BREAKING

გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი

,,მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ დღევანდელმა სალომემ, 7 წლის სალომეს ოცნებები რეალობად აქციოს”- სალომე ქურასბედიანი ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტის” რუბრიკაში

31 წლის სალომე ქურასბედიანი უკვე 11 წელია ემიგრაციაშია. იგი იტალიაში მარტო ჩამოვიდა, რადგან ოჯახს ძმის მკურნალობის ხარჯების შეგროვებაში დახმარებოდა. მაშინ, ახალგაზრდა მესამე კურსის სტუდენტი იყო და სხვა ქვეყანაში დიდხანს დარჩენას არ გეგმავდა. ,,მესამე კურსზე აკადემიური ავიღე ემიგრაციაში წამოსასვლელად. პარალელურად ღამის ცვლაში სუპერმარკეტში ადმინისტრატორად ვმუშაობდი.ვგეგმავდი ცოტა თანხა შემეგროვებინა და ოთხ წელში უკან დავბრუნებულიყავი, რომ სწავლა გამეგრძელებინა. თუმცა, ასე არ მოხდა-უკვე 11 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ.”

სალომესთვის ოჯახთან და მეგობრებთან დამშვიდოება ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ,,ემიგრაციაში წასვლის დღეს კარგად მახსოვს. ჩემს ძმიშვილს ვუყურებდი, მაგრამ ვერც კი ვაკოცე – მხოლოდ ვტიროდი. ჩემებთან ნორმალურად დამშვიდობებაც ვერ შევძელი. ვერასდროს ვიტანდი დამშვიდობებას,თითქოს უკან მოხედვის მეშინოდა, მყარად ვიდექი ,რომ უკან არ შემოვბრუნებულიყავი. მთელი გზა საკუთარ თავს ვუმეორებდი: ‘არ შებრუნდე, გაუძელი!’ ასე აღმოვჩნდი თვითმფრინავში. გულის ნაცილი დავტოვე – ტელეფონს დავყურებდი და სიშორისა,და მარტოსულობის განცდამ შემიპყრო.”

როგორც ყველა ახალი ემიგრანტის , სალომეს პირველი სამსახური მოხუცის მომვლელად მუშაობა იყო. იგი ამ პერიოდს ამ 11 წლის მანძილზე ყველაზე მძიმე და რთულ გამოცდილებას უწოდებს. ,,ამ სამსახურმა თავიდანვე დამანახა, რა არის ემიგრანტის ცხოვრება. თვე-ნახევარი ვიმუშავე, მაგრამ ამ მოკლე დროის განმავლობაში ბევრი რთული მომენტი გამოვიარე.”

ახალგაზრდა ემიგრანტი გვიყვება, რომ ემიგრაციისთვის იგი მზად იყო. თუმცა რეალობა მაინც განსხვავებული აღმოჩნდა.,,ამას მხოლოდ მაშინ იაზრებ როდესაც ემიგრანტი ხდები.ვიტყოდი, რომ ემიგრანტობა უკიდურესად რთულია თავისი ყოველდღიურობით, და დიდი სიძლიერე ჭირდება ადამიანს ამ ყველაფრის გასაძლებად.”

სალომეს ამჟამად რამდენიმე პროფესია აქვს. იგი მანიკურ-პედიკურის სპეციალისტია, პარალელურად , ის დეკორატიულ, სურნელოვან სანთლებს ამზადებს და მუშაობს ეპოქსიდზეც. ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, ბავშვობიდან უყვარდა ხელნაკეთი ნივთების გამზადება და ეს მისი ჰობი იყო. ,,ვხატავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი, თექაზე ვმუშაობდი, გობელინზეც ვქსოვდი. სამწუხაროდ, ცხოვრებისეული ყოველდღიურობის გამო, დიდხანს ვერ ვუთმობდი ამ საქმეს დროს. სულ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ერთად მომეყარა და რაიმე განსხვავებული გამეკეთებინა, რასაც ბევრი არ გააკეთა. ერთ საღამოს ინსტაგრამზე შემთხვევით ერთი ირანელი ქალის გვერდი ვნახე, რომელიც ჩემი ინსპირაცია გახდა. მთელი ღამე ვფიქრობდი, და დილით უკვე ვიცოდი, რას გავაკეთებდი.ემიგრაციაში ,მითუმეტეს, იტალიაში, ქართველი არავინ აკეთებდა ამ სახის საქმიანობას, ამიტომ დაბიწყე”

ახალგაზრდა ემიგრანტი ორი შვილის დედაა. პატარები ამჟამად საბავშვო ბაღში დადიან. სალომეს მეუღლე ამჟამად კურიერად მუშაობს და როგორც ის ამბობს, შვილების აღზრდაში ძალიან ეხმარება.,, პირველ ადგილზე ჩემთვის არის ოჯახი. ვიტყოდი, რომ ჩემი მეუღლე რომ არ მედგეს გვერდით, ვერც შევძლებდი ამ ყველაფრის შეთავსებას. ზოგადად, რთულია იყო დედა, ცოლი, დიასახლისი, მუშაობდე და ერთდროულად იყო წარმატებული ქალი. 24 საათი ჩემთვის საკმარის არ არის ამიტომ უმეტესად ღამით მიწევს მუშაობა.”

სალომეს თქით, დიდი გეგმები და მიზნები აქვსთუმცა ამჟამად ამაზე საუბარისგან თავს იკავებს. ,,მხოლოდ ერთს ვიტყვი – მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ დღევანდელმა სალომემ, 7 წლის სალომეს ოცნებები რეალობად გადააქციოს.”

ახალგაზრდა ემიგრანტს სამშობლო ძალიან ენატრება, თუმცა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე იქ ჯერ-ჯერობით ვერ ბრუნდება. ,,ყველაზე მეტად ოჯახის წევრები მენატრებიან, მამის საფლავი მენატრება .ოჯახური,მეგობრული და ნათესავური ურთიერთობები მენატრება, აუცილებლად დავბრუნდები როგორც კი ამის შანსი მექნება”

სალომე თანატოლებს ურჩევს რომ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა არასოდეს შეწყვიტონ. ,,დაბრკოლებები მხოლოდ დროებითია. არ დაელოდოთ იდეალურ მომენტს, უბრალოდ დაიწყეთ და არასოდეს დანებდეთ. წარუმატებლობა ხშირად ახლავს დიდ წარმატებას.”

სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts