BREAKING

ემიგრაცია

ევროკავშირის ახალი მიგრაციული წესები: რა შეიცვლება 2026 წელს ძალაში შესული პაქტით

AprioriTV/დიასპორული მედია იტალიაში

მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი სრულად 2026 წლის ივნისში შევა ძალაში და სამართლებრივად სავალდებულო გახდება ევროკავშირის ყველა 27 წევრისთვის. ეს არის ყველაზე მასშტაბური რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მიგრაციულ სფეროში მიმართავს, რთული, მრავალსაფეხურიანი სისტემა, რომლის მთავარი მიზანია არალეგალური მიგრაციის შემცირება და პასუხისმგებლობების უფრო სამართლიანი გადანაწილება წევრ ქვეყნებს შორის.

რეფორმის მთავარი ბირთვი არის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნების დამუშავების დაჩქარებული პროცედურა. თუ ადამიანმა თავშესაფარი მოითხოვა ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირის მიერ ითვლება „უსაფრთხოდ“ ან აქვს ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელი თავშესაფრის დამტკიცების, მისი საქმე მაქსიმუმ სამ თვეში უნდა განიხილონ. ამ პერიოდში ის განთავსდება სპეციალურ სტრუქტურებში, ხოლო უარის შემთხვევაში მოხდება სწრაფი დეპორტაცია. ამით ევროკავშირი ცდილობს პროცედურების გამარტივებას, ლოდინის დროის შემცირებას და იმას, რომ ადამიანები წლების განმავლობაში ბიუროკრატიულ გაურკვეველ მდგომარეობაში აღარ იყვნენ.

პაქტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა პასუხისმგებლობა და სოლიდარობა. პირველი შესვლის ქვეყნები – იტალია, ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი კვლავ ვალდებული იქნებიან ახალი ჩამოსულების რეგისტრაციასა და თავშესაფრის პირველ ფაზაზე. სამაგიეროდ დანარჩენი წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან დაეხმარონ მათ: ან თავშესაფრის მაძიებლების გადანაწილებით, ან ფინანსური კონტრიბუციით. ევროკომისიამ უკვე აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ქვეყანა 2026 წელს სოლიდარობის მექანიზმით ისარგებლებს. მაგრამ არის ერთი კრიტიკული პირობა: თუ ბრიუსელი დაადგენს, რომ ამ ქვეყნებმა რეგისტრაციის წესები სრულად არ დაიცვეს, სხვა წევრ ქვეყნებს შეეძლებათ დახმარებაზე უარის თქმა. ყველაფერი, საბოლოოდ, დამოკიდებულია ურთიერთ ნდობაზე, რომელიც ბოლო წლების დაძაბული პოლიტიკის შემდეგ უნდა აღდგეს.

განმარტება: ევროკავშირის ახალი წესებით, “პირველი შესვლის ქვეყნები” – იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი და კვიპროსი ვალდებულებას ინარჩუნებენ, რომ ყველა ახალ ჩასული მიგრანტი დარეგისტრირონ და მისცენ შესაძლებლობა თავშესაფრის განაცხადის შევსებისთვის. ანუ, მიუხედავად ახალი პაქტისა, ამ ოთხ ქვეყანას მაინც ეკისრება განაცხადის მიღების და პირველადი განხილვის პასუხისმგებლობა, რადგან მიგრანტების უმეტესობა პირველად სწორედ ამ ქვეყნებში შედის.

დასაბრუნებელი მიგრანტების საკითხიც მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მიუხედავად იმისა, რომ დეპორტაციის წესები პაქტის ოფიციალურ ნაწილად არ ითვლება, ევროკომისიამ უკვე შეიმუშავა ახალი რეგულაციები, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკების პროცესშია. მათ შორის არის:

  • დეპორტაციის გადაწყვეტილებების ორმხრივი აღიარება,
  • იძულებითი დაბრუნების უფრო მკაფიო წესები,
  • სტიმულები ნებაყოფლობით დაბრუნებისთვის,
  • და მთავარი — დეპორტაციის ცენტრებისთვის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა, მაგალითად, როგორც იტალიამ უკვე გააკეთა ალბანეთთან.
    ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ბევრ დებატს იწვევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის „უსაფრთხო ქვეყნების“ ახალი განსაზღვრა. კითხვა მარტივია, მაგრამ პასუხი — არა: რა პირობებში შეიძლება ქვეყანა ჩაითვალოს უსაფრთხოდ, რათა ადამიანი იქ დაბრუნდეს? ევროკომისიამ 2025 წლის მაისში შეიტანა წინადადება, რომელიც ახლა პარლამენტსა და საბჭოში განიხილება. თუ ეს ცვლილება დამტკიცდა, ახალი წესი იქნება ასეთი: თავშესაფრის მაძიებელს ამ ქვეყანასთან პირდაპირი კავშირი აღარ დასჭირდება. მხოლოდ ტრანზიტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ქვეყანა ჩაითვალოს უსაფრთხოდ და მისი განაცხადი უარყოფილ იქნას. ეს ცვლილება, ერთის მხრივ, შეამცირებს დამტკიცებული მოთხოვნების რაოდენობას, მაგრამ მეორეს მხრივ, სერიოზულ კითხვებს აჩენს ადამიანის უფლებების კუთხით.

ანუ: თუ ადამიანი სამშობლოდან იტალიაში (ან სხვა ევროკავშირის სახელმწიფოში) იმ ქვეყიდან გადადის, რომელიც ევროკავშირის მიერ „უსაფრთხო ქვეყნად“ არის აღიარებული, მისთვის თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ ამ ფაქტის საფუძველზეც, რადგან მან ამ უსაფრთხო ქვეყანაში უკვე გაიარა.

საბოლოოდ, ახალი პაქტი მიზნად ისახავს უფრო სწრაფი, პროგნოზირებადი და ერთიანი მიგრაციული სისტემის შექმნას. მაგრამ მისი წარმატება მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ წევრი ქვეყნები რეალურად ითანამშრომლონ და ერთნაირად გამოიყენონ წესები, რომლებიც ფაქტობრივად ცვლის ევროპის მიგრაციული პოლიტიკის მომავალს.

AprioriTV/დიასპორული მედია იტალიაში

ოფიციალური წყაროები:

1. ევროკომისია (European Commission)

ევროკავშირის მთავარი დოკუმენტები, პაქტის განმარტებები და ოფიციალური პოლიტიკა.

🔗 New Pact on Migration and Asylum
https://home-affairs.ec.europa.eu/policies/migration-and-asylum/new-pact-migration-and-asylum_en

🔗 Migration & Asylum — Policy
https://home-affairs.ec.europa.eu/policies/migration-and-asylum_en


2. ევროპარლამენტი (European Parliament)

პაქტის კანონმდებლობა, კენჭისყრები და საბოლოო ტექსტები.

🔗 Explanation & Decisions
https://www.europarl.europa.eu/news/en/headlines/society/20240112STO14909/new-pact-on-migration-and-asylum

🔗 Legislative Observatory
https://oeil.secure.europarl.europa.eu/oeil/home/home.do


3. ევროკავშირის საბჭო (Council of the European Union)

წევრი ქვეყნების პოზიციები და მიღებული გადაწყვეტილებები.

🔗 Migration Policy Overview
https://www.consilium.europa.eu/en/policies/migration/

🔗 Adoption of the Reform
https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2024/05/14/migration-and-asylum-council-confirms-adoption-of-legislative-reform/


4. EUAA — ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო

ტექნიკური ახსნა, პროცედურები და სამართლებრივი მითითებები.

🔗 EUAA & the New Pact
https://euaa.europa.eu/asylum/eu-asylum-agency-and-new-pact-migration-and-asylum

🔗 EUAA Official Site
https://euaa.europa.eu


5. Frontex — საზღვრის დაცვა და რეგისტრაციის პროცედურები

🔗 https://frontex.europa.eu


6. UNHCR — გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

ადამიანის უფლებების შეფასებები და ანალიზი.

🔗 UNHCR on the EU Pact
https://www.unhcr.org/eu/en/new-eu-pact-on-migration-and-asylum


7. IOM — საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაცია

გლობალური მიგრაციული მონაცემები და შეფასებები.

🔗 https://www.iom.int


AprioriTV აგრძელებს ევროკავშირის 2026 წლის მიგრაციული რეფორმების დაკვირვებას და ემიგრანტებისთვის ყველაზე სანდო ინფორმაციას მოგაწვდით.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts