თანამედროვე მიგრაციული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ფენომენი არის იმედგაცრულება, რომ ჩვენი ხმა არავის ესმის! ხმა, რომელსაც უდიდესი წონა და მოქალაქეობრივი ღირსება აქვს.
დღეს AprioriTV წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ასეთ ნარატივს – ემიგრანტი ქალის წერილს, რომელიც საკუთარი გამოცდილებით დიასპორის კოლექტიურ მეხსიერებას თავის ისტორიას დაუტოვებს.
ნინო ზამბახიძის წერილი: „5 წლის წინ, 4-საათიანი ფრენის შემდეგ, აღმოვჩნდი სხვა სამყაროში. უცებ ჩამუქდა ყველაფერი.დრომ გააჩერა ათვლა.თვალებს დაეკარგა სიღრმე, ამერია ნაბიჯები. საკუთარი თავიც დავკარგე და კარგა ხნის შემდეგ ვიპოვე ახალდაბადებული სხვა ამტანობით, სულ სხვანაირი… იმდენი მატორტმანა ემიგრაციამ თავის პირაქაფებულ ტალღებში, სანამ ჩემში ახალი ქალი არ გამოძერწა.
პროფესიით მასწავლებელი ვარ, მაგრამ ბედის მწერალი დაუკითხავად გიჯავშნის ხოლმე ადგილს ცხოვრებაში. ემიგრაცია – ეს იყო ყველაზე დიდი პერიპეტია ჩემს ცხოვრებაში.
სამშობლომ კი მასწავლა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო, მაგრამ ვერ დავიხურე სხვისი ქუდი. მქონდა გაურკვევლობები საკუთარ თავთან, ვერა და ვერ გადავეწყვე სხვის ყოფით რელსებზე. მდგომარეობას მირთულებდა ენის ბარიერი. როცა ის დავძლიე, შემდეგ დავალაგე ურთიერთობები და ნაბიჯებიც გავასწორე, თუმცა დღემდე ვრჩები გაუგებრობაში, დღემდე იძულებით ვდგავარ სხვისი ცხოვრების ავანსცენაზე და ველი როდის დაეშვება ფარდა…
ყველაზე მეტად უსამშობლობა გამიჭირდა, დღემდე ჯვარივით დამაქვს…
რას ვისურვებდი?!
ყველას საკუთარ სამშობლოში აეშვას აფრები. არ მწამს მის იქეთ სიმშვიდის, ნეტარების…
რას ვურჩევდი ახალჩამოსულებს? ენა ისწავლონ სასაუბრო დონეზე. ენობრივი შესაძლებლობები კარს უღებს რიგ სხვა შესაძლებლობებს.
დიდად გმადლობთ, რომ მომეცით იმის შესაძლებლობა, მოვეფერო ემიგრანტებს, ყველაზე ლამაზებს, ყველაზე ამტანებს, სულდაღლილებს და მაინც თვალადებს…
ჩემი კრძალვა და პატივისცემა თითოეულს. თამამად, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე, რიხით ვიტყვი, რომ ემიგრანტი გმირია! ბევრჯერ შეურაცხყვეს, ბევრჯერ უარყვეს, მაგრამ ბრძოლის ველს არასდროს ტოვებდნენ და ბოლომდე მიიტანეს ჯვარი.
– რის ფასად?! – ზოგმა სიცოცხლის ფასად.
არ ვიცი, ვინ როგორ მოირგო ემიგრანტის სამოსი, მე კი ტანზეც მიჭერს და სულზეც, არ ვიცი, ვინ რა როგორ გაიარა, მე ჩემი სულის ქარიშხლებისა ვიცი და ის გიამბეთ…
“
დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ:
ტურების დასაჯავშნად WhatsApp: +39 349 180 5032
ავიაბილეთების ჯავშანი WhatsApp: +39 377 373 0045










