,,არასოდეს მიგრძვნია თავი უცხოელად” – ლამაზი პატარძალი და იტალიელი სიძე ჩოხით – ცნობილი ტიკ-ტოკერები მარი და ივანი ,,აპრიორი ტივის” ობიექტივში

Aprioritv

30 წლის მარი ნაცვლიშვილისა და 33 წლის ივან სერვოდიოს წყვილი პოპულარული ტიკ-ტოკ ვიდეობით გახდა. კონტენტი, რომელსაც ისინი გვერდზე აქვეყნებენ, სახალისო და იუმორისტულია. ,,ყველას შეგვიყვარდა ეს ბიჭი, იბედნიერეთ მრავალი წელი”, ,,აუ, რა საყვარელია, იბედნიერეთ”, ,,ვგიჟდები თქვენს წყვილზე”, ,,ძალიან მიყვარს თქვენი ვიდეოები , წარმატებები”: ამ კომენტარებს მარის და ივანის ტიკ-ტოკ გვერდზე შეხვდებით. ივანს კი ქართველები, სერხიო რამოსსაც კი ამსგავსებენ.

,,აპრიორი ტივიმ” წყვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ისინი გვიყვებიან, როგორ გაჩნდა ტიკ-ტოკ ვიდეობის ჩაწერის იდეა, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, რითი მოიხიბლნენ, როგორი ქორწილი ჰქონდათ, რა მოსწონთ ქართულ და იტალიურ კულტურაში და ა.შ.

მარი და ივან, მოგესალმებით და მადლობა ინტერვიუსთვის, საინტერესოა როგორ გაიცანით ერთმანეთი?

მარი: ,,ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.. დაქალთან ერთად ვიყავი გასული სასეირნოდ, მილანში არის ერთი უსაყვარლესი ადგილი “ნავილიო” ესე ჰქვია სადაც ბევრი ხალხი იკრიბება და საღამოობით “აპერიტივს “ აკეთებენ, ჩვენც წავედით რომ თითო-თითო ჭიქა აპეროლი დაგველია. დავსხედით ერთ-ერთი ბარის წინ, საუბრის დროს ბარის წინ მოტოციკლეტი გაჩერდა სადაც ორი ბიჭი იჯდა, ჩემი ყურადღება ძალიან მიიქცია ბიჭმა საჭესთან. დაქალს ვუთხარი რომ ის ბიჭი მომეწონა და უნდა გავიცნო თქო. ჩვენს გვრდით მაგიდასთან დასხდნენ, დრო და დრო ივანი თვალს ჩემკე აპარებდა, საბოლოოდ ადგა და მოვიდა, მითხრა რომ ძალიან ლამაზი ხარ და თუ შეიძლება შენი სახელი გავიგოო, მეც მეტი რა მინდოა. გავიცანით ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და იქ დამთავრდა ყველაფერი…. ჩემმა დაქალმა მისი ძმაკაცი გაიცნო და ინსტაგრამიც კი გაცვალეს. წამოვედით და მე გაბრაზებული ვიყავი რადგან ივანს არ უკითხავს ჩემი არც სოციალური ქსელი და არც ნომერი, მეგონა ალბათ არ მოვეწონეთქო.. მეორე დილით მივიღე შეტყობინება ინსტაგრამზე, ჩემი დაქალის მეგობრებში მოვუძებნივარ, “მარი გამარჯობა მე ივანი ვარ გუშინ რომ გავიცანით ერთმანეთი, მინდა უკეთ გაგიცნო თუ არ გეწყინებაო. ,,ამ დროს რა იცოდა რომ მე უკვე შეყვარებული ვიყავი მასზე ერთი ნახვით… თქვენ წარმოიდგინეთ და როცა შეხვედრა გადავწყვიტეთ მისამართი ჩავუგდე რომ გამოევლო ჩემს წასაყვანად და თურმე ერთი და იგივე კორპუსში ვცხოვრობდით, მე წინა სადარბაზოში და ივანი უკანა … ალბათ ესეც ბედისწერა იყო რომ იტყვიან!”

მარი, რა თვისებამ მოგხიბლა და დღემდე გხიბლავს ივანში?

ივანს ბევრი კარგი თვისება აქვს, მხიარულია, კეთილი, თბილი და მოსიყვარულე. თუმცა ყველაზე მეტად ალბათ ის მომეწონა რომ ის არის სულ მოწესრიგებული, სუფთა, თავს უვლის ჩემზე მეტად. ასევე სახლი სულ მოწესრიგებული და დასუფთავებული ჰქონდა, მარტო როცა ცხოვრობდა და სტუმრად მივდიოდი მასთან ვგიჟდებოდი ხოლმე. ახლაც ასეა სახლის საქმეებსაც ერთად ვაკეთებთ, ის უთბილესი ადამიანია. იტალიაში რომ ჩამოვედი ყველა ამბობდა „იტალიელი კაცები ცივები არიანო, ყავას ისე არ დაგალევინებენ თუ შენგან რამეს არ ელოდებიანო. ივანმა დამიმტკიცა რომ ეს ესე არ არის, ის სულ სხვანაირია, სულ ცდილობს გასიამოვნოს, სულ ბედნიერია და მაშინაც კი როცა პრობლემები გვაქვს ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიმებას“

ივან, შენ რა თვისებამ მოგხიბლა პირველ რიგში მარიში?

პირველ რიგში რაც მომეწონა და გამაოცა იყო მისი სილამაზე და ღიმილი, მარი ისეთი ლამაზი იყო, გრძელი თმით, წითელი ტუჩ საცხით, მოკლე შავი კაბით როგორ შეიძლებოდა ვინმეს არ მოსწონებოდა. თავიდანვე მივხვდი რომ ის არ იყო უბრალო გოგო, არ იყო მატერიალისტი, ის იყო ადამიანი ვისი ნდობაც შეიძლებოდა, გოგო ვისთანაც შვილები მენდომებოდა. მე მომწონს მასში მისი ძლიერი ხასიათი, ზოგჯერ აჭარბებს ხოლმე, თუმცა ზუსტად ეს არის რაც მასში მომწონს, ის ძლიერი ქალია. ასევე ის არის მხიარული და მასთან ვერ მოიწყენ! ყოველთვის ჩემს გვერდით არის ჩემს გადაწყვეტილებებს პატივს ცემს, უყვარს ჩემი ოჯახი და ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი. ცოტა ეჭვიანია მაგრამ გადავლახეთ მგონი ეს პრობლემაც.

რამდენად მალე გადაწყვიტეთ დაქორწინება და როგორი იყო თქვენი ქორწილი, როგორც ვიცით ივანს ჩოხა ეცვა..

მარი: 4 თვის თანაცხოვრების შემდეგ გადავწყვიტეთ გვექორწინა. პირველად ხელის მოწერა გვქონდა მილანში, შემდეგ საქართველოში გავაკეთეთ რადგან ვიცოდით ბევრი ჩემი ნათესავი ვერ მოახერხებდა იტალიაში წამოსვლას ქორწილისთვის რომელიც დავგეგმეთ.. საქართველოში ივანს ჩოხა ეცვა, ივანს ჩოხის ჩაცმის იდეა ჩემმა დაქალმა ლელა ხუციშვილმა მიაწოდა, ანახა სურათები და ვიდეოები, აუხსნა ტრადიცია და ივანიც აღფრთოვანებული დარჩა ამ სილამაზით, ჩოხა ეკუთვნიდა ეკატერინე ჯავახიშვილს, ნაციონალური სამოსის სახლის მეპატრონეს, მადლობას ვუხდით მას კიდევ ერთხელ ამ სილამაზის გამო.ივანი ჩოხაზე შეყვარებულია, როცა ჩაიცვა გაგიჟდა ისე მოეწონა თვალები უბრწყინავდა სიხარულით, იცოდა ჩვენი ტრადიცია და მართლაც ძალიან კარგად მოირგო ის! შემდეგ კი ნეაპოლში გავაკეთეთ ჯვრის წერა და ქორწილი ერთად. ულამაზესი იყო ჩვენი ქორწილი, დაუვიწყარი, ყველაფერი ივანის ოჯახმა გააკეთა, თავი ზღაპარში მეგონა მადლობა მათ ამისთვის!

მარი, საინტერესოა, როგორ მიგიღო ივანის ოჯახმა და შენებმა ივანი?

ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერი იყო ჩვენი ამბებით, ზუსტად მახსოვს დედაჩემმა ბევრი იტირა სიხარულით, ივანის ოჯახს თავიდან გაუჭირდა ჩვენი გადაწყვეტილების ადვილად მიღება, რადგან ყველაფერი ძალიან მალე მოხდა მათთვის ეს იყო ძალიან ნაადრევი, რადგან იტალიელები ესე მალე არ ოჯახდებიან, ან საერთოდ არ ქორწინდებიან და ისე ცხოვრობენ. თუმცა ჩვენ გამონაკლისი დავუშვით და საბოლოოდ ყველა ბედნიერია ჩვენი ერთად ყოფნით.’

მარი, რა სირთულეები შეგხვდად ეროვნული და იდენტური განსხვავების გამო?

ალბათ ორივე ვავსებთ ერთმანეთს ჩვენი სხვა და სხვა აზრებით, ტრადიციებით და შეხედულებებით, ყოველთვის საინტერესოა გაიცნო და გაიგო სხვა ქვეყანა მათი ტრადიციები და კულტურა… ისე კი იტალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ, დამეთანხმება ბევრი ამაზე, ასე რომ არასოდეს არ გვქონია სირთულეები ამის გამო. მიყვარს ვუყვარვარ და ესაა მთავარი სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა !

ივან, როგორ მოგეწონა საქართველო, რომელი კერძები და ჩვენი კულტურა თუ მოგეწონა?

აჭარული ხაჭაპური, ძალიან გემრიელია, ბევრი ყველით არის და მიყვარს ყველი, ხაჭაპურის ფორმაც კი ლამაზია და განსხვავებული. მიყვარს კერძი როცა ესთეტიკურადაც ლამაზია. საქართველოში სულ 5 ჯერ ვარ ნამყოფი, და უკან იტალიაში აღარ მინდოდა ხოლმე დაბრუნება, ულამაზესია საქართველო. მიყვარს თქენი ყველა ტრადიცია და დიდ პატივს ვცემ, სამების საკათედრო ტაძარი ხომ სასწაულია, როცა ჩამოვდივარ სულ მივდივარ იქ რომ ვნახო. ასევე ძალიან მომწონს რესტორნებში რომ ქართული ტრადიციული ცეკვები სრულდება, ვფიქრობ ყველა უცხოელი სტუმარისთვის საინტერესო სანახაობაა. მიყვარს ქართველი ხალხი, ისინი ძალიან თბილები არიან , მარის ოჯახმა შემაყვარა ქართველები, მათ მე ისე მიმიღეს როგორც მათი შვილი, არასოდეს მიგრძვნია თავი უცხოელად! ერთი სული მაქვს მალე ჩამოვიდე, მოვინახულო საქართველოს ყველა ქალაქი და სოფელი, ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი, ბევრი რამ მარტო ფოტოებით მაქვს ნანახი, ზაფხულში რომ ჩამოვალ ბათუმი მინდა ვნახო ძალიან მომწონს, აქამდე სულ ზამთარში ჩამოვდიოდით და ვერ მოვახერხეთ. ძალიან მენატრება საქართველო და მიყვარს”

მარი, ივანს თუ უმზადებ ხოლმე ქართულ კერძებს?

,,ეჰ ეს კითხვა ცოტა რთულია. ქართული სამზარეულო მოსწონს მაგრამ ჯერ-ჯერობით მარტო ხინკალი მწვადი და აჭარული ხაჭაპური, სხვა ჯერ ვერაფერი გავასინჯეთ, ძალიან ცუდი მჭამელია, არ ჭამს ბოსტნეულს, არ უყვარს მწვანილით და სუნელებით საჭმელები, ამიტომ უჭირს სხვა საკვების დაგემოვნება… იტალიაშიც ესეა არჩევს, არ ჭამს ყველაფერს, როგორც ყველა იტალიელს უყვარს პასტა და პიცა.. მეც არ გამოვირჩევი დიდად სამზარეულოში. სამწუხაროდ იშვიათად ვაკეთებ ქართულ საჭმელებს”

თუ აპირებთ შვილების ყოლას და უფრო იტალელებად გაზრდით თუ უფრო ქართველებად?

ივანი: კი რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს უკვე ერთი შვილი, ნიკა 13 წლის არის, მართალია ის მარის შვილია თუმცა მე ის ჩემი შვილივით მივიღე და მიყვარს. გვინდა და ვაპირებთ გვყავდეს კიდევ შვილები, ერთი ლამაზი გოგო მინდა, მარი ძალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ რომ მასავით ლამაზი გოგო გვეყოლება. “არა ორივე ლამაზები ვართ და ლამაზი შვილები გვეყოლება. უბრალოდ ჯერ გეგმები გვაქვს, ყველაფერს რომ დავალაგებთ მაგაზეც ვიზრუნებთ. ჩვენი შვილები პირველ რიგში კარგი ადამიანები იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა ქართველი თუ იტალიელი მთავარია კარგი ადამიანები იყვნენ. პატივი სცენ მშობლებს საქართველოს და იტალიას.

როგორ გაჩნდა ტიკ-ტოკ ვიდეობის გადაღების იდეა? თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი გადევნებთ თვალს და ბევრს უყვარხრთ, რას იტყვით ამაზე?

მარი: ტიკ-ტოკ იდეა ჩემი იყო, მე ვიღებდი ვიდეოებს გასართობად, თუმცა არასოდეს არ მიფიქრია რომ ჩვენი ვიდეოები ესეთ სიყვარულს დაიმსახურებდა და ინტერესს . მე ვუღებდი ივანს და დედაჩემს ვიდეოებს, მათ უსაყვარლეს ურთიერთობას და ეს ყველაფერი ხალხმა შეიყვარა, ივანი დედაჩემს დედას ეძახის, ის ვერ ამბობს ქართულ სიტყვებს გამართულად და მე ამ ყველაფერს ვიღებდი და ვდებდი ტიკ -ტოკზე, ეს აიტაცა ხალხმა… მისი ნათქვამი ცუდი სიტყვებიც კი საყვარლად ჟღერს ზუსტად ესე ამბობს ხალხი. არის ის კატეგორია, ვინც ცუდს წერს და მე სულ ვბრაზობ, თუმცა ივანი სულ მეუბნება რომ ეს მათი აზრია, ყველას კარგი აზრი არ ექნება და არ უნდა გავბრაზდეთ ამის გამო, მეტიც მოვიკითხოთ ისინი დიდი სიყვარულით და ვუსურვოთ რომ მეტი სიყვარული და ხუმრობის შეგრძნება ესწავლოთ.

ივანი: ის ფაქტი რომ ჩემი ვიდეოები ხალხს მოსწონს და ახალისებს მე ძალიან მახარებს. სულ ვადევნებ თვალს ყველა კომენტარს, ვაკვირდები რა მოსწონთ და რა არა, ვცდილობ ისეთი ვიდეოები გადავიღო რაც მათ გაახალისებს, არიან ადამიანები ვინც მაკრიტიკებს, მაკრიტიკებენ საყურის გამო რომელიც მიკეთია ყურზე, მაკრიტიკებენ იმის გამო რომ იტალიელი ვარ და არ უნდა ჩამეცვა ქართული ჩოხა, თუმცა მე ეს არ მაინტერესებს რადგან კარგი კომენტარი მეტია ვიდრე ცუდი, მე ყველას აზრს პატივს ვცემ, მინდა რომ უფრო მეტი ვიდეო გადავიღო და უფრო მეტად გამიცნოს ქართველმა ხალხმა და მათ დავუმტკიცო რომ ეროვნებით ადამიანობა არ ფასდება, სულ ვამბობ რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი უფრო გავერთობით, “დედაააააა გაემზადე ბევრი ვიდეო უნდა გადავიღოთ” რომ ჩამოვალ! მადლობა ყველა ჩემს გამომწერს და მათ ვინც შემიყვარა .

და ბოლოს, საინტერესოა, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს, თუმცა ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შევინახავთ ჩვენს გეგმებს, და თუ ყველაფერი ისე გამოვა რაც გვინდა აუცილებლად ყველა გაიგებს ამას, თუმცა ერთ- ერთი გეგმა რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ ვიყიდოთ ბინა საქართველოში.

მარის და ივანის ტიკ-ტოკ ვიდეობის ნახვა ამ სახელწოდებით Mariivan შეგიძლიათ

სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა

Exit mobile version