ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა!
პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით საბა ადამიამ და თორნიკე ლომთაძემ (102 კგ.) იასპარეზეს.
თორნიკე ლომთაძემ ატაცში 145 / 148 კგ. დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში 184 / 191 / 192 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. ლომთაძემ იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 340 კილოგრამითაც.
საბა ადამიამ კი თავი 140 / 145 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 165 კილოგრამით მე-8 პოზიციაზეა, იგივე შედეგი აქვს ორჭიდში მოგროვილი 310 კილოგრამითაც.