BREAKING

ხუთშაბათი

იტალია: „ჩემოდანი გავამზადებული მქონდა და უკვე დილის 7 საათზე ქუჩაში ვიდექი“ – ემიგრანტის წერილი

საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV-ს რუბრიკაში „ხუთშაბათი“, ემიგრანტი თეონა ჭანტურია საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს – ემიგრანტი, რომელიც იტალიაში სამსახურს ეძებს, ათას გასაუბრებაზე დადის და ცდილობს დამკვიდრებას. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა განსაკუთრებულად ემახსოვრება: ბრმა ქალბატონთან მხოლოდ სამი დღე გაჩერდა, მაგრამ ამ პერიოდში ნანახმა და განცდილმა მთელი ცხოვრების გაკვეთილი მისცა.

რა ხდება, როცა ადამიანის ღირებულებას მხოლოდ ბრენდული სამოსი და ოჯახური წარმოშობა განსაზღვრავს? რა უფრო მნიშვნელოვანია – ხედვა თუ აღქმა? ეს წერილი სწორედ იმ საზოგადოებას შეეხება, რომელიც ხშირად თვალებით ხედავს, მაგრამ გულით ბრმა რჩება. (რედაქტორი: ხათუნა შარაძე)

„მეგობრები მეხუმრებიან: სააკაშვილივით დაფრინავ საქართველო-იტალიას შორისო, სინამდვილეში ხშირი ფრენის გამო კიარ მეუბნებიან ამას, არამედ ყოველ შვებულებაზე უკვე იტალიის ემიგრაციის 70 პროცენტი საქართველოშია ერთი თვის ვადით. მე მჭირს მძიმე სენი, მივდივარ და ვრჩები წლამდე, მგონი იმ იმედით რომ შევძლებ თავიდან დამკვიდრებას ჩემს ქვეყანაში, თუმცა ამაოდ. მერე უკან დაბრუნებული იტალიაში, ვეძებ ახალ სამსახურებს. მეხმარება ყველა ვინაც მიცნობს თუ არ მიცნობს, დავრბივარ ათიათას გასაუბრებაზე, შევდივარ და თვე ან კვირა ვჩერდები და გამოვდივარ. ბოლო შემთხვევქში სულ სამი დღე დავრჩი ბრმა ქალბატონთან, რომელიც იყო მადამ დი პამპადური, „პრინჩიპესა“, „რეჯინა“ თუ ეკატერინე დედოფალი. ერთი რამ კი ცხადია – მსგავსი ამპარტავნება არსად მენახა და გამეგონა. მესამე დილა როცა გათენდა დამიძახა, ყელმოღერებული იჯდა ზალის დიდ დივანზე, მგონი ჩვენ ერთმანეთის ენა არ გვესმისო, უნდა დაგემშვიდობოო და დასრულებული არ ჰქონდა წინადადება ჩემოდანი გავამზადებული მქონდა და უკვე დილის 7 საათზე ქუჩაში ვიდექი თან ძალიან ბედნიერი რომ “ჯოჯოხეთა” ქალი მივატოვე, თან მტირალი რომ უმუშევარი უსახლკარო და უფულო ქუჩაში დავრჩი …

იცით რა იყო ამ ბრმა ქალბატონის ჩემდამი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი?

როგორც ჩემგან გაიგო, უბრალო ოჯახში გავიზარდე სოფელში, მამა მძღოლად მუშაობდა საკუთარ მანქანაზე, დედა დიასახლისი. ინტერესი იმისა თუ რა ბრენდებს ვატარებდი მძაფრი იყო, თუმცა აქაც ვერ გავუმართლე იმედი ბრმა ქალბატონს, მე უბრალო არაბრენდული სამოსი მეცვა საკმაოდ ლამაზად და სიმპათიურად, თუმცა არა ბრენდები, არც უწიგნური ვარ თუმცა უბრალო მშობლების შვილი, სოფელში გაზრდილი. უსინათლო ქალის შეფასების კრიტერიუმი იყო ბრენდირებული სამოსის ტარება და განათლებული და მდიდარი ოჯახის შვილობა, დედაქალაქის ცენტრში ცხოვრება.

ეხლა იტყვით ნეტა ერთი უსინათლო რას დაინახავდა, გეთქვა, მოგეტყუებია ყველაფერიო, – არა ბატონებო, კერძოდ საზოგადოება სადაც მსგავსი „ლეველით“ ადამიანებს აფასებენ იქ თვალსაწიერი და შეგნება ნულია და ჩემს თვალში ყველა იმ უსინათლოსავით შესაბრალისია. მე წამოვედი და ისეთი კარი შევაღე სადაც მხოლოდ სიყვარულია, სადაც ისეთი ადამიანები დამხვდნენ, ჩემი გვარიშვილობა და სამოსი კიარა ადამიანობა და გული შეიყვარეს, აქეთ ჩამაცვეს და მომცეს უდიდესი თავისუფლება თვითდამკვიდრებისა და რეალიზების.

პ.ს. მხედველობით ბრმისა არა მიკვირს არაფერი უკვე, ჩემს ირგვლივ იმდენი თვალხილული ბრმაა“.

თეონა ჭანტურია/იტალია/ბარი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts