„ჩვენ, ქართველები როგორც ახალი ბარელები“ – კონსული ირაკლი ქოიავა ქართველ დიასპორაზე პულიაში
ბარიში მცხოვრები ქართველები უკვე აღარ არიან დროებითი სტუმრები, ისინი ადგილობრივი საზოგადოების აქტიური ნაწილი გახდნენ. ამის შესახებ იტალიურ მედიასთან La Gazzetta del Mezzogiorno-სთან საუბარში განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბარიში, ირაკლი ქოიავამ.
იტალიურ პრესაში გამოქვეყნებული სტატია ქართველი დიასპორის როლს ეხება ქალაქ ბარსა და მთლიანად პულიის რეგიონში. კონსულის შეფასებით, ქართველები დღეს უკვე ინტეგრირებულნი არიან იტალიურ რეალობაში მუშაობენ, იხდიან გადასახადებს, ზრდიან შვილებს და ყოველდღიური შრომით ქალაქის განვითარებაში მონაწილეობენ.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ პულიაში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი ქალებია, რომლებიც ძირითადად დასაქმებულნი არიან საოჯახო მოვლის სფეროში. ეს საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იტალიის ხანდაზმული მოსახლეობის პირობებში და წარმოადგენს იმ ძირითად ხიდს, რომლის მეშვეობითაც ქართველმა ემიგრანტებმა მოახერხეს ადგილობრივ საზოგადოებაში ჩართვა.
ირაკლი ქოიავას თქმით, დიასპორა არ ცხოვრობს იზოლაციაში: ქართველები სწავლობენ იტალიურ ენას, იცავენ ადგილობრივ კანონებს და აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კონსული განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ ინფორმირებული საზოგადოება დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი საყრდენია.
სტატიაში ასევე საუბარია ქართველებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე. კონსულის განმარტებით, კრიმინალთან დაკავშირებული ცალკეული შემთხვევები ვერ იქნება მთელი თემის სარკე. უმრავლესობა კანონმორჩილი მოქალაქეა, რომელიც პატიოსნად შრომობს და ინტეგრირებულია იტალიურ სოციალურ ქსოვილში.
ქოიავა ხაზს უსვამს საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით ტურიზმის, მცირე ბიზნესისა და საგანმანათლებლო გაცვლების მიმართულებით. მისი თქმით, დიასპორა ამ პროცესში ბუნებრივი დამაკავშირებელი რგოლია.
სტატიის მთავარი გზავნილი ასეთია: ქართველი ემიგრანტები აღარ აღიქმებიან როგორც დროებითი მუშახელი, ისინი უკვე „ახალ ბარელებად“ იქცნენ, რომლებიც ინარჩუნებენ საკუთარ იდენტობას და ამავე დროს ქმნიან საერთო მომავალს იტალიელებთან ერთად.
რედაქციის ჩანართი | AprioriTV
როგორც დიასპორული მედიის დამფუძნებელი, მივესალმები ბარის გენერალური კონსულის პოზიციას და საჯარო განცხადებებს ქართველი დიასპორის მხარდასაჭერად. წლების განმავლობაში არაერთი სტატია მივუძღვენი იმ პრობლემას, რომ ადგილობრივ მედიაში ქართველები ხშირად მხოლოდ კრიმინალურ ქრონიკებში ჩნდებიან, მაშინ როცა ჩრდილში რჩება ათასობით ჩვენი თანამემამულის ყოველდღიური შრომა, სოციალური ჩართულობა და ის მრავალფეროვანი სასიკეთო ინიციატივები, რომლებიც სწორედ ქართველების მონაწილეობით ან მათი ინიციატივით ხორციელდება.
სამწუხაროდ, იტალიურ საინფორმაციო სივრცეში აქცენტი უმეტესად მძიმე ფაქტებზე კეთდება, ხოლო ინტეგრაციის, პროფესიული წინსვლისა და საზოგადოებრივი წვლილის თემები იშვიათად პოულობს ადგილს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი გზავნილი, ეს არის პირველი რეალური პრეცედენტი, როცა ოფიციალური წარმომადგენელი არა მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას გამოხატავს, არამედ მზაობას აცხადებს, პრაქტიკულად იდგეს ქართველი ემიგრანტების გვერდით და ისინი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს.
ჩვენთვის, როგორც დიასპორული მედიისთვის, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია: იწყება ახალი ეტაპი, სადაც ქართველ ემიგრანტებზე საუბარი მხოლოდ პრობლემებით აღარ შემოიფარგლება და მათ სოციალურ ღირებულებასაც ეძლევა სათანადო ყურადღება.
აქვე მადლობას ვუხდით იტალიასა და ამ შემთხვევაში პულიის მოსახლეობას თანამშრომლობისა და იმ ადამიანური სივრცისთვის, რომელიც ინტეგრაციასა და თანაცხოვრებას შესაძლებელს ხდის.
AprioriTV-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში, ხათუნა შარაძე
#GeorgianiInItalia #Aprioritv #NuoviBaresi #DiasporaGeorgiana #Integrazione
#ComunitàGeorgiana #Bari #Puglia #ImmigrazionePositiva #StorieDiIntegrazione
