — ამბობს ბატონი ზურა.
მის სიტყვებში იგრძნობა პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის წინაშე, რომლისგან შორს ცხოვრებაც კუთვნილების განცდას ვერ ანელებს. სწორედ ამ განცდამ მიიყვანა ქართული სკოლის გახსნისა და ქოროს ჩამოყალიბების გადაწყვეტილებამდე.

ქალები, რომლებიც ქოროში დგანან
როდესაც ბატონ ზურას ქოროს წევრ ემიგრანტ ქალებზე ვეკითხები, საუბარი სცდება მუსიკას და იმ ცხოვრებისკენ მიდის, რომელიც თითოეულ მათგანს რეპეტიციამდე და რეპეტიციის შემდეგ აქვს.
„ამ ქალების ისტორია, ჩემი აზრით, თავად ისტორიამ უნდა შეაფასოს. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე იმ სულიერ და ემოციურ ფასს, რომელსაც ემიგრანტი ქალი იხდის“, — ამბობს იგი.
ამ ფასს ემიგრაციაში სხვადასხვა სახე აქვს: მძიმე სამუშაო დღე, საკუთარ შვილთან გამოტოვებული საღამო, ოჯახისგან შორს გატარებული წლები, დაღლილობა, რომლის მიღმაც ისევ სხვისი საჭიროებები დგას.
ბატონი ზურა განსაკუთრებული პატივისცემით საუბრობს ქალებზე, რომლებმაც ოჯახის მომავლისთვის უცხო ქვეყანაში მუშაობა გადაწყვიტეს. მისთვის ამ გადაწყვეტილების უკან დგას განშორების მთელი სიმძიმე — სახლის დატოვება, შვილებთან ჩახუტება და იმ ყოველდღიურობაზე უარის თქმა, რომლის ნაწილიც თავად უნდა ყოფილიყვნენ.
„ქედს ვიხრი თითოეული იმ ემიგრანტი ქალის წინაშე, რომელმაც საკუთარი სახლის კარი დახურა, საძინებელი ოთახი დაალაგა, შვილებს პირჯვარი გადასახა, გულში ჩაიკრა და ემიგრაციის მძიმე გზას დაადგა“.
ამ ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს ოჯახის რჩენისა და მისი მომავლის შექმნის პასუხისმგებლობა. ხშირად ეს პასუხისმგებლობა შვილებსა და ოჯახსაც სცდება და მთელ სანათესავოს სწვდება. ბატონი ზურას აზრით, მათი ღვაწლის სრულად შესაფასებლად ჯერ კიდევ გვაკლია როგორც დრო, ისე შესაფერისი სიტყვები.
„თუ ჩვენი ქოროს შესახებ მკითხავენ, ვიტყვი: აქ მხოლოდ ქალები არ დგანან, აქ დგანან ისტორიები, გადატანილი ტკივილი, მონატრება, ღირსება და საოცარი შინაგანი ძალა“.
ალბათ ამიტომაც აქვს ამ შეხვედრებს ჩვენთვის ასეთი მნიშვნელობა. ხუთშაბათს ერთმანეთს ვხვდებით, ვმღერით და მერე ისევ ჩვენს სამუშაო ადგილებს ვუბრუნდებით — თან მიგვაქვს განცდა, რომ ჩვენი დაღლილობაც დაინახეს და ჩვენი ხმაც მოისმინეს.
„ეს ქალები იმსახურებენ არა მხოლოდ ტაშს, არამედ ისტორიულ აღიარებას“, — ამბობს მაესტრო.
„საკუთარ თავში ყოველთვის ვეძებ იმაზე მეტს, ვიდრე დღეს ვარ“
რას ეტყოდა ემიგრაციიდან საქართველოს უკვე შემდგარი ზურა ენდელაძე-კორიშელი? კითხვაში სიტყვა „შემდგარს“ თავადვე აჩერებს — საკუთარი თავის ძიებას დასრულებულად არ მიიჩნევს.
„მე მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვარ. არ ვიცი, ვინ როგორ აღიქვამს ამ მდგომარეობას, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი: საკუთარ თავში ყოველთვის ვეძებ იმაზე მეტს, ვიდრე დღეს ვარ. არ ვჩერდები, რადგან მგონია, რომ ადამიანს საკუთარ თავში ჯერ კიდევ ბევრი აღმოსაჩენი აქვს“.
ფიქრობს, რომ შესაძლოა, საქართველოში ცხოვრების შემთხვევაში ამდენი სასიკეთო საქმის გაკეთების შესაძლებლობა არც მისცემოდა. უცხოეთში ყოფნამ კი სამშობლოს მიმართ თავისი პასუხისმგებლობის გამოხატვის კონკრეტული გზა აპოვნინა.
„სწორედ ამიტომ გავხსენი სკოლა, სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბე ქორო. ეს ჩემთვის მხოლოდ საქმიანობა არ არის. ეს არის ჩემი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, ჩემი პასუხისმგებლობა და მცდელობა, ემიგრაციაშიც არ დავკარგოთ ის, რაც ქართველებად გვაქცევს“.
ამ საქმეში განსაკუთრებული ადგილი ბავშვებს უკავიათ. ბატონი ზურა ცდილობს, მათ ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობა აუხსნას; დაეხმაროს იმის გაგებაში, საიდან მოდიან და რა მემკვიდრეობა აკავშირებთ საქართველოსთან.
„მინდა, მათ იცოდნენ, რომ ქართული მხოლოდ სალაპარაკო ენა არ არის — ეს ჩვენი ისტორიაა, ჩვენი იდენტობაა, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობაა“.
ბარიში ამ კავშირის შესანარჩუნებლად ბატონი ზურა თავის ცოდნას, დროსა და ენერგიას გასცემს. მისი შრომის შედეგი ჩანს ბავშვებში, რომლებიც ქართულს სწავლობენ, ქალებში, რომლებიც ერთად მღერიან, და ჩვენს ხუთშაბათებში, რომლებსაც ასე ველოდებით.
სამშობლოსადმი სათქმელს კი ერთი სტრიქონით გამოხატავს:
„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ!“
ამ სიღრმეს თითოეული ჩვენგანი თავისი გამოცდილებით გრძნობს. მაესტროსთან შეხვედრისას კი მას საერთო ხმა ეძლევა — ქართული სიმღერის ხმა, რომელსაც ბარიდან საქართველომდე მანძილი ვერ აჩერებს.
#AprioriTV #GeorgianiInItalia #DiasporaGeorgiana #CulturaGeorgiana #DonneEmigrate