დღეს ემიგრანტებს ასეთი კითხვა დავუსვი: „დრო რომ უკან დაგებრუნებინათ, რას ეტყოდით საკუთარ თავს, რომელიც ემიგრაციაში წასვლას აპირებდა?“
ავტორი: ხათუნა შარაძე
აპრიორიტივი/იტალია
კითხვამ უდიდესი ინტერესი და მრავალფეროვანი ემოციები გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თავიანთ არჩევანს ამართლებს, ნაწილი კი დღემდე ნანობს სამშობლოსგან და ახლობლებისგან შორს ყოფნას.
პირადად ჩემთვის ემიგრაცია ტკივილიანი არჩევანი აღმოჩნდა — ხანგრძლივმა სიშორემ მშობლებისგან და საქართველოსგან ღრმა ჭრილობები დატოვა. თუმცა, ვცდილობ, ემოციებს პრაქტიკულობამ სძლიოს.
სტატიის შემდეგ ნაწილში წარმოგიდგენთ ემიგრანტების პასუხებს.
ლუიზა ტაბეშაძე: არასოდეს ამ გზას არ დავადგებოდი… გონება ვიწროდ შემოიფარგლა, კონკრეტულზე გამახვილდა და ბევრი რამ,რაც ფასეული იყო ფასდაკარგული დარჩა.
მთელი ბავშვობა ექიმობა მინდოდა, ადამიანების გადარჩენა…ცხოვრება სხვაგვარად დატრიალდა, ზოგადად შვილს დედა არ უნდა მოუკვდეს, არც მამა, მაგრამ…
არასოდეს ამ გზას არ დავადგებოდი, არც ერთი გაჭირვება არ შეედრება ამ ტკივილს,რასაც აქ ყოფნის ტკივილი ქვია!
იმედია ჩვენი წვალების ხარჯზე, ჩვენს შვილებს მაინც ექნებათ ბედნიერება,უკეთესი არჩევანის და უფრო საინტერესო ცხოვრების…
ნანული ლურსმანაშვილი: ჩემს თავს ვეტყოდი,წადი ნანული, ან ამდენხანს რას უცდიდი, სამი ბინა და მთელი ოქროულობა რომ გაყიდე უკეთესი ხვალეს იმედით, ხომ ხედავ,45 წლის ორდიპლომიანი “”ბებერი” აქ სამსახურს ვეღარ იპოვი, უცხოეთში შენ ისევ ყველაფერს შეძლებ შენი ოჯახისთვის და აღიდგენ დაკარგულს, არ შეშინდე, დედა იმიტომ გქვია, შვილებისთვის ბოლომდე დაიხარჯო და ვალმოხდილი წახვიდე ზეციურში!!!
დალი მჟავია: …რამდენიმე წლით ადრე უნდა წამოვსულიყავი…. ნაკლებად დავზარალდებოდი- მორალურად, მენტალურად, ფინანსურად, ფიზიკურად და ყოველი ამათგან გამომდინარე- ფსიკიკურად….უძნელესია ემიგრანტობა, მაგრამ არა აუტანელი და შეუძლებელი…მადლობა უფალს , მადლობა იტალიას…
ელენე გოქაძე: საკუთარ თავს, რომელიც ემიგრაციაში წასვლას დააპირებდა, ვეტყოდი:
– დაიცავი ზღვარი ყველასთან.არასოდეს ზედმეტი არ გააკეთო არავისთან და არაფერზე. გაუფრთხილდი საკუთარ თავს და საკუთარ ” მე”-ს. იმის ფასს ვერაფერს შექმნი, რასაც დაკარგავ… და რაც მთავარია !!! – ყველა ზრდასრულმა ადამიანმა საკუთარ ცხოვრებას თვითონ უნდა მიხედოს, ყველამ უნდა იწვალოს და შექმნას. ასე მიხვდებიან საიდან იწყება და როგორ იქმნება. ხელებში მიგებება დათვური სამსახურია და არა ვიღაცისთვის წვალება.
ზაირა კახიძე: ყოველ ღონეს ვიხმარდი, რომ ემიგრანტი არ გავხდარიყავი და ჩემი სამშობლო არ დამეტოვებინა, (იგულისხმება ოჯახი და ახლობლები).
სალომე გოგოლაძე: კარგი შეკითხვაა! ჩემი პასუხი კი ესაა! გაქცევა გამოსავალი არაა, ყველამ კარგად ვიცით რასაც გამოვექეცით… მიზეზები ძალიან ბევრია: ეკონომიური მდგომარეობა, ბანკებისაგან შევიწროებული ხალხი, ოჯახური კონფლიქტები, პოლიტიკური დევნა, უამრავი რაც ძალზე შორს წაგვიყვანს… იმ კონკრეტულ დროს, შეიძლება ერთი ადამიანისთვის მხოლოდ ემიგრაციაში წასვლა იყო გამოსავალი, უკეთესი მომავლის ფიქრი, მაგრამ ჩემი აზრით ამ გადმოსახედიდან ესაა, უნდა გავერთიანებულიყავით ერი, ის ადამიანები ვისაც შეგვეძლო ჩვენი ერთობით შეგვეცვალა მაშინდელი მდგომარეობა, გვებრძოლა, მოგვეთხოვა, გვეიძულებინა ის, ვისაც ევალობოდა ამ პრობლემების მოგვარება რამაც გამოგვაქცია. მაგრამ ვერ ან არ გავაკეთეთ. ახლა კი, დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს, ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, ისევ მოუგვარებელია. ჩვენ ისე ვუყურებთ ჩვენს სამშობლოს, როგორც ცეცხლმოკიდებულ ხომალდს შუა ზღვაში, ჩვენ, ნაპირზე დარჩენილები და გვეშინია, ძალიან გვეშინია როდემდე გაუძლებს იგი… ესაა ჩემი პასუხი..
ლელა შარიქაძე: არ ვნანობ წამოსვლას იმის მიუხედავად რომ საშინლად მენატრება საქართველო. მაგრამ იქაც იცვლება ყველაფერი. მეც შევიცვალე. ცვლილებები საჭიროა, ემიგრაცია თავის გამოცდაა, აქ უფრო ხედავ რა შეგიძლია და შენს შესაძლებლობებში სად გიჭირს ყველაზე მეტად. და რადგან მარტო ხარ იწყებ სუსტის გაძლიერებას და ასე იზრდები. ჩემთვის ბევრი რამის გაცნობიერების, ახლის სწავლოს, იმის დაფასების რაც მქონდა საქართველოში და ვერ ვხვდებოდი რა კარგად ვყოფილვარ. ამ გადმოსახედიდან ბევრ რამეს შევცვლიდი საქართველოში რომ ვცხოვრობდე, მაგრამ არ ვინანებ აქ წამოსვლას.
ჯანინა ხერგიანი: ძალიან რთული შეკითხვაა, დრომ რომ ისევ იმ დროში დამაბრუნოს გამოსავლის ძიებაში იმ ქაოსურ საქართველოდან ალბათ ისევ მომიწევდა ემიგრაციის გზა, რათქმაუნდა რთული გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ თავგამოდებული დედები ვართ, შვილების გულისთვის ყველა დაბრკოლებას ვერკინებით. ხშირად მიფიქრია მაგ თემაზე, რატომ გვერგუნა ასეთი დამცირებული საქმე ქართველ ქალებს, რა დაგვრჩა ღვთის წინაშე გამოსასყიდი თუმცა ვნუგეშობ სახარებით ,, ვინც თავს დაიმდაბლებს მე ავამაღლებ ” იესომ მოწაფეებს ფეხები დაბანა, იქნებ ესეც ერთ-ერთი გზაა ჩვენი ხსნის. მე ისევ წამოვიდოდი იმ მიზნით რომ მომავალი თაობა დარჩენილიყო სახლებში. მაგრამ სამწუხაროდ მათაც აქეთ უჭირავთ თვალი იმ გაუსაძლის პირობებიდან.
თუ ხალხისთვის თავდადებული მხედრობა არ მოვა სათავეში ჩვენი კოხტა საქართველო გაქრება.
მადლობას დიდად ვერ მოვუხდი უცხო ქვეყნებს ჩვენ მათ ვჭირდებით და შესაბამისად ჩვენც ვიღებთ გასამრჯელოს.
აზა სარალიძე: ემიგრაცია ერის დიდ შეცდომად მიმაჩნია, ეს გზა რომ არ გამოჩენილიყო ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის ჩვენი ეპოქა მეტს გააკეთებდა , (ერთიანობა რომ ყოფილიყო ან იქნებოდეს ,მე ბრძოლას ვარჩევდი..) მე შენ , მან შეძლო ერთი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა , პირადული რაღაცით გაუმჯობესებინა, …მაგრამ თაობა რომელიც მოდის უფრო ჩაიძირა, უსამშობლოდ არ დარჩნენ სულ ეს მეფიქრება, მტერი მეტია ვიდრე მოყვარე ჩვენს ერთ ციცქნა ქვეყანაში, მოვლა და შენარჩუნება სჭირდება, ეს უფლისგან დაკისრებული მოვალეობაც არის , ვნანობ და ძალიან ვნანობ რომ ჩემი და ჩემი ყველა ქართველის ხვედრი ემიგრაცია, ვერ ამოვდივართ ამ ჭაობიდან , იმიტომ რომ იმ ფინანსური კეთილდღეობით რომელიც აქ მოვიპოვეთ სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე ვასხამთ წყალს, საქართველოშიც და აქაც,… ჩვენ ქვეყანაში ამ დათვური სამსახურებით არც ჩვენს შვილებს დაედგომებათ, წამოიზრდებიან. და ისინიც ემიგრანტები გახდებიან , ჩვენ კი დავბერდებით, და აქ შვილებს დანატრებულები,. ალბათ შემდეგ საქართველოდან მონატრება შეცვლის
ხათუნა ტუღუში: მიჭირს პასუხის გაცემა. ვეტყოდი: ხათუნა, ხომ იცი სუსტი ხარ, მგრძნობიარე, გულჩვილი, გაგიჭირდება უცხო ქვეყანაში, კარგად დაფიქრდი, მერე არ ინანო- მეთქი და ვნანობ! ვნანობ, რომ მომიხდა ემიგრაციაში წამოსვლა, რომ ეს აუცილებელი იყო და სხვა გამოსავალი ვერ ვნახე!
მაპატიოს ყველამ, მაგრამ მიკვირს მათი, ვინც არ წუხს, არ ნანობს ემიგრანტობას, რისთვისაც არ უნდა მიეღწიათ, რაც უნდა ეშოვათ, ამ ყველაფრის საპირწონედ უსამშობლოდ, უოჯახოდ, უსიყვარულოდ გატარებული წლებია, ბევრს დედა, მამა, ქმარი, საყვარელი ადამიანი არც კი დაუტირია, შვილის ქორწილს, შვილიშვილის დაბადებას არ დასწრებია და ნუთუ შეიძლება, ეს არ ინანო?! საშინლად განვიცდი, როცა ვინმეს გადაწყვეტილებას- დაადგეს ემიგრაციის გზას- ვიგებ, და პირიქით- ვხარობ, როცა ემიგრანტი შინ დაბრუნებას გადაწყვეტს!
ყველასთან ბოდიში ჩემი ემოციური კომენტარისთვის! ქალი, დედა, ბებია ოჯახიდან არსად არ უნდა მიდიოდეს, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დგას!
დალი მუმლაძე: ძალიან კარგი კითხვაა — მით მეტად საინტერესო პასუხებია , ამაღელვებელი , სულის კარს რომ შემოგინგრევს ის განცდებია…
მთელი წიგნია თუნდა სამშობლოში სიცოცხლე ,გავლილი 50 წელი , ყველაზე მძიმე ცხოვრება ღირსებით და ლოცვა-ვედრებით გადატანილი, 4 შვილი სხვის სარდაფში ვაჟკაცებად დაზრდილი, უმძიმესი წუთები …
არასოდეს სამშობლოს და შვილების დატოვება არ გამივლია გულში და სხვა დედებს ვემუდარებოდი არ წამოსულიყვნენ რადგან ჩვენზე მეტად შვილები დავტანჯეთ –ჭიპლარზე მიბმული შვილების ფსიქიკა დაინგრა ამ ემიგრაციის მადლით დედებო . —
ხშირად მიფიქრია რად ღირს ის სახლი ან ის ცხოვრება ? ვერ ვპასუხობ რადგან გზა ხსნისას ყველა მისას გადის და ხედვაც სხვადასხვანაირია — აი მე კი სიკვდილს ვნატრობდი თვითმფრინავის ტრაპზე შემდგარი ვოცნებობდი გული გამსკდომოდა– რადგან ემიგრაციაში როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი ნელნელა ჭკნება,სკდება და კვდება გული.. რატო? სულის საზრდოდ ფესვი არ გვაქ !!!
მე შევიცვალე აქ — და იქნებ ეს შორიდან დანახული სამეგობრო და სამშობლო მჭირდებოდა?!!! გზა ყველას აქ . ყიველგან არის სულის მაოხებელი უფალის მადლი და ცრემლით დაწმენდილი მზერა –აღმდგარი ადამიანი, თანამემამულეების გადასარჩენად ღიმილი რომ არ შორდება ბაგიდან და ტკბილი სიტყვის თქმა არასოდეს ავიწყდება მე მაინც თქვენმა (სრულიად ქართველი დედების) შორს ყოფნამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი– სამშობლოში დარჩენილი თანამემამულეები წარმოგიდგენიათ რამხელა წუხილს და სევდას გადიან უმშობლოდ დარჩენილი ოჯახების და უადამიანოდ დატოვებული საქართველოს ამოკვნესიების შემხედვარე?!! და მეც თქვენ გზას თქვენს საძებნად გამოვყევი სული სიღრმეში ეს განცდა მაქ და ვოცნებობ ყველა ქართველი შინ მშვიდობით და დროულად დაგვაბრუნოს განგებამ საბედნიეროდ და სადიდებელად ქრისტე ღმერთისა დიდება ღვთისმშობლის მადლს ჩვენზე და სათნოება
ფიქრია კუჭუხიძე: უფრო ადრე გამოვიქცეოდი ემიგრაციაში… რადგან გული მწყდება საქართველოში დაკარგულ დროზე… სადაც მუხლისჩოქვით ვიარე რამდენი ხანი და ერთი პატარა ნავსაყუდელი ადგილი ვერ ვიპოვე…. უბედნიერესი ვიყავი რომ მოვრბოდი სადღაც შორს…არაფერი აქ არ მქონდა, მაგრამ იმედი მქონდა გულში და მე ეს იმედი ვიპოვე ჩემი მერე სამშობლოს იტალიის სახით, მერამდენედ მაჩუქა სიცოცხლე და ზოგადად სიცოცხლე უანგაროდ და უფასოდ…..ასეა და რა ვქნა!
მარია-მზია გიორგაშვილი: ემიგრაციაში რომ წამოვედი 7 წლის შვილი დავტოვე ძიძასთან ეს იყო 15 წლის წინ თურქეთში. მეგონა 2 წელიწადში გემს ვიყიდი. გავმდიდრდებოდი. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. მხოლოდ ერთი სანანებელი მაქვს, ერთ ხვთისნიერ ბებიას ვუვლიდი არდადეგებზე ყოველთვის ჩამომყავდა შვილი. ბებიამ მითხრა სადაც შენ ხარ ია გყავდეს შენი შვილიცო. მე ვიფიარე აქ როგორ ვასწავლო მე მალე დავბრუნდები მეთქი. ამ დაბრუნებაში შვილიც გაიზარდა მეც ვერ დავბრუნდი და პანდემიის დროს როცა დავბრუნდი 18 წლის იყო ჩემი ვაჟკაცი, სკოლაც დაამთავრა. მე და ჩემს შვილს გვიყვარდა ერთმანეთი მაგრამ უცხოები ვიყავით. არც მეზობელი. არც მეგობარი ან სადაური ვიყავი ან ვინ ვიყავი ან როგორი იყო ჩემი ქალაქი, ხალხი. ამ 10 წლის შემდეგ უცხო მეჩვენა ყველაფერი და გამიჭირდა საქართველოში ცხოვრება.
გინდ დაიჯერეთ გინ არა. ისევ გავუდექი ემიგრაციას ამჟამად იტალიაში. ცოტა დამაგვიანდა იტალიაში ჩამოსვლა. წლებს თავისი მიქვს. მომავალ წელს პენსიაში გავდივარ. ასე რომ საქართველოში არავის რომ აღარ ვუნდოდი აღარც სამუშაო. აღარც ხელფასი, აღარც ოჯახი და აღარც მშობლები. რჩები პატარა შვილით, ემიგრაცია ერთ-ერთი გზა და გამოსავალია. მაინც საქართველოში მათხოვრობას ისევ ემიგრანტობა მირჩევნია. მხოლოდ საკუთარ თავს ჯამრთელობას მხნეობას და დღეგრძელობას უსურვებ.
ეს იმ კომენტარების მცირე ჩამონათვალია, რომელიც შევარჩიე. ამ დრომდე არ წყვეტენ ემიგრანტები საკუთარი აზრის დაფიქსირებას. არაერთი საინტერესო და ემოციური პასუხი დაიწერა, არაერთი ისტორია. ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვისი კომენტარებიც სტატიაში ვერ მოხვდა, თუმცა Aprioritv კვლავ აგრძელებს საინტერესო თემებზე მუშაობს. მადლობა, რომ რჩებით საემიგრაციო მედიაპლათფორმა Aprioritv-ს ერთგულნი.