ნინა დურგლიშვილი წარმოშობით მთიულია, იტალიაში 17 წლის წინ ჩამოვიდა. 10 წლის იყო ქსოვა რომ ისწავლა ხევსური ბებოსაგან და სიამოვნებით ქსოვდა, მერე რატომღაც კერვა აირჩია, სადაც რაიმე ქსოვილს წააწყდებოდა სულ ჭრიდა და კერავდა.
კერვის სიყვარული არ ნელდებოდა თუმცა დრომ, ცოტა ხანი, ნინას მიავიწყა ეს პროფესია და ემიგრანტის მძიმე და რთულ გზას დაადგა. ერთი წელი საბერძნეში მუშაობდა ხოლო შემდეგ იტალიაში ჩავიდა. როგორც ნინა ამბობს, ცოტა კი გაუჭირდა პირველად თუმცა მერე თანდათან შეეჩვია ოჯახს და საოცრებაც მოხდა, იტალიელი ბებოს სახლში, ყუთში ჩაკეტილი საკერავი მანქანა იპოვა. რთული დღეების ფონზე მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „უნდა გადავრჩე, მე უნდა გადავრჩე“ და ისევ კერვა დაიწყო. მას შემდეგ ჩვიდმეტი წელი გავიდა.
ნინა იტალიაში დაოჯახდა, როგორც თავად ამბობს კარგი ადამიანი გაიცნო და ორ წელიწადში ოჯახი შექმნა. ჰყავს 6 წლის ულამაზესი გოგონა, რომელიც მართლმადიდებლური წესით მოინათლა. „სახლში მაქვს ოთახი, სადაც ქართული სივრცე მაქვს მოწყობილიო“ – ამბობს ნინა. შვილი, პატარა ანასტასია ქართულ ტრადიციებზე იზრდება, მიუხედავად იმისა იტალიურ სკოლაში დადის და მის ირგვლივ მხოლოდ იტალიელი ბავშვებია. ანასტასია ბარში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში დაჰყავთ, ქართული ცეკვის სტუდიაში ატარებენ. დღეს ნინა ბედნიერია. გასულ წელს საქართველოში დიზაინერის კურსები გაიარა, რამაც გამბედაობა შეჰმატა, პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. „თამამად შევეხე ქსოვილს, უფრო შევიყვარე ჩემი საქმე და მიხარია რომ ვიპოვე ზუსტად ის მიდგომა, რითაც ინტერესით და სიყვარულით ვაკეთებ ჩემს საქმეს“, – ამბობს ნინა.
ნინას შეკერილ სამოსს აქვს საკუთარი ეტიკეტი, რაც მას სახასიათოს ხდის, ეს ნინას ხელწერაა, ბედნიერია როცა ეროვნულ, გათამანედროვებულ ქართულ ტანსაცმელს კერავს ჩოხის ორნამენტებით. კერავს დაუღალავად, ღამით როცა ყველას სძინავს ის მარტოა თავის საკერავ მანქანასთან და უთვალავ ქსოვილთან ერთად მუშაობს დაუღალავად.
„ღამით, ჩემთვის მუშაობა მირჩევნია თითქოს რაღაც მაგიური კავშირი იქმნება ჩემს საკერავ მანქანასა და ქსოვილებს შორის“ – ამბობს ნინა.
როცა ნინა და მისსი შვილი გავიცანი, ლამაზი საყელოიანი კაბა ეცვა, რომელზეც დედას ქართულად „აი ია“ ამოექარგა. (სტატიის ავტორი თეონა ჭანტურია)
იტალიის ქუჩებში დაფარფატებს პატარა ანასტასია, ქართული ტრადიციული მოდერნიზებული სამოსით, და ეს ამბავი დედამისს დიდებულ ადამიანს ხდის, წარმატებულ შემდგარ ქართველს და ამ სტატიით ვეფერები და ქედს ვუხრი იმის გამო რომ მისთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საქართველოა! ნინა იტალიაში საქართველოს ისტორიას ქარგავს.
ავტორი: თეონა ჭანტურია