იტალიის ქალაქ პუტინიანოში მომხდარმა მძიმე შემთხვევამ, სადაც ქართველ ემიგრანტ ქალს კიდურის ამპუტაცია დასჭირდა ექიმთან დაგვიანებული მიმართვის გამო, კიდევ ერთხელ გამოკვეთა ემიგრანტებში ჯანმრთელობის პრობლემების უგულებელყოფისა და ენობრივი ბარიერის სერიოზული რისკები. რამდენად შესაძლებელია მსგავსი ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება და რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ — ამ საკითხებზე AprioriTV სისხლძარღვთა ქირურგს, დოქტორ ჯუზეპე გრიმალდის ესაუბრა.
– მოგესალმებით, დოქტორ ჯუზეპე გრიმალდი. მე ვარ ხათუნა შარაძე, იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორული მედიაპლატფორმა AprioriTV-ს ჟურნალისტი. მადლობას გიხდით, რომ დათანხმდით ამ ინტერვიუს. ჩვენთვის, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სანდო ინფორმაციის მიღება ჯანმრთელობის თემებზე, განსაკუთრებით კომპეტენტური და პროფესიონალი ექიმებისგან.
დოქტორ გრიმალდი, შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ — რა არის თქვენი სპეციალიზაცია და რამდენი წელია მუშაობთ იტალიის ჯანდაცვის სისტემაში?
გამარჯობა, ხათუნა, და მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგი, 25 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით იტალიის ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში. ამჟამად ვმუშაობ ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში, პუტინიანოს „Santa Maria degli Angeli“-ს საავადმყოფოში (ASL BA). ამ წლების განმავლობაში ჩემი მისია იყო სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და კიდურების გადარჩენაზე ორიენტირებული, უფრო და უფრო დახვეწილი ქირურგიული ტექნიკების განვითარება. დღეს ყოველდღიურად ვმართავ ძალიან რთულ კლინიკურ შემთხვევებს და მინდობილი მაქვს დიაბეტური ფეხის გართულებული ფორმების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ამბულატორია, სადაც ვცდილობ იმ პაციენტებს იმედი მივცე, რომლებიც მუდმივი ინვალიდობის რისკის წინაშე დგანან.
– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ტიპის პრობლემებით მიმართავენ ემიგრანტები ყველაზე ხშირად ექიმებს?
— ემიგრანტთა საზოგადოებაში ხშირად ვხვდები დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია მძიმე ცხოვრების სტილთან და პრევენციის ნაკლებობასთან. ყველაზე გავრცელებული პრობლემებია ქრონიკული ვენური უკმარისობა და, სამწუხაროდ, დიაბეტის გართულებები (დიაბეტური ფეხი) და პერიფერიული არტერიების დაავადება. ხშირად ეს მდგომარეობები ჩემთან უკვე კრიტიკულ ეტაპზე მოდის, რაც მკურნალობას მნიშვნელოვნად ართულებს.
– რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ემიგრანტები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უშვებენ?
— ყველაზე დიდი შეცდომა არის მცირე სიმპტომების უგულებელყოფა. ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ სიარულის დროს გაჩენილი ტკივილი ფეხში ან პატარა ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება, მხოლოდ დაღლილობის ან არასასიამოვნო ფეხსაცმლის შედეგია. ელოდებიან, რომ „თავისით გაივლის“, თუმცა სისხლძარღვთა დაავადებებში დრო არ არის მკურნალი — დრო არის მტერი.
– რამდენად მნიშვნელოვანია დროულად მიმართვა ექიმთან და რა რისკებს ქმნის დაგვიანება?
— სისხლძარღვთა ქირურგიაში არსებობს პრინციპი: „Time is tissue“ (დრო არის ქსოვილი). ყოველი დაგვიანებული საათი, განსაკუთრებით იშემიის ან დიაბეტური ინფექციის დროს, ნიშნავს უჯრედების სიკვდილს. დროული ჩარევა ხშირად იძლევა პრობლემის მინიმალურად ინვაზიური მეთოდით გადაწყვეტის საშუალებას, ხოლო დაგვიანება შეიძლება გამოიწვიოს განუკურნებელი განგრენა.
– რა არის ძირითადი სიმპტომები, რომლებიც არ უნდა დავაიგნოროთ და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას?
— აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს, სპეციალისტს ან გადაუდებელ დახმარებას, თუ აღინიშნება:
- სიარულის დროს ფეხში სპაზმური ტკივილი, რომელიც დასვენებისას ქრება (კლაუდიკაცია)
- ცივი, ფერმკრთალი ან მოლურჯო ფეხები
- მცირე ჭრილობები, წყლულები ან სიწითლე ფეხზე, რომლებიც რამდენიმე დღეში არ ხორცდება
- ღამის ტკივილი ფეხში, რომელიც მხოლოდ ფეხის ჩამოშვებისას მსუბუქდება
– თუ ადამიანს აქვს ენობრივი ბარიერი ან არ იცის, როგორ იმოქმედოს, როგორ შეუძლია მაინც მიიღოს დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება იტალიაში?
— ენის გამო არავინ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე. იტალიაში საჯარო სამედიცინო სისტემაში არსებობს კულტურული მედიატორებისა და თარჯიმნის მომსახურება. ჩემი რეკომენდაციაა არ დარჩეთ მარტო: მიმართეთ ასოციაციებს ან წაიყვანეთ თან ადამიანი, რომელიც იტალიურად საუბრობს. თუმცა მთავარი ფიგურა მაინც ოჯახის ექიმია (Medico di Medicina Generale), რომელიც მართავს პაციენტის სამედიცინო პროცესს და დროულად მიმართავს შესაბამის სპეციალისტთან. თუ ოჯახის ექიმი ყურადღებიანია და პაციენტს აქვს ოჯახის მხარდაჭერა, წარმატების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.
– რა რეკომენდაციებს მისცემდით ემიგრანტებს, რათა თავიდან აიცილონ სერიოზული გართულებები და უკეთ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე?
— გართულებების თავიდან ასაცილებლად: ყოველდღიურად შეამოწმეთ ფეხები (საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სარკე)
- აკონტროლეთ შაქარი და არტერიული წნევა
- არ მოწიოთ — მოწევა აზიანებს სისხლძარღვებს
- ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი და მოერიდეთ ტრავმებს
– პუტინიანოში ცოტა ხნის წინ მოხდა მძიმე შემთხვევა, ქართველ ემიგრანტ ქალს კიდურის ამპუტაცია დასჭირდა დაგვიანებული მიმართვის გამო. მას ჰქონდა ენობრივი ბარიერი და პუტინიანოში მცხოვრები თანამემამულის, ინგა ცეცხლაძის დახმარებითა და მხარდაჭერით მოვიდა თქვენამდე. პროფესიული თვალსაზრისით, რა შეიძლებოდა შეცვლილიყო დროული ჩარევის შემთხვევაში და რა არის მთავარი გაკვეთილი ამ ისტორიიდან?
— პუტინიანოში მომხდარი შემთხვევა ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ძალიან მტკივნეულია. როდესაც საქმე ამპუტაციამდე მიდის, ამას სისტემის მარცხად ვთვლი. პროფესიული თვალსაზრისით, დროული ჩარევის შემთხვევაში — სისხლძარღვების აღდგენა (რევასკულარიზაცია), სწორი მედიკამენტური მკურნალობა და დროული დიაგნოზი — დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა კიდურის შენარჩუნება.
ამ ისტორიიდან მთავარი დასკვნა არის: ენობრივი ბარიერი და სოციალური იზოლაცია ისეთივე სერიოზული რისკფაქტორია, როგორც დიაბეტი ან მოწევა. ნუ დაელოდებით. თუ ეჭვი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს შემთხვევა ასევე აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა თანამემამულეებს შორის.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამპუტაცია არ ნიშნავს, რომ პაციენტისთვის ყველაფერი დასრულებულია. მთავარი მიზანი არის მისი რეაბილიტაცია — შესაბამისი პროთეზით და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობით. ჩვენი ვალია პაციენტი ისევ ფეხზე დავაყენოთ. გამოსავალი არსებობს — საჭიროა ბრძოლა და გუნდური მუშაობა. ჩემი მხრივ, მე ყოველთვის მზად ვარ დახმარებისთვის. – ექიმი ჯუზეპე გრიმალდი.
ინგა ცეცხლაძე, ემიგრანტი პუტინიანოდ, რომლის ძალისხმევითაც ქართველი პაციენტი პროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობაში აღმოჩნდა










