ალექსანდრა გარსევანიშვილის ემიგრაციის გზა სამი წლის წინ დაიწყო. უკეთესი მომავლის ძიებაში, ნოემბრის ბოლოს, მეუღლესთან ერთად საქართველოდან შვედეთში გაემგზავრა. წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯებისა და ემოციური მზაობის მიუხედავად, რეალობა პირველივე დღეებიდან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.
სკანდინავიური ზამთარი თავისი ხანგრძლივი სიბნელითა და სიცივით, უცხო გარემო და მოულოდნელი სტრესები მისთვის პირველი სერიოზული შოკი იყო. წარმოდგენები, რომლებიც გამგზავრებამდე ჰქონდა, სწრაფად დაინგრა და გაჩნდა კითხვა, რომელიც ბევრ ემიგრანტს ერთხელ მაინც უჩნდება: „იქნებ დაბრუნება ჯობდა?“
ეს იყო პერიოდი, როცა მოტივაციის შენარჩუნება ყოველდღიურ ბრძოლად იქცა. მიუხედავად მეუღლის მუდმივი მხარდაჭერისა, ყველაზე რთული ბრძოლა საკუთარ თავთან ჰქონდა. ემიგრაციამდე კაბინეტური და საველე საქმიანობით დაკავებული ადამიანი შვედეთში სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდა. ამ მკვეთრმა კონტრასტმა, ოჯახისა და განსაკუთრებით დედის მონატრებამ, ძლიერი ემოციური წნეხი შექმნა.
იყო დღეები, როცა ერთმანეთს ემატებოდა უსამართლობა, ფინანსური სირთულეები, გაურკვევლობა და ემოციური გადაღლა. ალექსანდრა იხსენებს „უთარიღო დღეებს“, როცა მომავალი არ ჩანდა და ენერგია იწურებოდა. თუმცა სწორედ ასეთ მომენტებში საკუთარ თავს ერთ ფრაზას უმეორებდა:
„დანებება დამარცხებას ნიშნავს, ალექსანდრა.“
რადგან პროფესიულ სფეროში მუშაობის შესაძლებლობა მაშინვე არ მიეცა, სხვა ემიგრანტების მსგავსად, ფიზიკური შრომით დაიწყო — სახლების დალაგებით, ფანჯრების წმენდით. თუმცა ამ პროცესში ნელ-ნელა სხვა რამ დაინახა: როგორ მოქმედებს სივრცე ადამიანის ყოველდღიურობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია დეტალები.
სწორედ ამ გამოცდილებამ ასწავლა სივრცის სწრაფი ანალიზი, ადამიანების საჭიროებების დანახვა, გამოსავლის ოპერატიულად პოვნა, დისციპლინა და შეუპოვრობა. განსაკუთრებულად მძიმე იყო ზამთრის დილები — გამთენიისას, დილის 6 საათზე, ყინვაში სახლიდან გასვლა. მაგრამ ოჯახის მხარდაჭერა და შინაგანი პასუხისმგებლობა ნაბიჯ-ნაბიჯ გზის გაგრძელების ძალას აძლევდა.
სხვადასხვა ოჯახში ყოველდღიურმა მუშაობამ და სივრცეებზე დაკვირვებამ ბუნებრივად გაუღვიძა ინტერესი ინტერიერის, ავეჯის, ფერისა და ფუნქციონალური დაგეგმვის მიმართ. თავდაპირველად უბრალოდ აკვირდებოდა, შემდეგ კი საღამოობით ამ თემების შესწავლას დროის დიდ ნაწილს უთმობდა. რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანებს სივრცის სწორად ათვისებაში დაეხმარა და მათი კმაყოფილება დაინახა, მისთვის ძლიერი მოტივაცია გახდა.
ერთ დღეს საკუთარ თავს მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა:
„თუ ამას ასე ბუნებრივად ვხედავ, რატომ არ შემიძლია პროფესიულად გამოვიყენო?“
ეს იყო გარდამტეხი მომენტი. იდეა მეუღლეს გაუზიარა, როცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ჰქონდა, პასუხი კი მოკლე და დამაჯერებელი იყო: „შენ ამას შეძლებ.“ და მან უბრალოდ დაიჯერა.
ფიზიკურ შრომასთან ერთად დაიწყო აქტიური თვითგანვითარება. თავი მოსინჯა N’GE HOUSE-ის რბილი ავეჯის კომპანიაში და დისტანციურად დაიწყო მუშაობა. პირველი შეკვეთის ემოცია დღემდე ახსოვს, თუმცა ამ წარმატებას ბევრი უძილო ღამე, სწავლა, სტრესი და მაღალი მიზნები ახლდა.
რამდენიმე თვეში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და დღესაც აგრძელებს თანამშრომლობას კომპანიასთან, როგორც გაყიდვების მენეჯერი. თუმცა აქაც არ გაჩერდა. ერთ დღეს, ცარიელ სახლში სამუშაოდ მისულმა, საკუთარ თავს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა — როგორ მოაწყობდა სივრცეს, რას შესთავაზებდა დამკვეთს კომფორტისა და ჰარმონიისთვის. სწორედ ასე გაჩნდა TERA-ს იდეა.
TERA შეიქმნა სამი ადამიანის ცოდნითა და ძალით: ალექსანდრას, მისი მეუღლისა და გიორგი თოდუას. მეუღლეს შვედეთში ავეჯის პროფესიულ წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, გიორგი თოდუა კი საქართველოში ორჯერ გამარჯვებული ავეჯის სპეციალისტია. ტექნიკურ ხარისხს ეს ორი პროფესიონალი უზრუნველყოფს, ალექსანდრა კი ხედვასა და მენეჯმენტს ამატებს.


ეს არ ყოფილა შემთხვევითი წარმატება. TERA არის მძიმე შრომის, იდეებზე საათობით საუბრის, სტრესის, სწავლისა და არ დანებების შედეგი. სწორედ იმ, ერთი შეხედვით „გამოუვალ“ ემიგრაციულ მდგომარეობაში იპოვეს ახალი პროფესიული გზა, რომელმაც გაამართლა. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა შეკვეთები და მომხმარებელთა ნდობა.
მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, გზა მარტივი არ ყოფილა — ფიზიკური გადაღლა, ფინანსური შიში, ემოციური ჩავარდნები და სურვილი, რომ ყველაფერი მიეტოვებინა. თუმცა სწორედ ამ პროცესში კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახა, რა უნდოდა რეალურად.
დღეს ალექსანდრა და მისი გუნდი ერთ მთავარ მიზანზე საუბრობენ — საქართველოში დაბრუნებაზე. სკანდინავიაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ცოდნამ აჩვენა, რომ მათი შესაძლებლობები ერთ ქვეყანას არ ეჯაჭვება. დაბრუნების მიზეზები კი მკაფიოა: სამშობლოს სიყვარული, ოჯახის მონატრება და სურვილი, რომ მიღებული გამოცდილება ქვეყანას მოახმარონ.


გეგმებში შედის TERA-ს სისტემური გაძლიერება და გაფართოება, ასევე მომხმარებლებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტის დანერგვა სივრცის ორგანიზებისა და ავეჯის დაგეგმვის მიმართულებით. ეს არის დაბრუნება პასუხისმგებლობითა და კონკრეტული ხედვით.
ემიგრანტ ქალებს კი ალექსანდრა ასეთ გზავნილს უტოვებს:
ემიგრაცია ნუ გახდება სამუდამო მდგომარეობა; ბნელ ღამეებს ყოველთვის მოსდევს მზე; გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ჩვენ ხშირად ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე საკუთარ თავს ვამჩნევთ.
მისი ისტორია ამის დასტურია — თუ მან შეძლო საკუთარი გზის პოვნა, შეუძლიათ სხვებსაც. მთავარი არის საკუთარი თავის რწმენა, გაბედვა, ყოველდღიური მცირე ნაბიჯები და იმის გააზრება, რომ ამ გზაზე არავინ არის მარტო.
დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ:
ტურების დასაჯავშნად WhatsApp: +39 349 180 5032
ავიაბილეთების ჯავშანი WhatsApp: +39 377 373 0045










