BREAKING

ემიგრაცია

ხობიდან მოდენამდე – პატარა ქალაქიდან დიდ სამყაროში


სოფიკო ბუკია — ემიგრანტი პოეტი ორ სამშობლოს შორის

ავტორი: თეონა ჭანტურია

სოფიკო ბუკია — ქალი, რომლის ცხოვრებამ საქართველო და იტალია ერთმანეთს ხელახლა შეახვედრა, ხელოვნების, სიტყვისა და ადამიანობის ენით. დაბადებული 1986 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ხობში, სოფიკო განათლებით ეკონომისტია. საქართველოში ბანკის მენეჯერი იყო, ასევე მენეჯერულ პოზიციებზე სხვადასხვა ბიზნესპროექტებში და საპასპორტო განყოფილებაში. თუმცა, მისი გულის მთავარი წილი ყოველთვის ხელოვნებას და ლიტერატურას ეკავა.

„პირველი ლექსი 9 წლის ასაკში დავწერე და იმის მერე ჩემი სათქმელი სულ იკითხება ჩემს ნაწერებში,“ — იხსენებს ის.

უკვე რვა წელია, რაც სოფიკო ბუკია ემიგრაციაში იმყოფება. ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მოდენაში ცხოვრობს — ქალაქში, რომელიც ენცო ფერარისა და ლუჩიანო პავაროტის სამშობლოა. სოფიკოსთვის ეს ქალაქი არამარტო გეოგრაფიული ლოკაციაა, არამედ ადგილი, სადაც მან შეძლო საკუთარი თავის თავიდან შექმნა.

„უცხო ქვეყნის ცის ქვეშ ყოფნა არ არის ადვილი… რომ არ დაიკარგო, ბევრი გზაა გასავლელი და საკუთარ თავზე განსაკუთრებულად გიწევს მუშაობა.“

თუმცა სოფიკოს ცხოვრება იტალიაში მხოლოდ გამოწვევებით არ შემოიფარგლება — მისი ფერადი სამყარო სავსეა იმ ადამიანებით, ვინც მას მხარში დაუდგა და გზა გაუნათა: „სიყვარულს იმ ადამიანებისას, რომლებმაც კარი გამიღეს, აუცილებლად წავიღებდი საქართველოდან.“

სოფიკო ბუკიას პოეზია სევდისა და სიყვარულის სინთეზია, რომელიც ემიგრაციამ კიდევ უფრო გააღრმავა. მისი ლექსები არაერთ კრებულში გამოქვეყნდა. 2024 წელს მისი ხუთი ლექსი შევიდა საზოგადოება „ტყეშაველის“ მიერ გამოცემულ კრებულში „რომ არ მიყვარდე“, ხოლო ახლო მომავალში ავტორი გეგმავს საკუთარი პოეზიის ორენოვან — ქართულ-იტალიურ — წიგნად გამოცემას. თარგმანი თავად ეკუთვნის სოფიკოს, ხოლო კორექტირებას მის საქმეში ერთგული მეგობარი, იტალიელი პოეტი ალესანდრო რუსო ახორციელებს.

2021 წელს რეჯო კალაბრიაში გამართულ ფესტივალში „ზე-კართან“ მონაწილეობა სოფიკოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. იქ შეხვდა ცნობილ ქართველ პოეტებს: ბელა ქებურიას, ვახტანგ ღლონტს, ანა სურმანიძესა და სხვებს. მათი შეფასებები მისმა შემოქმედებამ გამბედაობა შემატა.

2024 წელს ბელა ქებურიას ლექსების მრავალენოვან კრებულში „ჩურჩული გალაქტიკიდან“ სოფიკოს მიერ ნათარგმნი ოცდაათამდე ლექსი შევიდა. ამჟამად იგი მუშაობს სამოცი ქართველი პოეტის ლექსის იტალიურ თარგმანზე — პროექტზე, რომელსაც დიდი კულტურული ხიდის გაშენება შეუძლია ორ ქვეყანას შორის.

სოფიკო განსაკუთრებული მადლიერებით საუბრობს იმ ადამიანებზე, ვინც მის გვერდით დგას — და განსაკუთრებით თავის დებზე: ია თავართქილაძესა და ნინო მოდრეკილაძეზე.

„ემიგრანტობა — ეს ხომ ციხეა“, — ამბობს ის. — „ვეტყოდი მათ ოჯახებს, მოეფერეთ თქვენს ემიგრანტებს და დააფასეთ მათი ღიმილი, რომელიც ყველა ტკივილს იტანს.“

და ბოლოს, სოფიკოსთვის ყველაზე ძვირფასი კვლავ რჩება მისი შვილი და ოჯახი. სწორედ ისინი და ის მიწა, რომელიც მუდამ ეძახის, რჩება მისი სულის მთავარი სიმღერა.

„ადამიანი — ადამიანისთვის მზეა,“ — წერს გურამ დოჩანაშვილი, და სოფიკო ბუკიას ცხოვრებაც სწორედ ამის დადასტურებაა.


Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts