BREAKING

ემიგრაცია

დედობა, ემიგრაცია და კარიერა: როგორ მოიპოვა წარმატება ქართველმა ქალმა იტალიაში

ემიგრაციის ფენომენი წარმოადგენს კომპლექსურ სოციალურ პროცესს, რომელშიც თითოეული ადამიანის გამოცდილება უნიკალური და მნიშვნელოვნად განსხვავებულია. AprioriTV-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ მრავალფეროვანი გამოცდილებების წარმოდგენაა იმისთვის, რომ დაინახოს და დაანახოს საზოგადოებას ემიგრანტ ქალთა ყოველდღიური რეალობა, მათი ტვირთი, რესურსები, გამძლეობა და მიღწევები.

დღევანდელი ინტერვიუ რომში მცხოვრებ მედა წიკლაურთან ასახავს პიროვნების იმ გზას, რომელმაც მრავალი ქვეყანა გამოიარა, მძიმე სოციალურ პირობებში, პირად ტრაგედიებთან შეჯახებით და პროფესიულ თვითგამორკვევაში. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ იქმნება ლიდერობა ნულიდან: პასუხისმგებლობით, შრომით, შინაგან დისციპლინითა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით. AprioriTV ამ ფორმატს იყენებს, რათა შექმნას ცოდნისა და გამოცდილების სივრცე, სადაც ემიგრანტების ხმა არა მხოლოდ ისმის, არამედ აღიარებულია.

ჟურნალისტი – ხათუნა შარაძე

თქვენ ბავშვობა რამდენიმე ქვეყანაში გაატარეთ — რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში… მოგვიყევით, როგორ მოახერხეთ ამდენი გადაადგილების ფონზე საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და რა იყო ყველაზე დიდი ემოციური გამოწვევა ამ გზაზე?

– თავმდაბალი ადანიანი ვარ და ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ის თვისებაა რომელიც ადამიანს საკუთარ იდენტობას არ აკარგვინებს. ვფიქრობ რომ ყველაფერი დროებითია და უნდა დავაფასოთ ყველა მომენტი. ყველაზე დიდი ემოციური გამოწვევა ჩემთვის იყო დედობა, დედობა უცხო მიწაზე მაშინ უვიზო რეჟიმი არ იყო, რომ დასახმარებლად ოჯახის წევრები ჩამოგვეყანა. დავდექი უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე 3 პატარა ერთნაირი სიცოცხლის წინაშე

მამის მოულოდნელმა ტრაგედიამ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. როგორ ახერხებდით ამ ტკივილთან ერთად ზრდასრულ ასაკში საკუთარი ძალებით ცხოვრება გაგეგრძელებინათ? დღეს როგორ გახსენებთ იმ პერიოდს?

– მამის გარდაცვალებამ ჩვენი ოჯახის მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა როგორც ემოციურად ისე ფინანსურად. დღესაც მოუშუშებელი ტკივილია მამას დაკარგვა. ზოგს ტკივილი ასუსტებს მე გამაძლიერა. მამაჩემის მაგალითზე მეტად ვაფასებ ყველა შესაძლებლობას რასაც ცხოვრება მაძლევს

იტალიაში ჩამოსვლისას ძალიან მძიმე სამუშაოებით — დალაგებით, ბავშვებთან და მოხუცებთან მუშაობით დაიწყეთ. რას ხედავთ იმ წლების ყველაზე დიდ გაკვეთილად და რა დაგეხმარათ არ დანებებულიყავით?

– ყველაზე დიდი მოტივაცია იყო და არის მიზნები რასაც ვისახავ, ეს მაძლევს ძალას რომ არ დავნებდე. ყველაზე დიდი გაკვეთილი კი ისაა რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.


2016 წელს, სამი შვილის გაზრდასთან ერთად, იძულებული იყავით კარიერული გზა შეგეცვალათ. რა იყო ის მომენტი, როცა მიხვდით, რომ საკუთარი შესაძლებლობები ახალ სფეროში უნდა გეცადათ? დედობამ რა შეცვალა თქვენს ხედვებში?

– 18 წლიდან ყოველთვის ვიყავი დამოუკიდებელი ადამიანი. ჩემთვის დიდი სტრესი იყო როცა ფაქტიურად ოთხ კედელში გამოვიკეტე 3 ახალშობილთან ერთად. მაშინ დავიწყე ფიქრო ონლაინ სამსახურზე. დავიწყე არჩევა სხვადასხვა შემოთავაზებებიდან ამერჩია ერთი და არჩევანი გავაკეთე ხარისხზე და ეს არის „Yves Rocher“-ს კომპამია. ჩემთვის ხარისხი პრიორიტეტია.

თქვენი კარიერა გაყიდვებში ნულიდან იწყება, დღეს კი 800-კაციანი გუნდის ლიდერი ხართ. რა იყო ყველაზე დიდი შიში, როცა ტიმ ლიდერის პოზიცია შემოგთავაზეს, და რა არის თქვენი წარმატების ყველაზე ძლიერი საფუძველი — პიროვნული თვისება თუ სტრატეგია?

– ყველაზე დიდი შიში იყო იმ ადამიანების იმედის გაცრუება რომლებსაც ჩემი სჯეროდათ. არ ვიყავი ემოციურად მზად მაგრამ მე ეს შევძელი ჩემი მენეჯერის შორენა გაბრიაძის გვერდში დგომით. ჩემი გუნდი პირველ ადგილზეა ბოლო 3 წელიწადია და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი წარმატების საიდუმლო არის ჩემი გუნდის მიმართ გულრწფელობა, არასოდეს არ ჩამინერგავს გუნდში ნეგატივი. ჩემმა გუნდის წევრებმა იციან რომ ჩემთან უნდა იყვნენ თავისუფლად და რა თქმა სტრატეგია რომელიც რჩება კულისებს მიღმა.

უკან რომ იყურებით, რა გიკვირთ ყველაზე მეტად? და რას ეტყოდით იმ ქართველ ქალებს, რომლებიც იტალიაში დღემდე მძიმე სამუშაოზე მუშაობენ და საკუთარი პოტენციალის დაჯერება უჭირთ?

– უკან რომ ვიყურები გეტყვით რომ ჩემი თავი რაღაცა დოზით მეცოდება, ბევრი ტკივილი და დაბრკოლება შემხვდა. ხანდახან მინდა ჩემს თავს 20 წკის ასაკში მოვეფერო და ვუთხრა “ყველაფერი კარგად იქნება”. მიკვირს ამდენი თავგადასავლების ფონზე რომ არ გავტყდი და შევინარჩუნე ადანიანის სახე. ჩემს ქართველებს კი ვეტყოდი რომ არასოდეს შეწყვიტონ ოცნება, ჩვენ ქართველი ქალები ვართ რკინის ლედები ყველაფერი შეგვიძლია თუ მოვინდომებთ. საკუთარი თავის დაფასებას ვურჩევდი, ჯერ ჩვენი თავი უნდა შევიყვაროთ და მერე შეგვიყვარებს სხვაც. არ შეეშინდეთ ცვლილებების, ირწმუნონ საკუთარი ძალების და მისცენ საკუთარ თავს განვითარების შესაძლებლობა.

სამუშაოს, ემოციური გამოწვევებისა და პირადი ძალის ერთობლიობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ემიგრანტი ქალების ცხოვრება ხშირად უხილავი გმირობის თანაბარია.

AprioriTV აგრძელებს ამ თემებზე მუშაობას და საზოგადოებისთვის მიწოდებას, რადგან სწორედ რეალური ემიგრანტების გამოცდილება ქმნის იმ სარკეს, სადაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს, საკუთარ ბრძოლას და საკუთარი გამარჯვებებისთვის საჭირო ძალას ხედავს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts