გუშინ რომი-ქუთაისი რეისზე ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. როგორც მგზავრები ყვებიან, აწ გარდაცვლილი მგზავრობამდეც თავს ცუდად გრძნობდა და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.
„მანანა ვახტანგიშვილი, რუსთავიდან, ნაპოლში ნამუშევარა, ჯირკვლები გაჩენია კისერში, გამოუძახებია სასწრაფო და არ წაუყვანიათ, ექიმები არ გვყავს, შვებულებაში არიანო და წადი საქართველოში ჯობიაო. იქ შვილი მხვდება და ეგრევე საავადმყოფოში წამიყვანსო, 7 წელია ნაპოლში ყოფილა.
რომ არ დაგვიანებოდა თვითმფრინავს გაფრენა, კი ჩაასწრებდა საქართველომდე…. რუსთავიდან ყოფილა.
გული დამეწვა, რა იმედით მიდიოდა საწყალი, ბოლომდე იმუშავა აქ.
პასპორტი მე ვნახე და წავიკითხე, ვახტანგოვა უწერია 1959 წელს დაბადებული, აფრენიდან ერთ საათში დამძიმდა. გამოაცხადეს ექიმი თუ ვინმეაო, 4-5 ექიმი მივარდა, ჟანგბადზე შეაერთეს მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ გარისკეს, ვაი თუ დიაბეტიანია ან ალერგიულიაო. სანამ გავფრინდებოდით სტიუარდესამ უთხრა, ძალიან ცუდი ფერი გაქვს, ასე როგორ წაგიყვანოთო, – არაფერია, ენერგია არ მაქვსო, – მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა. რომ ავფრინდით კონტაქტური იყო მაგრამ ვეღარ ლაპარაკობდა, მერე სულ ვეკითხებოდით როგორ ხარო და და თანდათან გაითიშა. როგორც დავფრინდით, იმ წუთში შემოცვივდნენ ექიმები, მაგრამ გასინჯვა რომ დაუწყეს გულიც გაუჩერდა. მერე დიდხანს აწვალეს, მასაჟები უკეთეს და ვეღარ აუმუშავეს გული. იმხელა ქალია, ძლივს ჩაიტანეს მიცვალებული თვითმფრინავიდან. ექვსი ექიმი დაგვხვდა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მასაჟებზე და ვერაფერი მოუხერხეს, თან კითხულობდნენ, ხომ არავინ იცის რა ჭირსო, რადგან ვერაფერს უკეთებდნენ, ვაითუ დიაბეტის ბრალი იყოსო. რომ ვინმე ხლებოდა და ცოდნოდათ რა ჭირდა, ეგებ ქართველი ექიმებიც დახმარებოდნენ, ვინც თვითმფრინავში იყო“. – მოგვწერა ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც რომი-ქუთაისი რეისზე იმყოფებოდა.